შედეგად, მეორეხარისხოვანი მოთამაშეების ნაცვლად, "დილაში" რუსეთიდან, კვიპროსიდან, უნგრეთიდან, ხორვატიიდან, უზბეკეთიდან, ბელორუსიდან და ავსტრიიდან ამბიციური მოთამაშეები, საქართველოს, ხორვატიისა და რუსეთის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში ნათამაშები ფეხბურთელები დაიმატეს.
ჩვენს პირობებზე, ზღაპრული ხელფას-პრემიები დაუნიშნეს და მოხდა პრეცედენტი, რომ რეგიონის კლუბში თამაში სარფიანი გახდა.
წლეულს "დილა" საქართველოს
მაგრამ შსს-ს პატრონობის ქვეშ გადასვლის დღიდან ისმოდა ხმები, რომ ეს ერთჯერადი პროექტი იყო და სეზონის დასრულებამდე კლუბს სამინისტრო აღარ მიხედავდა.
ეს ხმები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" წევრებმა ირაკლი სესიაშვილმა და ლევან ყიფიანმა სამინისტროების მიერ სპორტული კლუბების დაფინანსების არამიზნობრიობაზე ილაპარაკეს.
ნოემბერში, მედიასთან შეხვედრისას ეს ღიადაც გაცხადდა: "დილას" მენეჯერმა გია ისიანმა და დირექტორმა ზურაბ დალაქიშვილმა თქვეს, რომ კლუბს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ აფინანსებს, პროექტი შეჩერებულია და სულ მალე გორის "დილას" ორი სოლიდური სპონსორი ეყოლება შვეიცარიიდან და ავსტრიიდანო.
მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ლაპარაკია. ფაქტი კი "დილას" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ფრიდონ კერვალიშვილმა გვითხრა: გორის "დილას" მენეჯერად გია ისიანის დანიშვნამ პირველი ხელშესახები შედეგი უკვე გამოიღო. ამიერიდან კლუბს შვეიცარიული სპორტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Gpard შემოსავს, რაც გია ისიანის ვიზიტის შედეგად გადაწყდა.
ახალი ტექნიკური სპონსორის პრეზენტაცია 14 დეკემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგება. შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენელი "დილას" იმ მაისურას წარადგენს, რომლითაც გუნდს ახალი სეზონიდან ვიხილავთ.
გარდა ამისა, სტუმარი სრულ სათამაშო კომპლექტს ერთ-ერთ ადგილობრივ ბავშვთა გუნდსაც გადასცემს.
ახალ ტექნიკურ სპონსორთან დაკავშირება ლიხტენშტეინური კომპანია Sports Factory-ს საშუალებით გახდა შესაძლებელი. მისი მეპატრონე ამ ქვეყნის ფეხბურთის ლეგენდა, 38 წლის მარიო ფრიკი გახლავთ. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, მას 1999-2000 წლებში "ციურიხში" მიხეილ ყაველაშვილთან და გოჩა ჯამარაულთან ერთადაც უთამაშია.
Sports Factory-მ საკუთარ თავზე აიღო ევროპაში გორის "დილასთვის" სპონსორების მოძიება და Gpard-თან მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა. შვეიცარიული კომპანია ქართულ კლუბს სპორტული ეკიპირებით 3 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.
კომპანიას სხვა ქართულ კლუბებთან თანამშრომლობის სურვილიც აქვს.
გარდა ამისა, მარიო ფრიკის კომპანია Sports Factory შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში "დილას" შეკრებების ორგანიზებაზე, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მრავალი სხვა მიმართულებით იმუშავებს.
დაბოლოს: გავრცელდა ხმები, თითქოს საშემოდგომო ეტაპის დასრულების შემდეგ რუსეთის ნაციონალური ლიგის გუნდ "ხიმკიში" გადადიან "დილას" მენეჯერი მამუკა ჯუღელი და იმ მოთამაშეთა ნაწილი, რომლებზეც წლებია, ის ზრუნავს.
თუმცა "დილაში" ამ ხმებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ჯუღელი გორული კლუბის მიტოვებას არ აპირებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"