გვინდა მეტი შემოსავალი
ოქტომბრის დასაწყისში უეფაში რამდენიმე ბალკანური ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატების გაერთიანების საკითხი განიხილეს.
სერბეთის, ხორვატიის, ჩერნოგორიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, სლოვენიის, მაკედონიის გარდა, მასში უნგრეთისა და ბულგარეთის კლუბების მიერთებაზეც იმსჯელეს. თავად ტურნირი კი, შესაძლოა, 2015 წელს დაიწყოს.
ბალკანური ლიგის შექმნას მხარი დაუჭირა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ.
აღსანიშნავია, რომ კალათბურთში უკვე კარგა ხანია ფუნქციონირებს ადრიატიკის ლიგა, სადაც ბალკანური კლუბები თამაშობენ.
რეგიონული ტურნირების
ლიტვური, ლატვიური და ესტონური კლუბები ბალტიისპირეთის ლიგის გათამაშებაში მონაწილეობდნენ; დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის კლუბები - სამეფო ლიგაზე და ორივე ტურნირი უეფას ეგიდით ტარდებოდა, მაგრამ მაყურებელი მათაც ვერ მიიზიდეს, ხარჯები ეძვირათ და წამოწყებაც მიატოვეს.
გვინდა ძველი გავლენა
ცნობილია, რომ მოსკოვიდან ახალი პროექტი გაჟღერდა, რომელიც ზემოთ დასახელებული ვარიანტებისგან პოლიტიკური დატვირთვით გამოირჩევა. რუსებს კვლავ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის აღდგენა სურთ, სადაც თავად იქნებიან დომინანტები და არა - ერთ-ერთი პარტნიორები.
იდეა კომპანია "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა გააჟღერა. მისი თქმით, ყოფილი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები ერთიან საფეხბურთო სამყაროში უნდა გაერთიანდნენ და საერთო ჩემპიონატი დააფუძნონ, მისი საფუძველი კი რუსულმა და უკრაინულმა კლუბებმა უნდა შექმნან.
"გაზპრომის" თავკაცი რომ რუსეთის პოლიტიკური თამაშის აქტიური მონაწილეა, ხოლო ამ პროექტის განხორციელებით კრემლია დაინტერესებული, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი ივანოვის ღია მხარდაჭერამ დაადასტურა. ის ტურნირში 3-დან 5-მდე პოსტსაბჭოური ქვეყნის მონაწილეობას ვარაუდობს.
და კიდევ - მილერის ინიციატივა პირველად რუსეთის პრემიერლიგის იმ გუნდებმა აიტაცეს, რომლებსაც "გაზპრომი" ("ზენიტი", მოსკოვის ცსკა) და კრემლთან დაახლოებული ადამიანები (მახაჩყალის "ანჟის" მეპატრონე რუსული ბიზნეს-ელიტის წარმომადგენელი სულეიმან კერიმოვია) აფინანსებენ.
ლაპარაკი, ლიგის კომერციულ ტურნირად განხილვის შესახებ, ძნელად სარწმუნოა ივანოვის სიტყვების შემდეგ, რომ პროექტი რუსული კლუბების მეპატრონეებთან ერთად, ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ განიხილა.
ცხადია, ასეთ ინიციატივებს პოლიტიკასთან შეხება ექნება. მაგალითად, ბალკანეთის ლიგა ამ რეგიონში მდგომარეობის გამოსწორებასა და მშვიდობას ემსახურება, მაგრამ იქ ინიციატორები იყვნენ არა პოლიტიკოსები, არამედ - შემოსავლებს მოწყურებული კლუბები და საფეხბურთო წრეები.
პოსტსაბჭოელთა არაერთგვაროვანი პოზიცია
ერთიანი ჩემპიონატის იდეას ფრთხილად ეკიდებიან უკრაინაში, მაგრამ ივანოვი ამტკიცებს, რომ გაერთიანებულ ჩემპიონატში მონაწილეობა ამ ქვეყნის წამყვან კლუბებს სურთ - კიევის "დინამოს", დონეცკის "შახტარს", დნეპროპეტროვსკის "დნიპროსა" და ხარკოვის "მეტალისტს".
"გაზპრომის" ხელმძღვანელის წინადადებას დადებითად აფასებს ბელორუსის ჩემპიონის, ბორისოვოს "ბატეს" ხელმძღვანელობა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია. ეს უკანასკნელი ადრე ამ იდეის ინიციატორად თავად გამოვიდა, მაგრამ სომხების წინადადება სერიოზულად არავის განუხილავს.
განსხვავებული პოზიცია აქვს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციას, რომლის პრეზიდენტი რუსებთან საერთო ტურნირს რუსეთში მსაჯობის საკითხის მოუგვარებლობის გამო მიუღებლად მიიჩნევს. მან ფინანსური არგუმენტებიც დაასახელა, რუსეთში ტრანსპორტირება და ხანგრძლივი მოგზაურობა ჩვენს კლუბებს მძიმე ტვირთად დააწვებათო.
სკეპტიკურად აფასებს ინიციატივას მიშელ პლატინიც. ცხადია, გავლენიანი რუსი პერსონებისგან წახალისებულ იდეას უხეშად ხელი არ ჰკრა, თუმცა მიანიშნა, სირთულეს ევროთასებზე მონაწილეობის კვოტების თემა წარმოქმნის და პროექტი ნოსტალგიიდან წარმოიქმნაო. ევროპა კი რუსების ნოსტალგიურ განწყობებს ვერ წაახალისებს.
რამდენჯერმე საქართველოც ახსენეს, მაგრამ ცნობილი კომენტატორი ვასილი უტკინი და მოსკოვის "ლოკომოტივის" პრეზიდენტი ოლგა სმოროდსკაია იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან: წმინდა სპორტული მოტივებიდან გამომდინარე, მათ ღარიბ პოსტსაბჭოელებთან თამაშების პერსპექტივა არ ხიბლავთ.
ჩვენ და დსთ
მსგავსი იდეები საქართველოშიც პოპულარობით სარგებლობდა. ადრე, საბჭოური "ძმობისა" და მეგობრობის ინერციით, პოსტსაბჭოური ჩემპიონატების იდეა განიხილებოდა.
ცნობილმა კომენტატორმა ნუგზარ ჯუღელმა "კავკასიის თასის" ჩატარებაზე ილაპარაკა და რაც უნდა მოულოდნელი იყოს, მონაწილეობის სურვილი აზერბაიჯანის და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციების თავკაცებმა დაადასტურეს - იმ შემთხვევაში, თუ ტურნირს თბილისი უმასპინძლებდა.
თუმცა ასეთ შემთხვევაში საქართველოს დედაქალაქს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები უნდა მიეღო.
მოკლედ, საკმაოდ ბევრი რისკფაქტორი არსებობდა და წამოწყება სერიოზულად არც განხილულა - საომარ მდგომარეობაში მყოფი აზერბაიჯანული და სომხური კლუბებისა და მათი გულშემატკივრების მასპინძლობა არარეალური გახლდათ.
2008 წელს ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციები "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებელმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ამჟამინდელმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა "აბრეშუმის გზის თასის" გათამაშებაზე დაითანხმა. ოპოზიციაში მყოფ ყიფიანს ხშირად ეუბნებოდნენ, პროექტები წარმოადგინეთ და სიამოვნებით ვითანამშრომლოთო.
ეს იყო კონკრეტული და საკმაოდ საინტერესო ჩანაფიქრი, მაგრამ აქედანაც არაფერი გამოვიდა.
2008 წელს პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი დიმიტრი რამიშვილი საინტერესო იდეის თანაავტორი გახდა: ათენში შავი ზღვის აუზის ქვეყნების პროფესიული ფეხბურთის ლიგების თავკაცების შეხვედრაზე საერთო ჩემპიონატის დამფუძნებელი კონგრესიც გაიმართა, მაგრამ მისი განხორციელებაც შეუძლებელი გამოდგა - ქვეყნებმა კალენდარი ვერაფრით შეაჯერეს.
ალექსეი მილერის ინიციატივაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან გვსურდა საუბარი, მაგრამ სფფ-ის პრესსამსახურის თანამშრომელმა ოთარ გიორგაძემ გვიპასუხა:
"დიდი ხანია, რაც ამაზე ლაპარაკი მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენთვის ამ საკითხზე ოფიციალურად არავის მოუმართავს და ამდენად, კომენტარის გაკეთება გაუმართლებლად მიგვაჩნია".
* * *
"გაზპრომის" იდეა მისაღებიც რომ იყოს, ამ ეტაპზე გაერთიანებულ ლიგაში ქართული კლუბების მონაწილეობა არარეალურია. თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთთან სავიზო პრობლემები არსებობს.
არადა, სადავო არ არის, რეგიონული ტურნირები საქართველოს, ჩვენს ფეხბურთს ჰაერივით სჭირდება, ქართულმა კლუბებმა სტადიონები რომ შეავსონ, სატელევიზიო უფლებები გაყიდონ და გასავლების გარდა, ბიუჯეტში შემოსავლების გრაფაც შეავსონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უეფა დსთ-ის ჩემპიონატის შექმნის იდეის განსახილველად მზადაა
სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია დსთ-ის ერთიანი ჩემპიონატის შექმნას მიესალმება
სად დაინახე სურვილი, რომ აქ გაზპრომის და მოსკოვის იდეა გამართლებულია?
უცნაური ხალხი ხართ...