კოკაიას მუჯირი და ზამთარაძე ფიზკულტურის მასწავლებლები ეგონა?

AutoSharing Option
"ზესტაფონის" ამბავი გეცოდინებათ - პირველი გუნდის უმეტეს ფეხბურთელებს კლუბმა ფინანსური სანქციები დაუწესა, რასაც ფეხბურთელების პროტესტი მოჰყვა.

8 დეკემბერს გასამართი ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრა "ჩიხურა"-"ზესტაფონი" გადაიდო. ამის გამო შეიცვალა ჩემპიონატის მომდევნო ორი ტურის კალენდარიც.

"ზესტაფონი" დატოვეს გუნდის მწვრთნელებმა - დავით მუჯირმა და ზაზა ზამთარაძემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარშიც განაცხადეს. არაოფიციალური ინფორმაციით, "ზესტაფონის" პირველ გუნდს მანამდე დუბლებში მომუშავე გიორგი მიქაძე გაწვრთნის.

მოკლედ, "ზესტაფონში" ჯერაც ვერ არის ბოლომდე გარკვეული სიტუაცია. კლუბი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა კი ერთ-ორ დღეში არ ჩნდება - ამას თავისი საფუძველი,
ღრმა მიზეზები აქვს.

გასულ უქმეებზე მუჯირი და ზამთარაძე ჟურნალისტებს შეგვხვდნენ. ეს არ იყო ოფიციალური პრესკონფერენცია, ეს უფრო იმ ვითარების განხილვას ჰგავდა, რაც "ზესტაფონში" შეიქმნა.

"ზესტაფონის" აწ უკვე ყოფილი მწვრთნელები შეწუხებულები იყვნენ მომხდარით. მათი თქმით, გუნდი ერთი ოჯახივით იყო, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს ერთმანეთში არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ.

მათ აგვიხსნეს, რომ "ზესტაფონის" ერთად გაწვრთნას სექტემბრის შუა რიცხვებიდან რომ შეუდგნენ, გუნდს გარდამავალი პერიოდი ჰქონდა. უმოკლეს ვადაში უნდა მომხდარიყო სიტუაციის გამოსწორება, რადიკალური ზომების განხორციელების საშუალება კი არ იყო - ზედა ექვსეულში მოხვედრა, ეს დავისახეთ მიზნადო.

სიტუაცია "ზესტაფონში" 2 დეკემბერს შინ "ვიტ ჯორჯიასთან" მარცხის შემდეგ აირია. მანამდე "ზესტაფონმა" ბოლო ორ თვეში წააგო მხოლოდ "დინამოსთან" და "დილასთან".

გუნდის აწ უკვე ყოფილი მწვრთნელების თქმით, "ვიტ ჯორჯიასთან" მარცხის შემდეგ ფეხბურთელებს ხელფასის ნახევარი ჩამოეჭრათ. მათ გვითხრეს, რომ კლუბის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული მწვრთნელებთან, ანუ ეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყოო.

კლუბს ჰყავს ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი, გუნდის ღერძი კი არის მწვრთნელი - ფეხბურთში ეს არის ორჯერ ორი ოთხი. მაგრამ საქართველოში სხვა ცხოვრება, სხვა რეალობაა. ოღონდ მწვრთნელს სამსახური და ხელფასი ჰქონდეს და ხშირ შემთხვევაში, ყველაფრეს ეგუება, ყველაფერზე თვალს ხუჭავს - ამის უამრავი მაგალითი არსებობს საქართველოში, პრინციპული მწვრთნელი ჩვენთან მართლაც ძვირი სანახავია.

ეს კლუბის პრეზიდენტებმაც კარგად იციან. "ზესტაფონის" საქმეში ჩარევა ჟურნალისტის საქმე არ არის, მაგრამ თუ ამ კონფლიქტს ოდნავ მაინც ჩაუღმავდებით, აქ სწორედ ამასთან უნდა გვქონდეს საქმე - საქართველოში არცთუ ცოტა მწვრთნელი კლუბის პრეზიდენტთან პატრონყმულ დამოკიდებულებაშია.

მუჯირმაც და ზამთარაძემაც ამის გამო გადაწყვიტეს "ზესტაფონიდან" წასვლა: კლუბის პრეზიდენტისთვის ჩვენი აზრი არაფერს ნიშნავს და კარგად ბრძანდებოდეთო.

"ზესტაფონის" ექსმწვრთნელებმა გუნდში მომხდარი ამბების დეტალებზეც ისაუბრეს.

"ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია მიიჩნევს, რომ ფეხბურთელებისთვის და მწვრთნელებისთვის ხელფასის ნახევრის ჩამოჭრა სწორი გადაწყვეტილება იყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დეკემბრის ბოლომდე ვაპირებდით "ზესტაფონში" დარჩენას, მაგრამ ასე არ მოხდა, არ გვეგონა, თუ ფეხბურთელების პროტესტი ასე დიდი იქნებოდაო, - გვითხრეს მუჯირმა და ზამთარაძემ.

მათგან შევიტყვეთ, რომ საჯარიმო სანქცია შეეხო "ზესტაფონის" 19 ფეხბურთელს და ისინი ახლა თბილისში არიან, კოკაიასთან შეხვედრას აპირებდნენ, მაგრამ ამაზე უარი მიიღესო.

წინა კვირაში, პარასკევს, "ზესტაფონის" ოთხი ფეხბურთელი იყო დაბარებული კოკაიასთან: ზურაბ მენთეშაშვილი, ზაალ ელიავა, ზურაბ მამალაძე და თორნიკე აფციაური. ეს რომ გუნდმა გაიგო, ყველამ გადაწყვიტა თბილისში ჩამოსვლა და კოკაიასთან შეხვედრა. პროტესტის გამოხატვა მხოლოდ ამ ოთხეულმა კი არა, ჩვენ ყველამ გადავწყვიტეთო.

დუბლშემადგენლობის ფეხბურთელები, სამი ლეგიონერი და ჩვენ, მწვრთნელები - ესენიღა დავრჩით პარასკევს ზესტაფონში.

ჩვეთან ისეთი კონტრაქტები ფორმდება, რომ ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელი არის მონა. ამიტომაც არის საჭირო ისეთი პროფკავშირის შექმნა, რომელიც დაიცავს ფეხბურთელების და მწვრთნელების უფლებებს. მწვრთნელი პრეზიდენტთან რომ შეათანხმებს პრემიების საკითხს და მერე პრემიების გაცემასთან დაკავშირებით შეფერხება თუ გაუგებრობა მოხდება, ამით მწვრთნელის ავტორიტეტი ეცემა.

ძალიან განვიცდით იმას, რაც "ზესტაფონში" მოხდა. გუნდის გულშემატკივრების მდგომარეობაშიც შევდივართ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ვითარება მალე განიმუხტება.

ჩვენ არავის ვუპირისპირდებით, კოკაია წლობით ხარჯავს ფულს ფეხბურთში და ეს ძალიან კარგია, მაგრამ მოქმედების ასეთ ფორმებს არ ვეთანხმებით. ერთი წაგების გამო ასეთი სანქციების გატარებას არ ვემხრობით. ბოლო ერთ თვეს თუ ავიღებთ, ნამდვილად არ იყო იმის საფუძველი, რომ ფეხბურთელები დაჯარიმებულიყვნენ, თანაც, მწვრთნელების პოზიციის გაუთვალისწინებლად.

საჯარიმო სანქცია მწვრთნელებისა და ფეხბურთელების გარდა, გუნდის ექიმსაც კი შეეხო, - ეს ყველაფერი მუჯირმა და ზამთარაძემ გვითხრეს. შეხვედრის ბოლოს კი ისიც მოგვახსენეს, როცა კლუბში ასეთი რაღაცეები ხდება, მწვრთნელის იქ დარჩენას აზრი ეკარგება, ჩვენ მწვრთნელები ვართ და არა ფიზკულტურის მასწავლებლებიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ილია კოკაია: სეზონის დასრულებამდე მწვრთნელების შეცვლას არ ვაპირებთ
სკანდალი "ზეს­ტა­ფონ­ში": გუნდს ზაზა ზამ­თა­რა­ძე და დავით მუ­ჯი­რი ტოვებენ?
დავით მუჯირი: მწვრთნელობა ფეხბურთელობაზე ბევრად რთულია
ზაზა ზამთარაძე: მე და დავით მუჯირი თანამოაზრეები ვართ
გიორგი ჭიაბრიშვილი: ალბათ, ეს იყო ჩემი შეცდომა "ზესტაფონში"...
ბუბა დაუშვილი: ილია კოკაია პრეზიდენტი კი არა, მონათმფლობელია!
ილია კოკაია: ლვოვის "კარპატიმ" ამ თაღლითურ სქემაზე პასუხი უნდა აგოს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული