გიორგი ჭიაბრიშვილი: ალბათ, ეს იყო ჩემი შეცდომა "ზესტაფონში"...

AutoSharing Option
გიორგი ჭიაბრიშვილისა და "ზესტაფონის" გზები გაიყარა - მთავარი მწვრთნელი გუნდიდან დაითხოვეს, მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში "ზესტაფონმა" სამი თამაშიდან ორი წააგო და ერთი მოიგო, ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში კი ბაქოს "ნეფთჩისთან" დამარცხდა.

მანამდე ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა.

მწვრთნელის ხვედრი ეგეთია, სულ ჩემოდნებზე უნდა იჯდეს - ასე იტყოდნენ ხოლმე ძველი მწვრთნელები. ჭიაბრიშვილი კი სხვანაირია, ახალი თაობის მწვრთნელია და ჯერაც წინ აქვს ბევრი რამ. ზესტაფონური პერიპეტიებით ის კარგ გამოცდილებას მიიღებდა.

ჭიაბრიშვილს "ზესტაფონიდან" წამოსვლის მიზეზებზე ვესაუბრეთ და სხვა თემებსაც გადავწვდით.

- რა ფორმით
მოხდა თქვენი "ზესტაფონიდან" წამოსვლა? ალბათ, კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიასთან გქონდათ საუბარი...

- კლუბის პრეზიდენტს არ შევხვედრივარ. უნდა შევხვდე მას და დაველაპარაკო. "ზესტაფონიდან" ჩემი წამოსვლა კლუბის გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ სპორტული დირექტორისგან გავიგე.

- გათავისუფლების მიზეზად რა დასახელდა?
- კლუბმა, ალბათ, გადაწყვიტა, რომ "ზესტაფონს" ახალი მწვრთნელი, ახალი იდეები სჭირდება. გუნდის ბოლოდროინდელი შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო.

- სანამ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გახდებოდით, გია გეგუჩაძის თანაშემწედ მუშაობდით. გეგუჩაძე "ზესტაფონიდან" რომ წავიდა, ალბათ, ბევრი ვერ მიხვდა ამის მიზეზს. მაინც რა მოხდა მაშინ? ალბათ, ყველას აინტერესებს ის, რაც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე გუნდში ხდება...
- პატარ-პატარა პრობლემები "ზესტაფონში" ყოველთვის იყო, რაც ასევე ყოველთვის მოგვარებადი გახლდათ. "ზესტაფონიდან" გეგუჩაძის წასვლა თვითონ მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო და მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს უკვე ჩემი მხრიდან კორექტული არ იქნება.

- "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი რომ გახდით, კლუბის მხრიდან რა შედეგზე იყო მოთხოვნა?
- ერთი წელი მქონდა იმისთვის, ჩემპიონთა ლიგის ან ევროპა ლიგის ჯგუფში რომ მოვხვედრილიყავით. ჩემი მთავარი მწვრთნელობის პერიოდში "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონი გახდა, მოიგო სუპერთასი, გავიდა თასის ფინალში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპიდან გამოვვარდით, რაც ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა.

- შედეგს დიდად განაპირობებს ფეხბურთელების სელექცია. აზერბაიჯანის ჩემპიონის დასამარცხებლად "ზესტაფონს" ადამიანურმა რესურსმა შეუშალა ხელი?
- არ ველოდი იმას, რომ ჩვენს ხელთ არსებული ფეხბურთელთა კონტინგენტით "ნეფთჩის" ვერ დავამარცხებდით. ჩვენი გუნდისგან მეტს ველოდი და, ალბათ, სწორედ ეს იყო ჩემი შეცდომა.

- "ზესტაფონს" ჰქონდა იმის ფინანსური საშუალება, რომ წამყვანი ფეხბურთელები შეენარჩუნებინა და კიდევ გაძლიერებულიყო?
- ამის ბიუჯეტი არსებობდა, მაგრამ ძნელია, როცა ფეხბურთელი 3-4 წელი ერთ გუნდში თამაშობს და კიდევ იქ დააკავო.

- "ნეფთჩის" შემდეგ რა სტრატეგია აირჩიეთ?
- წამყვანი ფეხბურთელები წავიდნენ და მათი ადგილი ახალგაზრდებმა დაიკავეს, თუმცა გუნდში მაინც დარჩა არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი - ასეთი ნაზავით უნდა მივსულიყავით ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე და მერე მორიგი სატრანსფერო სვლები უნდა გაგვეკეთებინა. იმ ახალგაზრდებს, ამ დროისთვის რომ არიან "ზესტაფონში", საქართველოში უკვე შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში.

- საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ "ზესტაფონმა" წარმატებული სატრანსფერო პოლიტიკა ვერ განახორციელა...
- ეს ფინანსური ფაქტორით არ იყო გამოწვეული. უბრალოდ, ლეგიონერებს არ სურთ საქართველოში თამაში. კლუბი მართლაც მუშაობდა რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერზე... ყოველივე ამის შედეგად დავიწყეთ მუშაობა ახალი გუნდის შექმნაზე, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების დაწინაურებაზე, რასაც დრო სჭირდებოდა.

რატომ არ მაცალეს? არ ვიცი, ალბათ, ეჭვი შეეპარათ ჩემს კომპეტენციაში.

- საქართველოში თამაში არ სურთო ლეგიონერებს - ეს კი გვითხარით, მაგრამ ფაქტია, რომ გორის "დილაში" უცხოეთიდან დაბრუნდნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები...
- ეს მამუკა ჯუღელის ფაქტორმა განაპირობა.

- "ზესტაფონიდან" რომ გამოგიშვეს, გულნაკლული ყველაზე უფრო რაზე ხართ?
- რეგრესი იყო, საქართველოს ჩემპიონმა ზედიზედ ორი მატჩი წააგო ჩემპიონატში. გულნატკენი საკუთარ თავზე ვარ, პრობლემების სხვაგან ძებნას არ ვაპირებ.

- კონტრაქტით კიდევ რამდენ ხანს უნდა გემუშავათ "ზესტაფონში"?
- ორი წელი მქონდა დარჩენილი, მაგრამ როცა კლუბის ხელმძღვანელობა ჩემში რეგრესს ხედავს, კონტრაქტის პუნქტებს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

- როგორ ფიქრობთ, "ზესტაფონში" მუშაობით გიორგი ჭიაბრიშვილმა თავისი სახე შექმნა?
- ვფიქრობ, რომ მწვრთნელის სახე გამოჩნდა. საქართველოში ბევრმა გამოცდილმა მწვრთნელმა ვერ მოახერხა, რომ ჩემპიონი გამხდარიყო, თანაც, პირველივე სეზონში.

ძალიან ვაფასებ იმ ურთიერთობას, რაც ჩამომიყალიბდა ზესტაფონელებთან, იქაურ გულშემატკივრებთან. ჩვენ ერთი ოჯახივით ვიყავით.

რეგიონულ ლიგაში ერთ წელიწადში გუნდი პირველ ადგილზე გავიყვანე, პირველ ლიგაში რომ ვმუშაობდი, "გაგრამ" უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, უმაღლეს ლიგაში გუნდი ერთ წელიწადში ჩემპიონი გახდა...

უბრალოდ, რისი გაკეთებაც შემეძლო "ზესტაფონში", ბოლომდე ვერ მოვასწარი.

- როგორ ფიქრობთ, ფეხბურთელებს არ უძნელდებათ ზესტაფონში ცხოვრება?
- როცა თამაში გინდა, იქ ცხოვრება არ არის ძნელი. ზესტაფონი ძალიან მაგარი საფეხბურთო ქალაქია, ფეხბურთი იქ ზეიმია და მაგარი გულშემატკივრობაც იციან. კლუბიც ყველაფერს აკეთებს, რომ ზესტაფონში ფეხბურთი წინ წავიდეს.

- დასვენება თქვენთვის ახლა აუცილებელია?
- იძულებითი დასვენება მაქვს. ჯერ იმდენი არაფერი გამიკეთებია, რომ დასვენებისთვის მქონდეს დრო.

- რა არის ის, რაც იგებს საქართველოს ჩემპიონობას?
- ძლიერი ფეხბურთელების გარდა, ეს არის დრო, რომ გუნდმა თავისი თამაში იპოვოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭიაბრიშვილი: გული დამწყდება, თუ "ზესტაფონთან" განშორება მომიწევს
გიორგი ჭიაბრიშვილი: "ნეფთჩისთან" მატჩებმა დაგვანახა, რომ სუსტი ჩემპიონატი გვაქვს
გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ ჩემი წასვლით "ზესტაფონი" გაძლიერდება, გადავდგები
ზესტაფონი-ნეფთჩი 2:2 - საქართველოს ჩემპიონი უნდა გერქვას შენ?! [+VIDEO]
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
მუჯირი, მენთეშაშვილი და სხვები არის გუნდის გაახალგაზრდავება? ამ კონტიგენტით მეტს რომ ვერ მიაღწევდა გუნდი ამას დიდი მკითხაობა არ ჭირდებოდა. ეს კიდევ გაიძახის იმედი მქონდაო. მართალია რომ გეგუჩაძის აწყობილმა გუნდმა 1 წელი გაძლო. ამას ნებისმიერი მწვრთნელის ხელში იზამდნენ ბიჭები. ლიგაზე თამაშის პრეტენზია გაქვს და გუნდიდან შესარჩევის დამთავრებამდე ძირითადის რამოდენიმე ფეხბურთელს რომ გაუშვებ ამის შემდეგ როგორ გაქვს პრეტენზია მწვრთნელობაზე.
თემური
11:04 01-09-2012
0
არა რა არ არის ეს კაცი მენეჯერად დაბადებული, შეიძლება თანა შემცეთ ივარგა ბმაგრამ??? ჩემპიონი იგივე გეგუჩაზეს აწყობილმა გუნდმა სეზლო გიამ იმდენი ჩადო რო წასვლის მერე გუნდს ერთი წელი გაყვა და ჩემპიონი გახდა ..
0

სიახლეები პოპულარული