ილია კოკაია: ზესტაფონში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი უნდა ჟღერდეს!

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრში კლუბის გულშემატკივრებს შეხვდა.

შეხვედრამ დაახლოებით საათნახევარს გასტანა და იქ არაერთ მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხზე ისაუბრეს.

კოკაიამ ქომაგებს მიმართა:

"მეორედ ვატარებთ მსგავს შეხვედრას და ძალიან მიხარია, რომ ჩემმა სტუმრობამ ახლაც დიდი ინტერესი გამოიწვია. მინდა, ჩემი ნააზრევი გაგიზიაროთ და კლუბის მომავალზე თქვენთან ერთად ვიმსჯელო.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ "ზესტაფონისთვის" გაწეული თანადგომისთვის. დღეს ჩვენს კლუბს საუკეთესო დროება არ უდგას, მაგრამ საშუალოთა შორის ყოფნას ვერასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ზესტაფონში ჩემპიონთა
ლიგის ჰიმნმა გაიჟღეროს".

რაც შეეხება მიმდინარე საკითხებს, "ზესტაფონის" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გუნდის დღევანდელი არასახარბიელო ასპარეზობა იმ შეცდომების ბრალია, რაც სელექციაში იქნა დაშვებული, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ მალე "ზესტაფონი" აღმავლობის გზას დაადგება.

"ზესტაფონის" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გუნდის შემადგენლობა აუცილებლად გაძლიერდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ დატოვებს "ზესტაფონს" და ვინ იქნებიან ახალწვეულები - ეს თემები სამწვრთნელო შტაბის პრეროგატივაა.

კოკაია ახალი მთავარი მწვრთნელის საკითხსაც შეეხო. როგორც იცით, კახა კაჭარავამ გუნდი დროებით, ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულებამდე ჩაიბარა და ჯერ ღიად არის საკითხი, განაგრძობს თუ არა იგი ამის შემდეგ ფეროელებთან მუშაობას.

"ზესტაფონის" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კლუბი ახალი მწვრთნელის მოსაძებნად აქტიურად მუშაობს და მოლაპარაკებას აწარმოებს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სპეციალისტებთან.

კოკაიამ "ზესტაფონის" ყოფილი დამრიგებელი გია გეგუჩაძე გაიხსენა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის დამსახურებებს კლუბის წინაშე. შეგახსენებთ, "ზესტაფონი", სწორედ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი.

"ზესტაფონის" პრეზიდენტი არ დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ იგი ხშირად ცვლის მწვრთნელებს.

"გეგუჩაძემ და ჭიაბრიშვილმა ჩვენთან საკმაო ხანს იმუშავეს. რაც შეეხება მუჯირი-ზამთარაძის დუეტს, ისინი ჩვენ არ გაგვითავისუფლებია, თვითონ წავიდნენ", - განაცხადა კოკაიამ.

მისი თქმით, კლუბის ყველაზე დიდი მინუსი ის არის, წლების განმავლობაში მთავარი გუნდისთვის ადგილობრივი კადრები საკმარისი რაოდენობით რომ ვერ მოამზადა. კოკაიამ "ზესტაფონის" პრიორიტეტად ადგილობრივი რესურსები დაასახელა და პირობა დადო, რომ ზესტაფონელი მწვრთნელებისა და ბავშვების სათანადო ზრდა-განვითარებისთვის კლუბი მაქსიმუმს გააკეთებს.

შეკითხვაზე, როდის ექნება "ზესტაფონს" განახლებული სტადიონი, კოკაიამ უპასუხა, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება, მაგრამ პრიორიტეტულ და უფრო სწრაფად გადასაჭრელ საკითხად საწვრთნელი ბაზის მშენებლობა დაასახელა. ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა - "ზესტაფონი" უკვე საკმაო ხანია, საკუთარ ბაზაზე ვარჯიშობს, რომელიც სრულყოფილ სახეს ახლო მომავალში მიიღებს.

"ზესტაფონის" გულშემატკივრებმა ილია კოკაიასთვის ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების იდეა წამოაყენეს, პასუხად კი კლუბის პრეზიდენტმა თეატრში შეკრებილ საზოგადოებას ასეთი სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.

"აქ ბევრ კრიტიკასა და მწარე სიტყვებს ველოდი, მაგრამ მხოლოდ დიდი სითბო დამხვდა, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.

თქვენი ნდობა ძალიან ბევრს მავალდებულებს და ამ ნდობის გასამართლებლად ყველაფერს გავაკეთებ",
- თქვა კოკაიამ.

პრეზიდენტი და გულშემატკივრები: დიდი ნდობა, გეგმები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კახა კაჭარავა: "ზესტაფონს" ჯერ საკუთარი თავის რწმენა უნდა დავუბრუნო
ზეს­ტა­ფო­ნი VS ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი - ზესტაფონური აურზაური გრძელდება
კოკაიას მუჯირი და ზამთარაძე ფიზკულტურის მასწავლებლები ეგონა?
სკანდალი "ზეს­ტა­ფონ­ში": გუნდს ზაზა ზამ­თა­რა­ძე და დავით მუ­ჯი­რი ტოვებენ?
დავით მუჯირი: მწვრთნელობა ფეხბურთელობაზე ბევრად რთულია
ზაზა ზამთარაძე: მე და დავით მუჯირი თანამოაზრეები ვართ
გიორგი ჭიაბრიშვილი: ალბათ, ეს იყო ჩემი შეცდომა "ზესტაფონში"...
ბუბა დაუშვილი: ილია კოკაია პრეზიდენტი კი არა, მონათმფლობელია!
ილია კოკაია: ლვოვის "კარპატიმ" ამ თაღლითურ სქემაზე პასუხი უნდა აგოს!
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბატონო ილია თქვენ მაშინ დაიწყეთ ქართულ ფეღბურთში ფულის ჩადება როცა ეს უცხო ხილი იყო ქართული საკლუბო ფეღბურთისთვის და ნამდვილად იმსახურებთ თქვენც და ზესტაფონიც გყავდეთ ძლიერი გუნი, ეს ზესტაფონსაც ჭირდება და ქართული ფეღბურთის განვითარებასაც... თქვენი იმედი გვაქვს და ღმერთმა გაძლიეროთ...
levani
02:36 19-12-2012
0
ადგილობრივი კადრებით გაძლიერება ყველაზე სწორ მიმართულებად მიმაჩნია.

წარმატებები "ზესტაფონს"!!!!
guja_kakhadze
18:47 18-12-2012
0

სიახლეები პოპულარული