ბავშვთა ფეხბურთი - ფედერაციის წარმომადგენლები ხანდახან რაიონებშიც უნდა ჩამოდიოდნენ...

AutoSharing Option
პატარა რაიონის საფეხბურთო სკოლების ფონზე კასპის საფეხბურთო სკოლა ერთ-ერთი გამორჩეულია ნაყოფიერი მუშაობით. იგი ადგილობრივ სტადიონსა და მასთან მდებარე ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული.

სკოლას აქვს განყოფილებები რაიონის ხუთ სოფელში (ლამისყანა, სამთავისი, ოკამი, ზემო ჭალა, ქვემო გომი) და ათამდე ლიცენზირებული მწვრთნელი 200-მდე პატარა ფეხბურთელს ავარჯიშებს.

დაარსებიდან დღემდე კასპის საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ ჯალალია. ორგანიზაცია კასპის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და, არცთუ დიდი ბიუჯეტის მაქსიმალურად ეფექტურად ათვისების გზით, თავისი ასაკობრივი გუნდების სრულ ეკიპირებას, შეჯიბრებებსა და ტურნირებში მონაწილეობას
და ისეთი ფეხბურთელების გაზრდას ახერხებს, რომლებიც სხვადასხვა ქართულ და უცხოურ კლუბებში ასპარეზობენ.

ცოტა ხნის წინათ "ლელოში" ვოლგოგრადის "როტორის" მცველ დევი ქენქაძეზე ვწერდით, რომელიც სამთავისში მწვრთნელ კობაურთანაა აღზრდილი. მის გარდა, კასპიდან პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჩემპიონატებში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობს.

Sportall.Ge"უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ საქართველოში ვიზიტისას ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე უფრო დროულად გადასაჭრელ პრობლემათაგან სატრანსფერო პოლიტიკის სრულყოფა მიიჩნია.

აღნიშნული ხარვეზები ბავშვთა საფეხბურთო სკოლებზე განსაკუთრებით აისახება.

ჩვენ რომ შეგვეძლოს საკუთარი აღზრდილი სპორტსმენების ტრანსფერით კუთვნილი ფინანსური სარგებელის მიღება, სკოლები და გუნდები გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში გვეყოლებოდა",
- ამბობს ავთანდილ ჯალალი.

კასპის სტადიონი, სადაც ამ გუნდებს უწევთ ვარჯიში და მატჩების გამართვა, სავალალო მდგომარეობაშია. კაპიტალური რემონტი აქაურობას 1968 წლიდან არ ჩატარებია. ხელმძღვანელობას, ბუნებრივია, უჭირს სისტემატურად მინდვრის სათამაშო კონდიციების შენარჩუნება.

სახარბიელო მდგომარეობა არც იქვე არსებულ ადმინისტრაციის შენობაშია, სადაც სკოლის ხელმძღვანელთა და მუშაკთათვის მოწყობილი ოთახების გარდა, განთავსებულია გასახდელები, საშხაპეები, მწვრთნელთა და მსაჯთა ოთახები.

აღნიშნულ შენობასაც დაარსებიდან (1988 წ) არ ჩატარებია რემონტი. წყლით, გაზით და დენით კია უზრუნველყოფილი, მაგრამ პრობლემებია კანალიზაციასთან, სასმელ წყალთან და სახურავთან დაკავშირებით.

"ვფიქრობ, რომ აუცილებელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ხშირი სტუმრობა რეგიონებში, სკოლებში არსებული ვითარების ადგილზე გასაცნობად.

დაახლოებით ერთი წლის წინათ თბილისში სფფ-ის ოფისში გახლდით. აღმოჩნდა, რომ შუადღის შესვენებისას მივსულვარ. რომელ ოთახშიც საქმე მქონდა, კარზე წარწერა ვნახე: შესვენებაა და გთხოვთ, ერთი საათით გაძლოთ უჩვენოდ".

"სულაც თქვენს გარეშე არა ვძლებთ-მეთქი?" - ვუთხარი მოსაცდელ დარბაზში მყოფ სფფ-ი
სხვა თანამშრომლებს.

მე არც ჩვენი ფეხბურთის ხელისუფალთა გაკეთებულს ურვყოფ, მაგრამ საჭიროდ მიმაჩნია, რომ რაიონებთან მიმართებაში, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია არა მხოლოდ წერილობით მიღებულ ინფორმაციას უნდა ეყრდნობოდეს, არამედ უშუალოდ უნდა ხედავდეს ყველაფერს და შესაძლებლობის ფარგლებში მონაწილეობდეს საჭირბოროტო საკითხების გადაჭრაში",
- გვითხრა სკოლის თავკაცმა.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას სკოლაში დიდი ხანია, არ უჩივიან, მაგრამ მუნიციპალიტეტისგან აღებული ვალდებულების გაზრდის საჭიროებას ხედავენ, თუნდაც ზემოაღნიშნული ტექნიკური პრობლემების მოსაგვარებლად.

ამ თვალსაზრისით, ავთანდილ ჯალალმა იმედი გამოთქვა, რომ რაიონის ახალი გამგებელი, ცნობილი მწვრთნელი ოლეგ იაძე სპორტული დაწესებულებების მიმართ ყურადღებას გაზრდის.

ამ რაიონის ფეხბურთში მოღვაწე ადამიანთა მთავარი ოცნება კი ადგილობრივი გუნდის, "განთიადის" აღდგენაა, რასაც დიდი ხანია, არ დაადგა საშველი.

"შიდა ქართლის პრობლემებსა და მიღწევებზე "ლელო" საკმაოდ ხშირად წერს. ჩემთვის, როგორც ამ რეგიონის სპორტის მუშაკისთვის, ეს სასიამოვნოა", - გვითხრა საუბრის ბოლოს ბატონმა ავთანდილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია გამოიჩენენ მეტ ყურადგებას და გაგვირემონტებენ სკოლას და სტადიონს :(
giga lotishvili
20:02 17-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული