"ლელოს" სტუმარი - ვაჟა აზარაშვილი: ფეხბურთი ჩემი ცხოვრების თანამგზავრია

AutoSharing Option
ნებისმიერ ქომაგს ჰკითხეთ, საქართველოში ფეხბურთის ჰიმნი რომელია-თქო და "დინამო-დინამოს" დაგისახელებენ.

ეს სიმღერა ოცდათექვსმეტი წელიწადია, გვესმის სტადიონებზე, რადიო-ტელევიზიაში და არ გვწყინდება. რადგან იგი სულის ამოძახილია.

თუმცა, ახალი თაობის წარმომადგენელთაგან ცოტამ თუ იცის, რომ ამ შესანიშნავი სიმღერის ავტორი გახლავთ ცნობილი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე ვაჟა აზარაშვილი - საქართველოს პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, რომელიც თერთმეტი წელიწადი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს ხელმძღვანელობდა.

ფეხბურთელთა თავყრილობაა და ვაჟა აზარაშვილიც იქ არის, მოჭიდავებს აქვთ ზეიმი და იშვიათად, რომ ბატონი ვაჟა არ დაესწროს, მობილიარდეთა კიის
ტრიალსაც სიამოვნებით ადევნებს თვალს... ყველგან სასურველი სტუმარია.

არც არის გასაკვირი, რადგან სხვადასხვა თაობის ათლეტთა შორის ჰყავს გულითადი მეგობრები და, რაც მთავარია, თავდავიწყებამდე უყვარს სპორტი. 14 დეკემბერს ბატონი ვაჟა ჩვენი სტუმარი გახლდათ.

- გაზეთ "ლელოსთან" ურთიერთობა გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების მიწურულიდან მაკავშირებს. - გვითხრა ბატონმა ვაჟამ. - სტუდენტობისას ჩემმა უფროსმა მეგობარმა ოთარ ფირცხალავამ ფიზკულტურელებზე ლექსი დაწერა, რომელზეც სიმღერა შევქმენი. შემდეგ "ლელოში" მივიტანეთ. მაშინდელმა რედაქტორმა ირაკლი უგულავამ ლექსი და მუსიკა მოიწონა და გაზეთში დაბეჭდა.

- ვიცით, რომ ფეხბურთი გიყვართ ძალიან...
- ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრია. ბავშვობისას მარჯანიშვილზე ვცხოვრობდი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფეხბურთელთა საკავშირო ჩემპიონატი რომ განახლდა, ბიჭები არც ერთ თამაშს არ ვაცდენდით "დინამოს" სტადიონზე.

კარგად მახსოვს ქართული ფეხბურთის ჯადოქრების - ბორის პაიჭაძის, გაიოზ ჯეჯელავას, ავთანდილ ღოღობერიძის, მიხეილ ბერძენიშვილის, ასლან ხარბედიას და სხვათა თამაში.

მახსოვს, "დინამოს" სტადიონზე ტოდოს გუნდმა საკავშირო ნაკრებს 1:0 მოუგო. იმ თამაშზე გავიპარეთ ბიჭები.
მეორე დღეს ვიოლინოს მასწავლებელმა ისეთი დღე მაყარა, კინაღამ მუსიკას ჩამოვშორდი.

ვიყავი და ვრჩები "დინამოს" ქომაგად. რამდენი სასახელო ბრძოლა გადაუხდიათ ჩვენს ბიჭებს. მართალია, საკავშირო სპორტკომიტეტი გასაქანს არ აძლევდა, მაგრამ 1946, 1947, 1950 წლებში დინამოელებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

1951 წელს გათამაშების ცხრილში ერთი საფეხურით აიწიეს, აი, 1953 წელს სულაც ოქროს მედლები უნდა მიეღოთ, მაგრამ მოსკოვში ძალით წაართვეს ჩვენებს ჩემპიონობა.

სამაგიეროდ, 1964 წელს ტაშკენტში კიდევ ერთი გადათამაშებისას ვერაფერი მოუხერხეს ქართველ ფეხბურთელებს. გახსოვთ, ალბათ, მესხისა და მეტრეველის თაობამ რა დღესასწაული გვაჩუქა. პირველად მაშინ გამოვიდა ხალხი ქუჩაში საზეიმოდ. 18 ოქტომბრის საღამოს თბილისის ყველა ეზოში პურმარილი იყო გაშლილი და თასებით ისმებოდა დინამოელთა სადღეგრძელო.

ჩვენმა ბიჭებმა მერეც არაერთხელ გვასახელეს. სამოცდაათიან წლებში დავით ყიფიანისა და მისი მეგობრების ერა დაიწყო, განსაკუთრებით 1976 წელი დამამახსოვრდა. მაშინ პირველად გაიმართა საბჭოთა კავშირის საგაზაფხულო და საშემოდგომო ჩემპიონატები.

ჩვენმა დინამოელებმა შესანიშნავი მწვრთნელის ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით ორჯერვე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, რაც მთავარია, საკავშირო თასის ფინალში ერევნის "არარატი" 3:0 დაამარცხეს და
პირველად დაეუფლნენ საპატიო პრიზს.

- და მაშინ, დაიწერა "დინამო-დინამო"...
- ჰო, იმ ფინალურ მატჩს მეზობელთან ვუყურებდი ტელევიზორში. მოგებამ ძლიერ გაგვახარა. გამარჯვება ქართული სუფრითაც აღვნიშნეთ, გვიანობამდე შევრჩით. ბავშვივით ვიყავი აღფრთოვანებული და რა დამაძინებდა.

ოჯახის წევრები და მეზობლები რომ არ გამეღვიძებინა, დილაუთენია სამზარეულოში შევედი, დიდხანს ვიფორიაქე და ბოლოს მელოდიად გადმოიღვარა ჩემი გულის ძახილი. მეორე დღესვე მორის ფოცხიშვილთან მივედი და მუსიკა მოვასმენინე.

მან შესანიშნავი ტექსტი დაწერა. ასე შეიქმნა "დინამო-დინამო", რომელიც ალექსანდრე ბასილაიას ხელმძღვანელობით "ივერიამ" მთელ ქვეყანას ამცნო. ბედნიერი ვარ, რომ ქართველმა ერმა შეიყვარა ეს სიმღერა და დღესაც სიამოვნებით უსმენს მას.

- ბატონო ვაჟა, 1981 წელს თქვენ დიუსელდორფში ახლდით თბილისის "დინამოს". იმ დაუვიწყარი მატჩიდან რას გაიხსენებთ?
- ამბობენ, 13 რიცხვი თარსიაო. არ დაიჯეროთ: 13 ივლისს მე დავიბადე. 2002 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეებმა რუსეთის ეროვნული გუნდი დაამარცხეს და მსოფლიო თასის გათამაშების ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამომ" დიუსელორფში იენის "კარლ ცაისს" სძლია 2:1 და ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. კახი ასათიანის წყალობით, მქონდა ბედნიერება, ამ ორთაბრძოლას დავსწრებოდი.

ვიტალი დარასელიამ გამარჯვების გოლი რომ გაიტანა, უბედნიერეს კაცად ვიგრძენი თავი; მოედანზე გადავედით და მინდორს ვკოცნიდით. ეს იყო არა პიროვნული სიხარული, არამედ დიდი ეროვნული სიამაყის შეგრძნება.

ქართველთა მცირერიცხოვანი დელეგაციის წევრებმა პურმარილი გავშალეთ და იქვე დავლოცეთ ჩვენი ბიჭები.

თამადად გურამ ფანჯიკიძე გვყავდა. მაშინდელი სიხარული და სიამაყე დღემდე მომყვება. ამიტომაც, ვფიქრობ, სპორტს მეტი მიხედვა და დახმარება სჭირდება, რომ ამგვარი წუთები ხშირად განვიცადოთ.

- "დინამო-დინამოს" გარდა, თქვენ სხვა სიმღერებიც გაქვთ დაწერილი ფეხბურთზე.
- დიახ, არის ასეთი ფილმი - "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს", რომელმაც, მგონი, იტალიაში "გრან-პრიც" მიიღო.

მახსოვს, მორის ფოცხიშვილთან ვიყავი სტუმრად. რეჟისორმა ალექსანდრე ჟღენტმა ამ ფილმის ფინალი მიამბო: გუნდის კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე შედის გასახდელში, სკამზე ჩამოჯდება და დაღლილ-დაქანცული ფიქრებს მიეცემა.

აი, კაპიტანზე გვსურსო რაღაც სიმღერა, მითხრა. მაშინვე როიალს მივუჯექი და ექსპრომტად შევასრულე მელოდია... სწორედ, ასეთი მუსიკა მინდოდაო, წამოიძახა გახარებულმა რეჟისორმა. მორისმა ლექსი გამოაცხო, თემურ წიკლაურმა კი გაახმოვანა "გიხაროდეს, კაპიტან!"

1982 წელს ქუთაისის "ტორპედოზე" დავწერე სიმღერა "წინ, ტორპედო", ვარლამ ნიკოლაძის ლექსზე, ლანჩხუთის "გურია" საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში რომ გადავიდა, მაშინ შეიქმნა "გურია, გურია" მორის ფოცხიშვილის ლექსზე, 90-იან წლებში ზესტაფონის "მარგვეთზეც" მაქვს შექმნილი სიმღერა, რომლის ტექსტიც ჯანსუღ ჩარკვიანს ეკუთვნის.

საერთოდ, კომპოზიტორებს განსაკუთრებით ფეხბურთი გვიზიდავს. მატვეი ბლანტერმა შესანიშნავი "მარში" დაწერა.

დიმიტრი შოსტაკოვიჩი, თურმე, ყველა საქმეს გადადებდა და ბორის პაიჭაძის თამაშის საყურებლად მიდიოდა. მეგობრობდა კიდეც "ფეხბურთის კარუზოსთან" და წერილებსაც სწერდა.

- ბატონო ვაჟა, სულ ფეხბურთზე ვსაუბრობთ, მე კი ხშირად მინახავხართ სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებთანაც.
- როგორც გითხარით, ფეხბურთი ჩემი ბავშვობის სიყვარულია, ამიტომ ტყავის ბურთის დიდოსტატებთან მეტი ახლობლობა და ურთიერთობა მაკავშირებს. რატომ ფეხბურთზე, რაგბიზეც მაქვს დაწერილი სიმღერა, თამაზ სანებლიძის ლექსზე. "ქართული ხმების" ახალგაზრდულმა კვარტეტმა შეასრულა. ამბობენ, კარგიაო და რა ვიცი...

ბევრი მეგობარი მყავს მოჭიდავეთა შორისაც - გურამ საღარაძე, ვახტანგ ბალავაძე, მძლეოსნები - რობერტ შავლაყაძე, მაია აზარაშვილი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებელი მყავდა - ვასო დეკანოზიშვილი, ცნობილი მობილიარდე.

სპორტის ეს სახეობა მაშინ აკრძალული იყო, როგორც ბურჟუაზიული გადმონაშთი. ახლა ბილიარდი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში, ბევრი კლუბი გაიხსნა, რაშიც უდიდესი წვლილი ჩემს მეგობრებს - დავით ალექსიძეს, გივი კობოსნიძეს და თამაზ შილაკაძეს მიუძღვით. თუ რამ ღონისძიება აქვთ, მეც მათ გვერდით ვარ.

- თქვენ ავტობიოგრაფიული წიგნიც გამოეცით...
- დიახ... "უკან მოხედვის არ მეშინია". ამ წიგნის იდეა ჟურნალისტ დემიკო ლოლაძეს ეკუთვნის. მასში მთელი ჩემი ცხოვრებაა თავმოყრილი.

- ბოლო დროს ქართველმა ათლეტებმა საერთაშორისო სარბიელზე არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს. ამ წარმატებათა აღსანიშნავად ვაჟა აზარაშვილი ახალ "სპორტულ ჰანგებს" ხომ არ გვპირდება?
- გეთანხმებით, ახალი სიმღერის შესაქმნელად აღფრთოვანებაა საჭირო. საამისო საბაბი და სტიმულიც გვაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, მარტო ეს არ კმარა. მე დავწერ, მაგრამ ფული თუ არ იქნა, იგი ქაღალდზე დარჩება. ხომ ხედავთ, დღეს, სამწუხაროდ, იაფფასიანი, კომპიუტერზე შექმნილი სიმღერები სჭარბობს, რადგან კრიტიკა არ არსებობს.

პროფესიონალი კომპოზიტორები ჩრდილში რჩებიან - დაფინანსება არა აქვთ, ახალი სიმღერები რომ ჩაწერონ. თქვენ ახსენეთ მელოდიები სპორტზე, მზად ვარ საამისოდ, თუ ვინმე შემიკვეთავს, რადგან მეცოდინება, ჩემი სიმღერა საწერ მაგიდაზე არ მოკვდება... რადგან "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული