"მალაგას" 16-წლამდელები საქართველოში გასამართ ტურნირზე ჩამოვლენ

AutoSharing Option
შარშან საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" სტადიონ "ბენდელაზე" (სამედიცინო უნივერსიტეტი) ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა - მთავარი პრიზისთვის 16 გუნდი იბრძოდა, მათ შორის, არნემის "ვიტესი".

"საბურთალომ" ტურნირი წლეულსაც დაგეგმა. წინასწარი მონახაზით, "ვიტესის" გარდა, ორგანიზატორებს საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მოწვევაც სურდათ, რადგან მის მწვრთნელს გუნდის მომზადების, სელექციისა და შეთამაშების საშუალება ჰქონდეს. შესარჩევ ციკლამდე ხომ ჩვენი ნაკრებები ტურნირებით განებივრებულები არ არიან.

"საბურთალოს" პრეზიდენტი, "იბერია ბიზნეს ჯგუფის" დამფუძნებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი ამბობს, რომ ჰოლანდიურ კლუბს წლეულსაც ელიან, რადგან მერაბ ჟორ
დანიას კლუბთან პარტნიორობა აკავშირებთ.

"საბურთალოს" პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე ესპანეთში იმყოფებოდნენ და "მალაგას" ხელმძღვანელობას შეხვდნენ. პარტნიორობის გარდა, სხვა საკითხებზეც დაილაპარაკეს და შევიტყვეთ, რომ ტურნირზე "მალაგას" 16-წლამდელთა გუნდის თამაშიც გადაწყდა.

"23 ნოემბერს "მალაგას" ხელმძღვანელობასთან ერთად, "საბურთალოს" მფლობელსა და გენერალური დირექტორს შევხვდი. მათ დაათვალიერეს "მალაგას" საფეხბურთო სკოლა, ჩვენი მუშაობის პრინციპებსა და მეთოდებს გაეცნენ.

ისინი სწორი მიმართულებით მუშაობენ და სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომ ჩვენ ორ კლუბს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ამას გარდა, "მალაგას" 16-წლამდელთა გუნდი, რომელსაც მე ვავარჯიშებ, დეკემბერში თბილისში ჩამოვა და საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს"
- გვითხრა ანდრეს კარასკომ.

შეგახსენებთ, რომ კარასკო თბილისის "დინამოს" აკადემიას ხელმძღვანელობდა, მაგრამ წლეულს ივლისში მუშაობა "მალაგას" აკადემიაში კოორდინატორად და 16-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად დაიწყო.

"ლელოსთან" კარასკომ არ დამალა, რომ შესაძლოა, "საბურთალოსთან" უფრო საქმიანი ურთიერთობაც დაამყაროს, თუ "საბურთალო" საინტერესო წინადადებით მომმართავს, საქართველოში სიამოვნებით დავბრუნდებიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული