ლოგიკურია, რომ "ლელომ" ტურის მწვრთნელებად სწორედ ფეროელთა თავკაცები, დავით მუჯირი და ზაზა ზამთარაძე დაასახელა (იხილეთ ვრცლად).
"ლელო" დავით მუჯირთან ინტერვიუს გთავაზობთ.
- მოხარული ვარ ასეთი დაფასებით. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ "ზესტაფონს" ორი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და რომელიმე ჩვენგანის გამორჩევა არ იქნება მართებული.
- რის ხარჯზე შეძლო "ზესტაფონმა" "ტორპედოს" ძლევა?
- მინიმალური შეცდომებით ვითამაშეთ, ბიჭებმა სამწვრთნელო შტაბის დავალებები მაღალ დონეზე შეასრულეს და ვფიქრობ, ლოგიკურ
გვქონდა ერთი სერიოზული შეცდომა, რითაც მეტოქემ ვერ ისარგებლა, თუმცა მთლიანობაში ჩვენმა დაცვამ და მთელმა გუნდმა დამაჯერებლად იმოქმედა.
რა თქმა უნდა, "ტორპედო" ჩვენთვის რიგითი მეტოქე არ არის და მასთან გამარჯვებას განსაკუთრებული ფასი აქვს, მაგრამ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ჩვენთვის რიგითი თამაში არ არსებობს - მე და ზაზამ ბიჭებს თავიდანვე ვუთხარით, რომ ყველა მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასია.
- "ზესტაფონის" თამაშში პროგრესს ამჩნევთ?
- ჩვენს ერთობლივ შრომას შედეგი უკვე მოაქვს, მაგრამ კიდევ უფრო მეტის მიღწევა გვინდა. წარმატების მისაღწევად რესურსი აშკარად გვაქვს და მის გამოსაყენებლად მაქსიმალურად ვიშრომებთ.
- ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "ზესტაფონის" ძირითად შემადგენლობაში ალექსი ბენაშვილი გამოჩნდა...
- ოჯახური პრობლემების გამო მას მოსამზადებელი პერიოდიც გაუცდა და ამის შემდეგაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში "ზესტაფონთან" ერთად არ იყო. არადა, მის პოტენციალს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ გუნდის გაძლიერება რეალურად შეუძლია.
მოგვწონს საქმისადმი მისი ბოლოდროინდელი მიდგომა და ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ადგილი ამიტომაც ვანდეთ. საკმაოდ კარგად ითამაშა, მაგრამ ძველ კონდიციებამდე დასაბრუნებლად დიდი შრომა მოუწევს. მთავარია, რომ მისი დიდი იმედი გვაქვს და ვიმედოვნებ, ყველაფერი რიგზე იქნება.
- ლეგიონერთა მომზადების დონეს როგორ შეაფასებთ?
- მილხრაუმიც, იელიჩიც და ბოტი გოაც საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, მაგრამ შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენაში უქმად გატარებული პერიოდი უშლით ხელს - სანამ "ზესტაფონში" მოვიდოდნენ, საკმაო ხანს უკლუბოდ იყვნენ.
თუმცა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული და სამივე მათგანს აქვს იმის შანსი, რომ "ზესტაფონთან" ხანგრძლივი კონტრაქტი დაიმსახუროს. მათ შემდეგ მატჩებშიც დავაკვირდებით და საბოლოო გადაწყვეტილებას ზამთარში მივიღებთ. გუნდს ახალი სისხლი ყოველთვის სჭირდება და ძლიერი ლეგიონერების დამატებასაც მივესალმები.
- გუნდის ძირითადი შემადგენლობა ჯერ არ გამოკვეთილა თუ როტაციას ამჯობინებთ?
- ძირითადში თამაში არავის აქვს გარანტირებული. მოედანზე ისინი გავლენ, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში ვარჯიშებზე კონკურენტებზე უკეთ გამოავლენენ თავს. პირველი იმპულსი ფეხბურთელისგან უნდა მოდიოდეს, მას თამაში უნდა სწყუროდეს და საამისოდ ბოლომდე იხარჯებოდეს.
- თქვენი საფეხბურთო კარიერა უკვე დასრულებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ?
- ასეა. მოთამაშე-მწვრთნელობა ჩემი მხრიდან იძულებითი ნაბიჯი იყო. მოედანზე იმიტომ გავდიოდი, რომ იმ პერიოდში ბევრი ფეხბურთელი გვყავდა ტრავმირებული.
- ჩემპიონობისთვის ბრძოლა რამდენად რეალურად მიგაჩნიათ?
- უპირველესად, საუკეთესო ექვსეულში უნდა მოვხვდეთ. კარგია, რომ 2013 წლამდე სათასო მატჩები არ გველის და საშუალება გვაქვს, მთლიანად ჩემპიონატზე ვიყოთ კონცენტრირებულნი. ექვსეულში დამკვიდრების შემდეგ მოსამზადებელ ეტაპსაც მშვიდად დავგეგმავთ და კონკრეტულ გეგმებსაც დავისახავთ. ჩემპიონობის შენარჩუნებაზე კი, რასაკვირველია, ვფიქრობთ.
- როგორია თქვენი პირველი სამწვრთნელო შთაბეჭდილებები?
- საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მწვრთნელობა ფეხბურთელობაზე ბევრად რთული და დამღლელია. თუმცა არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ეს საჩემო საქმეა. იმედი მაქვს, მუჯირი-ზამთარაძის დუეტს დიდი მომავალი ექნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დავით მუჯირი: "ზესტაფონს" აღმასვლის პერიოდი მალე დაეწყება
ზაზა ზამთარაძე: მე და დავით მუჯირი თანამოაზრეები ვართ