შეხვედრას "ბათუმისა" და "სიონის" წარმომადგენლების გარდა, ყველა კლუბი ესწრებოდა. შეხვედრაზე იმსჯელეს ეროვნული ჩემპიონატის განვლილი ტურების შესახებ. მთავარი თემა კი 4 ნოემბერს გამართული ქუთაისის "ტორპედოსა" და "დინამო" თბილისის შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტი იყო, როცა ადგილობრივებმა თბილისელთა ფანების კუთვნილი ავტობუსის მინები ჩაამსხვრიეს.
აღნიშნული ინციდენტის შესახებ ვრცლად ისაუბრა "დინამოს" მმართველმა დირექტორმა - ბუბა ტყავაძემ. მისი თქმით, კლუბი საგანგებო, ოფიციალური წერილით მიმართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას
სფფ-ის პრეზიდენტმა კლუბებს შესთავაზა, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით საბჭომ თავად შეიმუშავოს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც, ამა თუ იმ ქალაქსა თუ რეგიონში ჩასული სტუმარი გუნდი და მისი გულშემატკივრები თავს უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობენ.
დიდი ალბათობით, ეროვნული ჩემპიონატის რეგლამენტში შევა მცირე ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ინციდენტების შემთხვევაში, უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა მასპინძელ კლუბს დაეკისრება. ამასთან, მასპინძელი მხარე ვალდებული იქნება, უზრუნველყოს მსაჯებისა და სტუმარი გუნდის (აგრეთვე, გულშემატკივრების) გაცილება ქალაქის გასასვლელამდე.
უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენელთა მორიგი გეგმიური შეხვედრა ნოემბრის ბოლოს გაიმართება და სავარაუდოდ, აღნიშნული ცვლილება ამ დროისთვის რეგლამენტში უკვე შეტანილი იქნება.
gff.ge