ზურაბ იონანიძე: რას მერჩოდნენ? მადლობაც არ უთქვამთ, "ზესტაფონიდან" ისე გამიშვეს

AutoSharing Option
ზურაბ იონანიძე "ზესტაფონისა" და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი იყო: 2005-2010 წლებში "ზესტაფონში" ჩატარებულ 112 შეხვედრაში მოწინააღმდეგეთა კარი 48-ჯერ აიღო.

სულ კარიერაში საქართველოს თასის 92 მატჩში 33-ჯერ გაიტანა, ჩემპიონატის 422 შეხვედრაში კი - 216 გოლი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია - სხვას 200 გოლიც არ გაუტანია.

ორჯერ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1999/00, 2002/03); 2000, 2003 და 2006 წლებში კი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

იონანიძემ კარიერა "ზესტაფონში" 2010 წელს, 38 წლის ასაკში დაასრულა და იქვე სელექციონერად დაიწყო მუშაობა, მაგრამ ახლა
კლუბიდან გაათავისუფლეს.

"ჩემპიონატში "ვიტ ჯორჯიასთან" წაგების შემდეგ გუნდიდან გამათავისუფლეს. მე რა შუაში ვიყავი, ან რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ჩემთვის დღემდე გაუგებარი რჩება.

როდესაც კლუბის პრეზიდენტს, ილია კოკაიას მიზეზი ვკითხე, მითხრა, რომ შემცირებები იწყებოდა, ყველას ვუშვებო.

გამოდის, ეს პროცესი ჩემით დაიწყო - ვერაფერს იტყვი, საახალწლოდ კარგი "საჩუქარია". ჩემთვის მადლობაც არ უთქვამთ, ისე გამომიშვეს.

დათხოვნა ჩემთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება აღმოჩნდა. "ზესტაფონთან" დაშორება იოლი ვერც იქნებოდა, რადგან კლუბს 8 წელი ვემსახურე და მგონი, გულშემატკივართა სიყვარული დავიმსახურე.

როდესაც მქონდა შემოთავაზება, სამუშაოდ საკმაოდ კარგ გუნდში და კარგ მწვრთნელთან გადავსულიყავი, "ზესტაფონის" გამო უარი განვაცხადე.

კლუბისგან ბევრი კარგი რამ მახსოვდა და მადლიერება ასე მინდოდა გამომეხატა, მაგრამ ჩემს კარიერაში ამ გადაწყვეტილებამ კარგი არაფერი მომცა. საბოლოოდ, ისეთ ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ ვერც კი ვიფიქრებდი.

ალბათ, დამნაშავე იმაში ვარ, რომ ჩემს საქმეზე გუნდის პრეზიდენტთან თავად უნდა ამეხსნა, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა.

მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი სხვისმა ნათქვამმა გამოიწვია. ჩემი მუშაობით უკმაყოფილონი რომ ყოფილიყვნენ, კლუბში 8 წელი არავინ გამაჩერებდა.

მაგრამ მადლობას ვუხდი "ზესტაფონის" მთელ კოლექტივს, განსაკუთრებით, იმ გულშემატკივარს, ვისაც ჩემი ყოველთვის სჯეროდა და წარმატებები მინდა ვუსურვო გუნდსაც და მის გულშემატკივრებსაც",
- გვითხრა იონანიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ილია კოკაია: ზესტაფონში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი უნდა ჟღერდეს!
ზეს­ტა­ფო­ნი VS ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი - ზესტაფონური აურზაური გრძელდება
კოკაიას მუჯირი და ზამთარაძე ფიზკულტურის მასწავლებლები ეგონა?
სკანდალი "ზეს­ტა­ფონ­ში": გუნდს ზაზა ზამ­თა­რა­ძე და დავით მუ­ჯი­რი ტოვებენ?
მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორც ფეხბურთელი მაგარი იყო, მაგარამ იმის იქით რაც სელექციონერობას შეეხება ძნელია შეფასება.... თუმცა გულშემატკივარი იონას მადლობელი იქნება ყოველთვის
zestafan
17:16 18-12-2012
0
კაი რა იონა, სელექციონერი გერქვა და ერთი შენი მოყვანილი კაცი არ უნახავს ვინმეს .ზესტაფონში სხვადასხავ საფეხბურთო წრეებში მოთამაშე ნიჭიერი ბავშვების თამაშიც კი არ გინახავს არასდროს
luxuta
15:44 18-12-2012
0

სიახლეები პოპულარული