ლექსო კვახაძე ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა? კლუბში არაფერს ამბობენ

AutoSharing Option
7 ნოემბერს გავრცელდა ხმები, რომ ქუთაისის "ტორპედო" ლექსო კვახაძემ დატოვა.

კლუბში ოფიციალურად არაფერს ამბობენ და არ აკონკრეტებენ, ეს ჭორია თუ სეზონის მსვლელობის დროს კლუბი ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ მართლაც დატოვა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად "ლელომ" თავად კვახაძესთან სცადა დაკავშირება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.

დავუკავშირდით "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს და კომენტარი რომ ვთხოვეთ, შემდეგი რამ გვიპასუხა:
"რა უნდა მომხდარიყო? ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. კვახაძემ ტრავმა მიიღო და დღეს ვერ ივარჯიშა. ხვალ და ზეგ ვნახავთ, რა იქნება".

სიტყვაც არ თქმულა, გაშვებულია თუ არა კვახაძე,
რომელიც "ტორპედოში" 2012 წლის იანვარში ჩაირიცხა და კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

მანამდე 28 წლის მცველმა კარიერა თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო, სადაც 2005-დან 2010 წლამდე ჩემპიონატის 128 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

ცენტრალურმა მცველმა რუსთავის "მეტალურგში" 2010-2012 წლებში 58 მატჩი გამართა (3 გოლი) და მისი ვიცე-კაპიტანი გახლდათ.

გარდა ამისა, ლექსოს ეროვნულ ნაკრებში 12-ჯერ აქვს ნათამაშები, სადებიუტო მატჩი კი 2007 წლის 12 სექტემბერს აზერბაიჯანის ნაკრებთან ჰქონდა, მაგრამ თემურ ქეცბაია აღარ იწვევდა.

2009 წელს სეზონის საფეხბურთო გალა-საღამო "დიაზე" საუკეთესო მცველის ნომინაციაში გაიმარჯვა.

აგვისტოში, როდესაც "ტორპედოში" გუნდის კაპიტნის არჩევნები ჩატარდა, კვახაძე "ტორპედოს" პირველ ვიცე-კაპიტნად აირჩიეს. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 ტურში გამოცდილმა ფეხბურთელმა 12 მატჩი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული