პირველი დიდებსა და ბავშვებს შორის ტარდება, მეორე კი 16 წლის ფეხბურთელთა შორის.
სპორტული ეკიპირების მწარმოებელ გერმანულ კომპანია "სალერს" ორივე მათგანთან უშუალო კავშირი ჰქონდა: ერთი ტურნირი მთლიანად დააფინანსა, მეორეში კი გამარჯვებულებსა და გამორჩეულ მოთამაშეებს კომპანიის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცა.
სამი წელია, რაც გერმანული კომპანიის დამფუძნებელი და პრეზიდენტი თბილისში ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალსაც აფინანსებს, 2012 წლის სექტემბერში კი პირველი ლიგის გუნდების ეკიპირებით მომარაგებაც საკუთარ თავზე აიღო.
"სალერის" პრეზიდენტი
"ასეთი ტურნირები ბავშვებში დიდ მოტივაციას აჩენს. იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბევრი უცნობი მოთამაშე ძლიერი გუნდების ყურადღების არეალში ექცევა.
ქართველი ბავშვებისთვის კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო გამოცდილებას, რასაც ისინი მოკლებულები არიან. ფეხბურთი მხოლოდ ტაქტიკა, ტექნიკა, გამძლეობა და სპორტული მაჩვენებლები არ არის. მთავარია, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოიმუშაონ.
ფეხბურთელს მაღალ დონეზე გამოსვლა თუ სურს, შესაბამისი აზროვნებაც უნდა ჰქონდეს. ასეთი დონის მოთამაშედ კი მხოლოდ მაშინ ჩამოყალიბდება, საერთაშორისო გამოცდილება თუ აქვს.
ევროპულ კლუბებთან შეხვედრაში ბავშვი იზრდება და ბევრ სასარგებლო ინფორმაციას იღებს, რაში უსწრებენ ევროპელები და რა კომპონენტებში ჩამორჩებიან.
საქართველოსთან რომ ვთანამშრომლობთ, ეს თბილისის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, გოჩა თამაზაშვილისა და ჰოლდინგ "იბერია ბიზნეს ჯგუფის" დამსახურებაა. მათ არა მხოლოდ თანამშრომლობა შემომთავაზეს, არამედ, საინტერესო პროექტებით დაასაბუთეს, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება უდავოდ ღირდა.
რაც შეეხება ბავშვთა ფესტივალსა და მოზარდთა საერთაშორისო ტურნირს, ამ პროექტს აუცილებლად გავაგრძელებ, რადგან საქართველოში ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები იზრდებიან და მათ ამ ნიჭის გამოვლენასა და სრულყოფაში თანადგომა სჭირდებათ".
"სალერის" თასის წლევანდელ გათამაშებაში ორი ევროპული კლუბი მონაწილეობდა - არნემის "ვიტესი" და "მალაგა". დეკემბერში ტურნირის ორგანიზატორები თბილისში შვეიცარიულ "სერვეტსა" და თურქულ "ტრაბზონსაც" ელოდნენ, მაგრამ ისინი ვერ გვესტუმრნენ.
"ამ ორი კლუბის მონაწილეობა გვსურდა, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოახერხეს. მთავარი მაინც ის არის, რომ ბოლო ორი წელია, რაც ტურნირი საერთაშორისო გახდა.
ეს "ვიტესის" პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიასა და ლევან ჟორდანიას ფონდის დახმარებით მოხდა. საქართველოს კი "საბურთალო" და თბილისის "ლოკომოტივი" წარმოადგენდნენ, სადაც საქართველოს ნაკრების საკმაოდ ბევრი კანდიდატია.
მიმაჩნია, რომ ამ ბიჭებს საერთაშორისო შეხვედრების გამოცდილება ძალიან წაადგებათ და ეს ტურნირი ისევ ჩვენი ნაკრებისთვის იყო მნიშვნელოვანი", - ამბობს "საბურთალოს" გენერალური დირექტორი და ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი კახა ჭუმბურიძე.
რიჩარდ სალერი: პარტნიორობა გაგრძელდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"საბურთალომ" "სალერის თასის" ფინალში ესპანეთში უძლეველი "მალაგა" დაამარცხა
რა პროექტები დაგეგმა კომპანია "სალერმა" საქართველოში?