ვის და როგორ დარჩება "დინამო"? საქმის ახალი დეტალები

AutoSharing Option
საფეხბურთო მილეთს "ლელომ" აუწყა, რომ ქართული საკლუბო ფლაგმანისთვის დავა დაიწყებოდა. ასეც მოხდა, "დინამო თბილისს" თბილისის "დინამო" ედავება, წართმეული კლუბი იყიდე და ახლა სამართლიანობის აღდგენის დრო დადგაო.

ყოველივე ამასთან დაკავშირებით ჯერ თბილისის "დინამოს" ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ გაავრცელა განცხადება (იხილეთ ვრცლად), მერე კი "დინამო თბილისმა" (იხილეთ ვრცლად).

"ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა ლერი სულაბერიძეს, ვინც თბილისის "დინამოს" დირექტორატის წევრი გახლდათ და მცირე ხნით კლუბის პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა (იხილეთ ვრცლად).

ჩვენი სურვილი იყო, რომ "დინამო თბილისის" პრეზიდენტ რომან ფიფიასაც დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია "ლელოში", თუმცა
"დინამოს" ახლანდელი ხელმძღვანელი ჩვენთან ინტერვიუსგან ჯერაც თავს იკავებს.

რითი უნდა იყოს გამოწვეული ფიფიას დუმილი და ის, რომ მისი მომჩივანი მხარე ჯერ არ მიმართავს არც სპორტულ არბიტრაჟს და არც სამოქალაქო სასამართლოს?

კულუარული ინფორმაციით, მხარეები კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე სერიოზულად ფიქრობენ და შესაძლოა, სასამართლო და არბიტრაჟი საჭირო აღარ გახდეს.

და როგორი უნდა იყოს კომპრომისი?

ვარიანტი პირველი
თბილისის "დინამოს" მხარე ფიფიას გადაუხდის იმ თანხას, რაც ფიფიამ და მისმა პატრონებმა დახარჯეს "დინამოში" და კლუბიც ძველ მფლობელს დაუბრუნდება.

ამისთვის საჭირო იქნება რამდენიმე მილიონი დოლარი, მაგრამ საკითხავია, აქვთ კი ამის შესაძლებლობა "დინამოს" უწინდელი დირექტორატის წევრებს?!

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი კომპრომისის პირობებში თანხების მოძიებაზე იზრუნოს "დინამოს" ყოფილმა, ახლა კი არნემის "ვიტესის" პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ. მას ისედაც ბევრი საქმე აქვს "ვიტესში", ჟორდანია ამ კლუბისთვის მაისურის სპონსორს ეძებს და საკითხი ჯერაც ღიად რჩება.

ვარიანტი მეორე
ფიფია და მისი პარტნიორები ფორმალურად ან არაფორმალურად აღიარებენ, რომ წართმეული კლუბი იყიდეს და თბილისის "დინამოს" უწინდელი დამფუძნებლებიდან ოფიციალურად იყიდიან კლუბს.

ეს ვარიანტი უფრო რეალურად გამოიყურება. კულუარებში ამბობენ, ფიფიას სოლიდური პარტნიორები ჰყავს უკრაინაში და "დინამოს" ყოფილი დამფუძნებლებისთვის გარკვეული თანხის გადახდა დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდესო.

რა თქმა უნდა, ზედმეტი ფული არავის აქვს, მაგრამ პრობლემებს, დროის კარგვასა და სასამართლოებს ალბათ ეს სჯობია. დავიდარაბა მხოლოდ დააზარალებს "დინამოს", კომპრომისი კი ზოგადად და ამ კონკრეტულ შემთხევევაშიც გაცილებით გონივრულ გადაწყვეტილებად ჩანს.

"დინამოს" ყოფილი დამფუძნებლები და კლუბის ახლანდელი მფლობელი რომან ფიფია - ვისაც ძველი ამბების გამოჩხრეკა უყვარს, საინტერესოს აუცილებლად მოიძიებს, თუმცა საქმე იქითკენ მიდის, რომ ამ დავას საზოგადოებრივი აზრის შექმნა ნაკლებად დასჭირდება, რადგან კომპრომისი ჩინებული საშუალებაა.

* * *
თბილისის "დინამოს" დამფუძნებლებს კლუბი მაშინ გამოაცალეს, როცა პოლიციის შეფი თარგამაძე იყო. ფიფიამ "დინამო" მაშინ აიღო, როცა ქვეყანას "ნაციონალური მოძრაობა" მართავდა.

უნდა აღინიშნოს, რომ წინა ხელისუფლება "დინამოსთან" მიმართებაში საშუალედო ვარიანტს ეძებდა. როგორც კულუარულად შევიტყვეთ, წინა მთავრობას არ უნდოდა, რომ "დინამო" მთლიანად ისევ მერაბ ჟორდანიას სამეგობროს აეღო. ახალი სახის გამოჩენაც ძალიან იყვირებდა, ძალიან ადვილი იქნებოდა იმის გაშიფვრა, რომ "დინამოს" თემასაც ხელისუფლება განაგებდა.

ამიტომაც დედაქალაქის მერიამ "დინამოს" აღება ძმებ არველაძეებს შესთავაზა. წელიწადში ერთ მილიონს მერია დახარჯავდა კლუბისთვის, დანარჩენი კი "დინამოს" ახალ თანამფლობელს უნდა ეშოვნა. არველაძეებმა უარი თქვეს დინამოს" ასეთი ფორმით შეძენაზე წართმეულს ხელს არ მოვკიდებთო.

აი, ასეა საქმე. იმედია, კონფიდენციალურმა წყარომ ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდა და "დინამო" არანაირად არ დაზარალდება. კომპრომისის მიღწევასაც ცოდნა უნდა და ვნახოთ, რამდენად აქვთ ამის უნარი მოდავე მხარეებს.

დინამო თბილისი და თბილისის დინამო კომპრომისს უმიზნებენ? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვინ შეჭამა თბილისის "დინამო"? [სკანდალური დოკუმენტები]
კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს კომენტარების წაშლა რაღაა? არ გცხვენიათ :D მითუმეტეს შეურაცმყოფელი არაფერი მეწერა, იმას ვასაბუთებდი რისთვისაც ახლა ბოდიშებს იხდით.
levani
16:32 17-11-2012
0
ჟორდანიამ, დილას "მფლობელმა" ჩხეიძემ და სხვებმა რაც ანიავეს ქართული ფეხბურთი საკმარისია! დაიოკონ ახლა მადა ცოტა და აცადონ ხალხს საქმის კეთება! მოუნდათ აწყობილ საქმეებზე მოჯდომა! თავად როგორ ჩაიგდეს ხელში ეს კლუბები და როგორ გააპარტახეს ეგ თქვან ჯობია!!!...
leo-dzia
15:29 16-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული