სასიამოვნო იყო სტადიონზე მათ მიერ ორგანიზებული ფაერ-შოუს ხილვა, რაც მიძინებულ ეროვნულ ჩემპიონატს აცოცხლებს და ალამაზებს. მეტიც, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ არა ფანები, სტადიონი მიტოვებულ სასაფლაოს დაემსგავსებოდა.
მაგრამ ამ შოუს გამო "დინამოს" ფანებს ჯიბეები დაუცარიელდათ.
"გვიხარია, რომ ამ ქვეყანაში არის ხალხი, ვისაც არ უნდა, რომ საქართველოს ჩემპიონატი პანაშვიდს ჰგავდეს. მადლობა დავით მინაშვილს და ბეჭდური მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველთვის ხაზს
სულ ვცდილობთ, თამაშები გავალამაზოთ და სიახლეები დავნერგოთ, ხან რას ვიგონებთ და ხან რას. პიროტექნიკას თავი რომ დავანებოთ, ბუშტების, ჩეკის ქაღალდების, ლურჯ-თეთრი ფურცლების სროლა დავიწყეთ, დროშებსა და ბანერების გადმოფენაზე აღარაფერს ვამბობ. შარფების ნაწილი უკრაინაში გავაკეთეთ, ნაწილიც - რუსეთში.
მაგრამ გაუგებარია ფედერაციის პოზიცია: მესმის, რომ პიროტექნიკა ევროპაში აკრძალულია, მაგრამ ჯარიმების დიდი ნაწილი საერთაშორისო თამაშებზე მოდის, შიდა ჩემპიონატს ფედერაცია კურირებს და მისი პრეროგატივაა, ჯარიმას დაწერს თუ არა.
ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ამაზე თვალს ხუჭავენ, რადგან მატჩებს უეფას კომისარი არ ესწრება და მოწადინებულები არიან, რომ ჩემპიონატები ასე მაინც გაალამაზონ. მაგალითად, მსგავს საქციელს არ სჯიან ლიტვაში, ყაზახეთში. გერმანიასა და ბევრ ევროპულ ქვეყანაში პიროტექნიკის დაშვების საკითხი განიხილება.
სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ვარსკვლავები ჩამოვიყვანოთ. და თუ ვინმე ჩვენს ფეხბურთს ტრიბუნებიდან მაინც გააცოცხლებს, წამოწყებას ხელს თუ არ შეუწყობენ, ჩანასახშივე არ ჩაკლან. ჯერ ერთი, ამას უეფა ვერ გაიგებს და თუ ფანმოძრაობები ფაერ-შოუთი ტრიბუნაზე ქაოსის და არეულობის შეტანას არ ცდილობენ, რა არის ამაში ცუდი?
2 წლის წინ, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობამდე, განსაკუთრებული კონტროლი იყო უკრაინა-პოლონეთში, ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატის მომავალ მასპინძელ რუსეთში, მაგრამ ამ ქვეყნებშიც იშვიათად თუ ვინმეს სჯიდნენ და მაშინაც ყველა ცენტი გაწერილი იყო.
ჩვენ უკვე რამდენჯერმე დაგვაჯარიმეს, მაგრამ არსად დაწერილა, ეს ფული რას მოხმარდა. ჯარიმის ოდენობაც ქვეყნის ცხოვრების დონის ადეკვატური უნდა იყოს. ახლახან, "დილასთან" მატჩზე ამ შოუსთვის 1500 ლარის გადახდა დაგვაკისრეს. დაახლოებით იგივე ჯარიმა დაგვიწესეს შარშან "ტორპედოსთან" შეხვედრის შემდეგაც.
"გლადიატორებს" მატჩის გალამაზების მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ამ თამაშისთვის საგანგებოდ თურქეთში შევიძინეთ პიროტექნიკა. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან მივიღეთ გამოხმაურება, რომ "დილასთან" ულამაზესი შოუ დავდგით, სარბენ ბილიკზე კი არც ერთი ფაერი არ გადავარდნილა. თავად ფედერაციის მოღვაწეობამ მოიყვანოს ხალხი ტრიბუნაზე და მერე ებრძოლოს ფაერ-შოუს.
თუ ჯარიმის დაწერა უნდათ, სიმბოლური თანხა გამოიტანონ. მაგრამ აქ სხვა რამეზეა საუბარი - ფედერაცია ასეთ პოზიციაში არ უნდა იყოს. იმ "ხლაპუშკებზეც" გვაჯარიმებენ, რაც არც ერთ ქვეყანაში აკრძალული არ არის, რადგან მაღაზიებში ოფიციალურად იყიდება. ჩვენ თვითნაკეთი ფეთქებადი ნივთიერებები არ გამოგვიყენებია.
მაგრამ "დინამოს" თამაშების გასალამაზებლად მომავალშიც იგივეს ვაპირებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ფედერაციის ჯარიმები ხელს ვერ შეგვიშლის", - გვითხრა "გლადიატორების" ლიდერმა როლანდ გაფრინდაშვილმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სხვათა შორის ეს ხალხი ქართულ ფეხბურთს აცოცხლებენ და შეეშვან რა.ჯერ მართლა თვითონ მოიზიდონ ხალხი სტადიონზე და მერე ებრძოლონ.თუმცა ნამდვილ ფანებთან ბრძოლა არ გამოუვათ...