დომენტი სიჭინავა: მე კანონიერი პრეზიდენტი ვარ!

AutoSharing Option
8 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა. მთავარი საკითხი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი ლიგების და დუბლების პირველობის, ასევე, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულებაში ერთი პუნქტის ჩამატება იყო.

ამ ცვლილების შედეგად მასპინძელი კლუბი ვალდებულია, უზრუნველყოს მსაჯთა ბრიგადის, დელეგატის, მსაჯთა დამკვირვებლის და სტუმართა გუნდის უსაფრთხო გაცილება ქალაქიდან.

აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და კითხვებს უპასუხა.

- ამ აღმასკომზე ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დებულებაში მასპინძელი კლუბის ახალი მოვალეობების დაფიქსირება იყო.

ამ ბოლო დროს ეროვნულ
ჩემპიონატში მოხდა რამდენიმე უსიამოვნო ინციდენტი და ამიტომაც საჭიროდ მივიჩნიეთ დებულებაში ასეთი პუნქტის შეტანა. დაცული უნდა იყოს სტუმართა კლუბის ფან-კლუბიც და ყველა გულშემატკივარი.

- დეკემბერ-იანვარში, როცა სეზონში შესვენებაა, სხვადასხვა რეგიონში გაიმართება ხუთი ახალი თასის გათამაშება: სლავა მეტრეველის, ზაურ კალოევის, სერგო კოტრიკაძის, ვიტალი დარასელიას და რამაზ შენგელიას სახელობის. ტურნირები სხვადასხვა ასაკში ჩატარდება.

- ფეხბურთის ფედერაციას საპატიო პრეზიდენტი ეყოლება. კანდიდატურების შერჩევა უკვე დაწყებულია. საპატიო პრეზიდენტს ფეხბურთის ფედერაციაში ხელფასი არ ექნება. რა თქმა უნდა, ის ქართულ ფეხბურთში დამსახურებული ადამიანი იქნება, რომელიც ჩვენი ფედერაციის სახელით ფიფა-უეფაშიც იქნება მივლინებული.


* * *
აღმასკომის სხდომის მიმოხილვის შემდეგ კი სიჭინავამ იმაზეც ისაუბრა, რომ 7 ნოემბერს ფედერაციის გენმდივანთან ერთად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ლევან ყიფიანს შეხვდა.

- ახალმა მინისტრმა მითხრა, ჩაიხედე შენს სინდისში, ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებია დასანიშნიო. ჩავიხედე ჩემს სინდისში და იქ ვერაფერი ვიპოვე ისეთი... მე კანონიერად ვარ არჩეული ფედერაციის პრეზიდენტად.

2011 წლის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას არ ვაპირებდი, მხოლოდ რეგისტრაციის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გავაკეთე ეს. ამიტომაც, არა მგონია, რომ ეს პოლიტიკური არჩევნები იყო.


სიჭინავას ისიც ვკითხეთ, თუ სახელმწიფო აღარ გამოუყოფს მილიონობით დოტაციას ფეხბურთის ფედერაციას, მოახერხებს თუ არა კვლავ მაღალ დონეზე შეინახოს ფედერაციის ოფისი, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები.

- ვალი მხოლოდ 350 000 დაგვრჩა, რაც ავტომატურად დაიფარება ფედერაციის კონტრაქტით "ინფრონტთან". ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ არჩეული მიმართულებით მუშაობა.

კულუარული ინფორმაციით, ფედერაციის საქმიანობას ლუპით სწავლობენ, რათა რომელიმე ბერკეტი აამუშავ
ონ.

ფედერაციის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რა რეგრესზეა ლაპარაკი, როცა ორი ჩვენი ნაკრები ელიტრაუნდში გავიდა, ერთმა კი წელს ფინალურ ეტაპზე ითამაშაო.

ერთი სიტყვით, ფედერაციის ახლანდელი პრეზიდენტი არც გადადგომას აპირებს და არც რიგგარეშე არჩევნების გამართვას, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ამით არ დასრულდება ეს ყველაფერი...

* * *
დომენტი სიჭინავას ამ განცხადებებს მალევე გამოეხმაურა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი:

- მქონდა საუბარი სიჭინავასთან. ოლიმპიურმა კომიტეტმა დანიშნა არჩევნები სპორტული თვალსაზრისით და უპრიანი იქნება, რომ სპორტულმა ფედერაციებმა ასევე ოლიმპიური ციკლის ქვეშ დანიშნონ ასევე რიგგარეშე არჩევნები - ასეთი შეთავაზება იყო.

ყიფიანმა ისიც აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და რომ აქ ინტრიგას ვერ ხედავს. მინისტრმა იქვე განაცხადა, რომ მისი მიზანია სპორტის დეპოლიტიზაცია.

სიჭინავას და ყიფიანის განცხადებები პიარულ ბრძოლას ჰგავს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ფედერაციის სუბიექტები ირჩევენ, ანუ არჩევნებში გამარჯვებისთვის საფეხბურთო სამყაროს აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთლიანად საზოგადოების.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
უკანონო ხარო არ გეუბნებიან, საქმე არ გაგიკეთებია და წადიო.
0
ამათზე ნამუსზე აგდების ფაქტორი არ ჭრის,რადგან ნამუსის ნატამალი არ გააჩნიად.
sislei
09:46 10-11-2012
0

სიახლეები პოპულარული