შეგახსენებთ, რომ ამჟამად კლუბი პირველი ლიგის "ა" ჯგუფში პირველ ადგილზეა და 1 ნოემბერს თბილისში ერთ-ერთ ლიდერ სტუ-ს ეთამაშება.
"ლელო" კომენტარისთვის "გურიას" საუკუნის ფეხბურთელსა და ლეგენდარულ კაპიტანს, ლანჩხუთის მაჟორიტარ თემურ ჩხაიძეს დაუკავშირდა:
- ბატონო თემურ, "გურიასთან" დაკავშირებით გვაინტერესებს თქვენი პოზიცია
- ამ ეტაპზე ვერაფერს მოვახერხებ. წესით და რიგით, კლუბს ბოლომდე იმან უნდა მიხედოს, ვინც აქამდე გვერდში ედგა და პატრონობდა და უნდა ითქვას, რომ კარგად პატრონობდა. შუა გზაზე მიტოვება გამართლებული არ იქნება.
- თქვენ, ალბათ, ექს-გამგებელ გიორგი გოგუაძეს გულისხმობთ... ის ხომ ამჟამად არ მუშაობს და სახლშია...
- დიახ, მაგრამ მას ხომ სახლიდან არ მოჰქონდა ფული? ბიუჯეტში როცა ჰქონდათ, წესით, წლის ბოლომდე უნდა იყოს გათვლილი...
- ვიცით, რომ მთლიანი სეზონის ხარჯები არ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში...
- ძალიან ცუდია, თუ ასე იყო... მაქსიმალურად უნდა ეცადონ, ეს გამოასწორონ და თუ ამ წრეს ჩაამთავრებინებენ გუნდს, ძალიან კარგ საქმეს გააკეთებენ. მერე კი ჩვენ აუცილებლად მივხედავთ. ამის თაობაზე მაქვს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა.
როცა დაველაპარაკები ამის თაობაზე ჩვენი კოალიციის ლიდერს, აი, შემდეგ ჩავერთვებით. მანამდე ვერაფერს შევძლებ.
მე რომ ფეხბურთელს დავპირდები, სახლიც რომ გავყიდო, დანაპირები უნდა შევასრულო. კარგად ვიცი ფეხბურთელის სიტუაცია, როცა მას უგვიანებენ ანაზღაურებას.
* * *
ჩვენი ინფორმაციით, ლანჩხუთის მიმდინარე წლის ბიუჯეტი დეფიციტურია და დღეის მდგომარეობით, ვერანაირად ვერ მოახერხებს არათუ კლუბის, არამედ სრულად მიმდინარე ხარჯების დაფარვას.
რა გამოსავალს იპოვიან კლუბისა და რაიონის ხელმძღვანელები, წინასწარ ამის თქმა ძნელია. მანამდე კი მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ გამოსავალი აუცილებლად და უმოკლეს დროშია მოსანახი, რათა წარმატებულად მოასპარეზე კლუბს პრობლემები არ შეექმნას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"