გიორგი ლორია მოედანს "ზესტაფონთან" დაუბრუნდება?

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები ბელორუსთან და ესპანეთთან გიორგი ლორიამ ისეთ დონეზე ჩაატარა, რომ გულშემატკივრის უპირობო ფავორიტი გახდა.

მაგრამ თბილისის "დინამოს" მეკარე 11 სექტემბერს ესპანეთის ნაკრებების შეხვედრის 65-ე წუთზე ზურაბ ხიზანიშვილთან უნებლიე შეჯახების შემდეგ დაშავდა. მას შემდეგ ყველას აინტერესებდა, როდის დაუბრუნდებოდა 26 წლის მეკარე მოედანს.

პირველადი გამოკვლევებით, გიორგის მარცხენა მუხლი ჰქონდა დაშავებული, მაგრამ "ფურია როხასთან" მიღებული ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. გიორგიმ მხოლოდ ერთი თვე დაისვენა, სარეაბილიტაციო ეტაპი დაასრულა, ფეხი აღარ სტკივა და უკვე ერთი კვირაა, თბილისის "დინამოსთან" ერთად სრული დატვირთვით
ვარჯიშობს.

თუმცა, გართულების თავიდან ასაცილებლად, ლორია საგანგებო დამცველით (ე.წ. ფიქსატორი) ვარჯიშობს.

როგორც შევიტყვეთ, გამორიცხული არ არის, რომ "დინამოს" მეკარე მოედანს 27 ოქტომბერს დაუბრუნდეს, როდესაც თბილისური კლუბი "დინამო-არენაზე" საქართველოს ჩემპიონს, "ზესტაფონს" დაუპირისპირდება.

ჯერჯერობით მკურნალობს ნახევარმცველი კარლეს კოტო. "დინამოს" კატალონიელი ლეგიონერი 15 სექტემბერს გორში "დილასთან" დაშავდა და ტრავმა დღემდე ვერ მოირჩინა - მას მუხლის ხრტილი დაუზიანდა, რაც სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს და სავარაუდოდ, მოედანს ერთ თვეში დაუბრუნდება.

თუმცა დინამოელთა ლაზარეთი ნელ-ნელა იცლება: სრულად მომჯობინდნენ, გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და უკვე ითამაშეს ბრაზილიელმა და ესპანელმა ლეგიონერებმა, რობერტინიომ და ჩისკომ.

სავარაუდოდ, მოედანს მალე დაუბრუნდება ლევან კაკუბავაც, რომელსაც ძველი ტრავმა გაუმიზეზდა, მაგრამ საშიში არაფერია.

გამოჯანმრთელდა ახალგაზრდა მცველი დათა ხოჭოლავაც. მუხლის ოპერაციის შემდეგ მან რეაბილიტაცია დაასრულა და უკვე მეორე თვეა, თავს კარგად გრძნობს, ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორმით დანიის წინააღმდეგ უკვე ვიხილეთ კიდეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თავში რომ არ აგივადეს შაბათს ცოტა დაგაწყნარებენ ჩვენი ბიჭები....
janorhus
21:50 24-10-2012
0

სიახლეები პოპულარული