გულშემატკივართან მეკავშირეების პირველი შეხვედრა "მიხეილ მესხზე"

AutoSharing Option
"მიხეილ მესხის" სტადიონზე სტარტი აიღო სფფ-ის პროექტმა გულშემატკივართა მეკავშირეებთან დაკავშირებით.

აღნიშნული პროექტი, რომელსაც სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების განყოფილება უძღვება, მიზნად ისახავს საფეხბურთო კლუბებში გულშემატკივართან მეკავშირის ფუნქციის დანერგვას და შემდგომ განვითარებას.

როგორც ცნობილია, მოწინავე ევროპულ ქვეყნებში ძალებს იკრებს გულშემატკივართა ჩართულობა კლუბის მართვასა თუ სხვა სახის საორგანიზაციო საკითხებში, რაც უეფას ერთ-ერთ მთავარ ფასეულობას წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, პროფესიული ფეხბურთი გულშემატკივრების გარეშე წარმოუდგენელია.

ლიცენზირების მოთხოვნებით (35-ე მუხლი), საფეხბურთო კლუბები ვალდებულნი არიან, დანიშნონ შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციის მქონე მეკავშირეები, რომლებიც შეასრულებენ კლუბსა და გულშემატკივრებს შორის დამაკავშირებელი
რგოლის ფუნქციას.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს გულშემატკივრების მოზიდვას სტადიონებზე, ორგანიზებულ კომუნიკაციას კლუბსა და გულშემატკივრებს შორის, ასევე, გააუმჯობესებს დიალოგს სხვადასხვა კლუბის ფანებს შორის, რაც შეამცირებს კონფლიქტებს საფეხბურთო სტადიონებზე.

სიმბოლურია, რომ "მე-12 მოთამაშეებთან" მეკავშირეების პირველი შეკრება 12.12.12-ში შედგა. შეხვედრა, რომელსაც 11 კლუბის წარმომადგენელი დაესწრო, ძირითადად, გაცნობით ხასიათს ატარებდა. თუმცა, იყო საქმიანი კამათიც და კრიტიკული მოსაზრებებიც. მოწინავე კლუბებმა მოკლედ ისაუბრეს ფანებთან მუშაობის საკუთარ გამოცდილებაზე.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებში ასევე შედიოდა: ლიცენზირების 35-ე მუხლის განხილვა, ევროპული პრაქტიკისა და ქართული რეალობის შედარებითი ანალიზი, დისკუსია და სამოქმედო გეგმების განსაზღვრა.

დღევანდელი მდგომარეობით, კლუბებში არასახარბიელო მდგომარეობაა. უმაღლესი ლიგის მხოლოდ 7 კლუბს ჰყავს რეგისტრირებული ფანების მცირე რაოდენობა (სულ 890-მდე). ეს ძალზე დაბალი მაჩვენებელია და თუნდაც ჩემპიონატის მატჩებზე დაბალი საშუალო დასწრების ფონზეც (900 კაცი მატჩზე) არსებობს რეგისტრირებულ გულშემატკივართა რაოდენობის რამდენჯერმე გაზრდის პოტენციალი. ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც სწორედ შემდეგი სეზონისთვის ამ ნიშნულის მაღლა აწევა იქნება.

მომავალი შეხვედრა დამდეგი წლის დასაწყისში, ჩემპიონატის განახლებამდე იგეგმება და კლუბების თხოვნით, იგი უფრო გაფართოებული სახის იქნება, რომელზეც მოწვეულნი იქნებიან სფფ-ის სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები.

ხოლო საფეხბურთო კლუბები წარმოადგენენ პრეზენტაციებს, გულშემატკივრებთან მიმართებაში საკუთარი კლუბების პოლიტიკის შესახებ.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია.
თუ მარტო პიარი არაა და გაგრძელდება კონკრეტულ შედეგებამდე.
dudu
23:05 13-12-2012
0

სიახლეები პოპულარული