"საბურთალომ" "სალერის თასის" ფინალში ესპანეთში უძლეველი "მალაგა" დაამარცხა

AutoSharing Option
23 დეკემბერს ლევან ჟორდანიას ფონდისა და საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მიერ ორგანიზებული "სალერის თასის" (1997 წელს დაბადებულთა შორის) გათამაშება დასრულდა.

"ბენდელას" სტადიონზე მიმდინარე ტურნირზე "მალაგა" პირველივე შეხვედრის შემდეგ უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, რადგან ყველა მეტოქე დაამარცხა - "ლოკომოტივი" 4:1, "ვიტესი" 3:1, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში კი "საბურთალოს" 2:1 სძლია.

ფინალში ერთმანეთს ესპანელები ისევ "საბურთალოს" დაუპირისპირდნენ და ამ შემთხვევაშიც ფავორიტად ანდრეს კარასკოს გუნდი ითვლებოდა.

საინტერესოა, რომ ბოლო წელიწადნახევარია, რაც თავისი ასაკის ესპანეთის ჩემპიონატში "მალაგას" არ წაუგია.

შეხვედრამ თბილისელ გულშემატკივრებში ისეთი უჩვეულო აჟიოტაჟი გამოიწვია,
რომ 1800-ადგილიანი ტრიბუნებიც შეივსო და ხალხი თვალს მიმდებარე ტერიტორიებიდანაც ადევნებდა. გესიამოვნებოდა, ისეთი საფეხბურთო ატმოსფერო იყო.

მრავლად იყვნენ საფეხბურთო სკოლების, ფეხბურთის ფედერაციისა და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები და მისვლა არავის უნანია - ქართველი და ესპანელი მოზარდების თამაში ძალიან ლამაზი, დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.

შეიძლება ითქვას, მატჩის ბედი 31-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც მთავარმა არბიტრმა ესპანელთა მარცხენა მცველი გააძევა. არასათამაშო ვითარებაში "მალაგას" ფეხბურთელმა ისედაც წაქცეულ "საბურთალოს" მცველს წიხლი უთავაზა და წითელი ბარათი დაიმსახურა.

კაცნაკლული ესპანელები ამანაც არ შეაშინა და არაფერს თმობდნენ. შეხვედრა კი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა, რომლებიც სახიფათო შეტევებს ახორციელებდნენ. განსაკუთრებით, ფლანგებზე ამწვავებდნენ.

დავით კევლიშვილის გაწვრთნილებმა 62-ე წუთზე შედეგიანი კომბინაცია გაითამაშეს: მარჯვენა ფლანგზე კარგად ითამაშა ჯონი გოგლიჩიძემ, ორი მცველი ჩამოიტოვა და ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, რომელსაც სანდრო ალთუნაშვილმა მიუსწრო და ზუსტად დაარტყა - 1:0.

დარჩენილ წუთებში დაძაბულობამ იმატა. ესპანელებმა ბოლო ძალებით შეუტიეს, მაგრამ ორჯერ მწვავე კონტრშეტევა გამოეპარათ და კინაღამ დაისაჯნენ.

საბოლოოდ, "საბურთალომ" 1:0 გაიმარჯვა და "სალერის" თასს დაეუფლა, ტრიბუნებზე კი ემოციები გადმოიღვარა.

ერთადერთი ქართული საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, ფოიერვერკებითა და გამარჯვებულ-გამორჩეულთა დაჯილდოებით დაიხურა.

ორგანიზატორებმა საუკეთესო მოთამაშეებს პრიზები გადასცეს:

მეკარე - ბექა ქურდაძე ("საბურთალო")
მცველი - რატი კაკიაშვილი ("საბურთალო")
ნახევარმცველი - ლადო მამუჩიშვილი ("საბურთალო")
თავდამსხმელი - გურამ გოშთელიანი (ორივე "საბურთალო")
ბომბარდირები - გიორგი არაბიძე, გიორგი ღვინაშვილი (ორივე "ლოკომოტივი") გურამ გოშთელიანი ("საბურთალო") - 3-3 გოლი
მაყურებლის სიმპათიის პრიზი - იბრაჰიმი ("მალაგა")
საუკეთესო მოთამაშე - ლუის ნუნიესი ("მალაგა")

გამარჯვებული საბურთალოა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"სალერის თასი": ჰოლანდიის საუკეთესო სკოლა საქართველოში შერცხვა
ანდრეს კარასკოს ჩამოყვანილმა "მალაგამ" თბილისის "ლოკომოტივი" არ დაინდო
სალერის თასი: თბილისის "ლოკომოტივმა" არნემის "ვიტესი" დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ იცი, რო 1 800 კაცი იყო თამაშზე, არ გიტყდება ამ ნაწერის გამოქვეყნება? იმ 1 800-დან ზოგი მაინც ხო წაიკითხავს და რას იფიქრებენ? რო თვითონ სხვა თამაშს უყურეს?
დუდუ
00:15 25-12-2012
0
მე იმის მეშინია რო გაიზრდებიან პირიქით არ იყოს თორე ჩვენი ბავშვები ყველაზე ნიჭიერები არიან
zura
17:09 24-12-2012
0

სიახლეები პოპულარული