25 ოქტომბერს "დინამო" რუსებს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
უკრაინის დედაქალაქ კიევში, ვიქტორ ბანიკოვის სახელობის თასის გათამაშებას 2005 წელს ჩაეყარა საფუძველი და კიევის "დინამოს" დაარსების 85 წლისთავს მიეძღვნა. წლეულს ბავშვთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი მეთხუთმეტედ ტარდება.

კიევის, მოსკოვისა და მინსკის "დინამოების" საფეხბურთო აკადემიების გუნდებთან ერთად, ამჯერად ტურნირზე თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაც მიიწვიეს.

გათამაშება ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს, საქართველოს ღირსებას კი 1999 წელს დაბადებული დინამოელები იცავენ, რომელთაც ოთარ გაგნიძე ავარჯიშებს.

"დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, ტურნირი 24 ოქტომბერს დაიწყო: თბილისელთა პირველი მეტოქე მასპინძლები, კიეველი თანაკლუბელები იყვნენ. მატჩის მიმდინარეობისას ქართველი ფეხბურთელები ორჯერ აგებდნენ, მაგრამ ჯიქიას
და თაგვაშვილის მიერ გატანილი გოლებით ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.
11-მეტრიანების სერიაში გამარჯვება ჩვენებს დარჩათ - 4:1.

კიეველ თანატოლებთან შეხვედრაში თბილისელებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს: გურგენიძე, კიკალიშვილი, ნინუა, ქაფიანიძე, ბადაშვილი, ქოჩორაშვილი, თაგვიაშვილი (უგრეხელიძე), ქუცია (სართანია), ვაშაკიძე (სამსონია), ჩაკვეტაძე, ჯიქია (თაგვაშვილი).

ფინალური შეხვედრა 25 ოქტომბერს გაიმართება და თბილისური გუნდი მეორე ნახევარფინალში მინსკის "დინამოს" მძლეველ მოსკოვის "დინამოს" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული