სულაბერიძე "დინამოს" შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიც იყო იმ პერიოდში, როცა ამ ორგანიზაციას მერაბ ჟორდანია თავკაცობდა.
მაშ ასე, რას აპირებს კლუბის ყოფილი დირექტორატი და რა პოზიცია აქვს ჟორდანიას ერთ-ერთ მეგობარს "დინამო თბილისის" ამასწინდელი განცხადების თაობაზე...
- 1992 წლიდან "დინამოს" დირექტორატის წევრი გახლდით, შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო ბოლო ექვსი თვე, სანამ "დინამოს" წაგვართმევდნენ, კლუბის პრეზიდენტის
გავეცანი "დინამო თბილისის" განცხადებას და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი არასერიოზულია. ამ განცხადებით "დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია ფაქტობრივად იმას ამბობს, რომ "დინამო" კეთილსინდისიერად შეიძინა.
ვიცი, რომ მას ამ კლუბის შეძენაში ფული არ გადაუხდია და თავი რომ მოაქვს იმით, ამდენ ფულს ვხარჯავ "დინამოშიო", მაგაზე გეტყვით, რომ ის თავის ჯიბიდან არ ხარჯავს ფულს, კარგად ვიცი, საიდან და რის შედეგად ფინანსდება "დინამო თბილისი".
- იქნებ გვითხრათ, მაშინ რა წყაროდან ფინანსდება "დინამო თბილისი"?
- ამჯერად ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ფიფიას კი ამ პოზაში ყოფნას არ ვურჩევ. ფიფია არ მიმაჩნია "დინამოს" კეთილსინდისიერად შემძენად. როცა რაღაც ნივთს იღებს, მისი წარმომავლობა უნდა იკითხო.
ფიფიამ ძალიან კარგად იცოდა "დინამოს" წარმომავლობა, იცოდა, რომ წართმეულ, ნაქურდალ, ნაყაჩაღარ რაღაც იღებდა და ამის შემდეგ, როგორ უნდა იყოს ის "დინამოს" კეთილსინდისიერი შემძენი?! "დინამოს" გამო არაერთი ადამიანი გააუბედურეს, ციხეში ჩასვეს და ასეთ კლუბს რომ იღებ, ეს არის კეთილსინდისიერება?!
გამიკვირდა "დინამო თბილსის" წარომადგენლის ლაშა დვალიშვილის სატელევიზიო განცხადებაც. განა მან არ იცის, რა ხდებოდა "დინამოს" გარშემო?!
- რა იურიდიული პროცედურებით აპირებთ თქვენი ინტერესების დაცვას?
- როცა დინამო 2001 წელს წაგვართვეს, გუნდს სახელი შეუცვალეს და "დინამო თბილისი" დაარქვეს. ეს იმის აღიარება იყო, რომ ახალი წარმონაქმნი არ იყო "თბილისის დინამოს" სამართალმემკვიდრე, 1981 წლის თასების თასი და სხვა ტიტულები ამ ახალ კლუბს, "დინამო თბილისს" არ ეკუთვნოდა.
გარდა ამისა, რა გამოვიდა: 2000-01 წლების სეზონის პირველ ეტაპზე "თბილისის დინამომ" ითამაშა, ხოლო ,მეორე ეტაპზე სხვა გუნდმა, "დინამო თბილისმა".
- ანუ ჯერ სამოქალაქო სასამართოლში არ აპირებთ ამ საქმის წარმოებას და სპორტული მიმართულებით შეეცდებით თქვენი ინტერესების დაცვას?
- დიახ, სპორტული მხარე ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 1992 წლიდან 2001 წლამდე "დინამოს" დირექტორატის წევრებს ფული სახლიდან მიგვქონდა კლუბში.
- თქვენი ოპონენტები ამბობენ. რომ ჟორდანიასდროინდელ "დინამოში" ფეხბურთელების ტრანსფერებიდან შემოსული თანხებს კლუბის დირექტორატის წევრები ინაწილებდნენ...
- ტრანსფერებიდან შემოსული თანხები ვერ ფარავდნენ კლუბის ხარჯებს და იძულებული ვიყავით ჩვენი ფული დაგვეხარჯა. არსებობს ამის მთელი დოკუმენტაცია, თუ რა შემოსავლები გვქონდა და რა ხელფასებს ვუხდიდით ფეხბურთელებს.
"დინამოში" აფხაზეთიდან ლტოლვილი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ და თავიანთი ხელფასით რამდენიმე ოჯახს ინახავდნენ.
- როგორ ფიქრობთ, ამ დავაზე რა აზრი აქვს ჩვენს საფეხბურთო სამყაროს?
- ბატონ რომან ფიფიასგან მოვითხოვ, რომ ამ პოზაში ყოფნას თავი დაანებოს. ქართული საფეხბურთო სამყაროს ყველა წარმომადგენელს კი ვთხოვ, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს იმაზე, წართმეული იყო თუ არა "თბილისის დინამო".
- საქმის სპორტული მხარე ახსენეთ. ამის თაობაზე უკვე თუ გქონდათ კონსულტაციები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან?
- დიახ, ასეთი კონსულტაციები უკვე იყო. სამოქალაქო სასამართლოში ამ საქმის წარმოებას არ გავურბივართ, მაგრამ როცა ამდენი ფაქტორი არსებობს, ჯერ საფეხბურთო ოჯახმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
ამ ეტაპზე "დინამოს" სახელის დაბრუნებას ვითხოვთ. თუ კიდევ რამე გახდება საჭირო, მერე ამისდა მიხედვით ვიმოქმედებთ.
- "დინამო თბილისის" განცხადებაში ნათქვამია იმაზეც, რომ ცოტა ხნის წინ მერაბ ჟორდანია სტუმრობდა "დინამოს" ბაზას და რომან ფიფიასთან მაშინდელ შეხვედრაში ეს თემა არ წამოჭრილა...
- ეს დაახლოებით ორი თვის წინ იყო და მაშინ იმიტომ არ წამოჭრილა ეს თემა, რომ ზოგადად "დინამოსთვის" ზიანის მიყენება არ გვინდოდა, თუ რამე კარგი გაკეთდება "დინამოსთვის", ამას ჩვენ ყოველთვის მივესალმებით, მაგრამ "დინამო" ისე წაგვართვეს, რომ ადამიანების უბედურების ხარჯზე მოხდა და ამაზე ხელის მოთბობას არავის არ ვურჩევ.
რედაქციისგან: ამ თემასთან დაკავშირებით "ლელო" სიამოვნებით დაუთმობს ადგილს "დინამო თბილისის" პრეზიდენტს რომან ფიფიას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" განცხადება
მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით
მილეთი მერაბ ჟორდანიას მოლოდინში
მერაბ ჟორდანია თბილისში ჩამოდის, რათა შვიდწლიანი დუმილი დაარღვიოს
კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?
ევროკომისია, გაზპრომი, პუტინი.... რუსებმა ამ კომპოტში მერაბ ჟორდანიაც ახსენეს