შოთა არველაძე: თქვან დელეგატებმა, თუ სიჭინავასთვის ხმის მიცემა დაავალეს

AutoSharing Option
შოთა არველაძის გაწვრთნილი "ქასიმფაშა" თურქეთის სუპერლიგაში ამ დროისთვის მეხუთე ადგილზეა და ლიდერ "გალათასარაის" ხუთი ქულით ჩამორჩება.

ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ჩვენებურის გუნდს აქვს შანსი ოთხეულში მოხვდეს და ევროპალიგაზე თამაშის საგზური მოიპოვოს.

შოთა არველაძე ისეთი რესპონდენტია, ვისაც ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე აზრის დაფიქსირება შეუძლია, არ ერიდება არაფერზე ლაპარაკს, რაც ქართულ ფეხბურთთან არის დაკავშირებული.

შოთას თურქეთში რომ დავურეკეთ, იქაური ამბების გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის შესაძლო რიგგარეშე არჩევნებზეც ვკითხეთ.

მოკლედ, "ლელოს" კითხვებს ტყუპისცალი არველაძე პასუხობს....

- რამდენად კმაყოფილი ხარ საკუთარი გუნდის
თამაშით ბოლო შეხვედრებში? ბოლო ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგეთ...

- საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, რადგან გუნდი ორგანიზებულად გამოიყურება. შეტევაში უკეთესადაც შეგვიძლია ვითამაშოთ და ამას თუ მოვახერხებთ, შედეგიც უკეთესი გვექნება. არის იმის საფუძველი, რომ ამის იმედი მქონდეს.

- როგორ შეადარებდი "ქასიმფაშას" შენს ყოფილ გუნდ "ქაისერისფორთან", რომელსაც ახლა უკვე რობერტ პროსინეჩკი წვრთნის?
- დაახლოებით ერთნაირი ტიპის გუნდები არიან, უბრალოდ, "ქასიმფაშამ" სეზონი უკეთესად დაიწყო, რაც მოტივაციას მმატებს და შესაბამისად, ეს შედეგზეც აისახება. ორივე გუნდს საკმარისად ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომ თურქეთის ჩემპიონატში კარგი შედეგი აჩვენოს.

როგორც კლუბი, "ქაისერისფორი" უფრო კარგად არის მზად წარმატებებისთვის - ბაზა და სტადიონი მაღალ დონეზე აქვს მოწყობილი. "ქასიმფაშამ" კი ახლა დაიწყო ბაზის მშენებლობა, რასაც ალბათ ერთ წელიწადში დაასრულებს.

- თურქეთში ფეხბურთი თავისებურად, განსაკუთრებულად უყვართ - როგორ მიგიღეს "ქასიმფაშას" გულშემატკივრებმა?
- საკმაოდ თბილად მიმიღეს. რაც ყველაზე მთავარია, გულშემატკივრებისგან "ქასიმფაშას" დიდი მხარდაჭერა აქვს. მრავალრიცხოვანი ქომაგი არ გვყავს, რადგან სტამბულში სამი დიდი, ტრადიციული საფეხბურთო კლუბია და ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა მათი გულშემატკივარია, თუმცა მნიშვნელოვანი წარმატებების შემთხვევაში იმის იმედად ვიქნებით, რომ "ქასიმფაშას" ქომაგთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.

- ზურაბ ხიზანიშვილმა როგორ ითამაშა ბოლო შეხვედრები თურქეთის სუპერლიგაში? ალბათ, შეძლებისდაგვარად თვალს ადევნებ ყოფილი გუნდის და ხიზანიშვილის თამაშს... არის იმის შესაძლებლობა, რომ ხიზანიშვილი "ქაისერისფორიდან" "ქასიმფაშაში" გადმოიყვანო?
- თურქეთში ბოლო ორი თამაში ხიზანიშვილმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, მისი "ქასიმფაშაში" გადმოსვლაზე კი ლაპარაკი არ ყოფილა.

- სხვა თემაზე გადავერთოთ. საქართველოში რაც ხდება, ალბათ იცი - აქტუალური გახდა ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თემა - როგორ ფიქრობ, ასეთი არჩევნები უპრიანი იქნებოდა?
- რამდენადაც ვიცი, ოცდახუთმა დელეგატმა დაუჭირა მხარი ზვიად სიჭინავას კანდიდატურას და ერთმა თავი შეიკავა. ამ დელეგატებიდან ყველას, რა თქმა უნდა, არ ვიცნობ, მაგრამ იმის იმედი კი მაქვს, რომ ღირსეული ადამიანები არიან და საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღებაც შეუძლიათ.

ჰოდა, გამოვიდნენ და თქვან, რომ ეს გადაწყვეტილება მათი არჩევანი იყო ან ეს მათ ვინმემ დაავალა, დაშინებით მიაღებინა გადაწყვეტილება - ამის შემდეგ ხომ ყველაფერი ნათელი გახდება.

- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანისა და ზვიად სიჭინავას დაპირისპირების ამბავსაც გაიგებდი...
- ჩემი ინფორმაციით, ყიფიანისა და სიჭინავას შეხვედრამ საკმაოდ საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა, ყოფილა უხერხული თემები და კითხვები, თუმცა საბოლოო ჯამში მინისტრი და ფედერაციის პრეზიდენტი შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმებულან.

ამასთან დაკავშირებით ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ბატონ სიჭინავას მიერ ამ შეხვედრის დეტალების გახმაურება ზედმეტად მიმაჩნია.

- ქართულ ფეხბურთში აქტიურად დაბრუნებას როგორ აპირებ? გიფიქრია ამაზე?
- ქართულ ფეხბურთს არასდროს დავშორებულვარ. სანამ ფეხბურთელი ვიყავი, ნაკრებში ვთამაშობდი და შეძლებისდაგვარად ვაკეთებდი იმას, რაც შემეძლო. ფეხბურთელობის შემდეგ დავაფუძნეთ "ფონდი არველაძე", რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 200 000 ლარს ხარჯავს და რომელმაც არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს გაუკვალა გზა.

რაც მწვრთნელი გავხდი, ვცდილობ ქართველი ფეხბურთელების თურქეთში ჩამოყვანას. თუ საქართველოში მომიწევს დაბრუნება, მერე ვეცდები იმის გარკვევას, თუ როგორ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა.

- ამ ეტაპზე "ქასიმფაშაში" რომელიმე ქართველი ფეხბურთელის მიწვევაზე ხომ არ ფიქრობ?
- ვფიქრობ, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნუგზარ, ცირკის დირექტორია თუ ავტობაზის, ფედერაციის მილიონობით დაგროვილი ვალები თითქმის სულ გაისტუმრა ამ 3 წელიწადში. მე არ ვამბობ რომ იდეალური შედეგი აქვს თქო - მაგალითად, სპონსორების მოზიდვაში მოიკოჭლებს. თუმცა ეგ საქმე საქართველოში ისედაც ძალიან ძნელია. ამის გამო, ჩემი აზრით, არ ღირს რიგგარეშე არჩევნების მოწყობა.
Tornike
13:04 19-11-2012
0
Tornike

ვინ რა იცოდა ცირკის დირექტორის (ღმერთმა სიკეთე მისცეს ამ კაცს ყველა კარგ საქმეში) შესახებ ფედერაციის პრეზიდენტად რომ აირჩიეს. თუ ერთი ნახვით "შეუყვარდათ".
ნუგზარი
17:13 17-11-2012
0

სიახლეები პოპულარული