"ზუგდიდში" პრემიები გაიცა, ხელფასები ჯერ ვერა

AutoSharing Option
"ზუგდიდი" კარგად ნაცნობ ფინანსურ პრობლემებს ვერც მიმდინარე სეზონში გაექცა.

გეხსომებათ, მიუღებელი ანაზღაურების გამო ფეხბურთელებმა ოფიციალური წერილით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიმართეს და ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბოლო ტურში თამაშზე უარი თქვეს.

ამის გამო "ზუგდიდი" რუსთავში "მეტალურგთან" სათამაშოდ დუბლშემადგენლობით ჩავიდა.

გაუცემელი ხელფას-პრემიები ნაწილობრივ პოლიტიკასაც უკავშირდება - როგორც იცით, "ზუგდიდს" ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს, რომელსაც სულ ახლახან ხელმძღვანელობა შეეცვალა და შეფერხებებიც ამან წარმოშვა.

საკითხავი იყო, ისურვებდა თუ არა ახალი გამგებელი კლუბის დაფინანსებას, თუმცა როგორც შევიტყვეთ, "ზუგდიდს" ადგილობრივი მთავრობა მომავალშიც დააფინანსებს.

რაც შეეხება დავალიანებებს, როგორც
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა გვითხრა, გასტუმრებულია ყველა თამაშის პრემია, გარდა ერთისა.

ფეხბურთელებსა და პერსონალს ნოემბერ-დეკემბრის ხელფასი ჯერაც არ მიუღია, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრა უახლოესი დღეებისთვის იგეგმება.

ფეხბურთელთა გაფიცვისთანავე ითქვა, რომ ეს ნაბიჯი არ ნიშნავს მათი კლუბიდან წასვლას. ჯერჯერობით "ზუგდიდი" არავის დაუტოვებია და სამწვრთნელო შტაბი იმედოვნებს, რომ ბრძოლისუნარიანი შემადგენლობის შენარჩუნება მოხერხდება.

თუმცა ისიც შესაძლებელია, "ზუგდიდიდან" გუნდის რამდენიმე ლიდერი წავიდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლუბი მათ თაობაზე საინტერესო წინადადებებს მიიღებს.

კერძოდ, საუბარია ირაკლი ქობალიას, ლევან კუტალიასა და ზვიად სიხარულიას ტრანსფერებზე. როგორც ქომეთიანმა გვითხრა, მათ მიმართ ინტერესს გამოთქვამენ როგორც ქართული, ასევე უცხოური კლუბები.

შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ ქობალია პოლონურ "იაგელონიაში" ისინჯებოდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

"ზუგდიდი" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას 15 იანვრიდან შეუდგება. ჯერჯერობით, გაურკვეველია, სად გაემგზავრება გუნდი შეკრებაზე. თუ ფინანსური მდგომარეობა სტაბილურ კალაპოტს დაუბრუნდა, "ზუგდიდი" თურქეთს მიაშურებს.

უახლოეს დღეებში კლუბის მომავლის შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაციები გახდება ცნობილი და ამის შემდეგ უფრო დეტალურად იქნება შესაძლებელი იმაზე საუბარი, რა მიზნებს დაისახავს "ზუგდიდი" სეზონის მეორე ნახევარში.

ჩემპიონატის პირველი ეტაპი "ზუგდიდმა" მეექვსე ადგილზე დაასრულა და შესაბამისად, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლთა შორისაა.

ქომეთიანის გუნდი საქართველოს თასის მერვედფინალშიც არის გასული, სადაც მისი მეტოქე ბოლნისის "სიონი" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ზუგდიდის" ფეხბურთელებს ვალებს გაუსტუმრებენ

ელგუჯა ქომეთიანი: "ზუგდიდში" მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია

"ზუგდიდში" გაფიცვაა - ფეხბურთელები ხელფასს ითხოვენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული