თვალსაზრისი: როგორ გატყდება ნავსი?

AutoSharing Option
ყველაფერს თავისი დროს აქვს. ფეხბურთელის კარიერა არ არის ხანგრძლივი, თავისი ეტაპები აქვს, ვადები, რაშიც ყველაფერი უნდა მოასწრო.

ბევრი რამე იღბალზეც არის დამოკიდებული. ხანდახან არცთუ ნიჭიერი ფეხბურთელი იმაზე მეტს მიაღწევს ხოლმე, რისი მოლოდინიც მისგან ჰქონდათ; ხანდახან კი ნიჭი იფლანგება, რადგან საჭირო დროს, საჭირო მომენტში ვერ მოხერხდა კალაპოტის გახსნა.

ქართველი ფეხბურთელის საქმე სხვაზე უფრო რთულადაა. ჩვენთან ცოტაა ისეთი გუნდი, სტაბილურად რომ აქვს ნორმალური პირობები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარგ ფეხბურთელს წასასვლელი ბევრი არ აქვს.

არის მეორე გზა - უცხოეთში წასვლა, მაგრამ
აქაც მხოლოდ კარგი ფეხბურთელობა არ კმარა. თუ ეროვნულ ნაკრებში მიჯრით რამდენიმე მატჩი არ გითამაშია ან გაქნილი აგენტი არ გყავს, ტრანსფერი თითქმის გამორიცხულია.

გაქნილ აგენტს ბევრი შეუძლია. თუ ფეხბურთის თამაში იცი, რამეს მოგიძებნის. ნაკრების ფეხბურთელი რომც იყო, აგენტის გაქნილობა აქაც საჭიროა, თუ მაგალითად, რუსეთში მიდიხარ. აგენტს შეუძლია, შეეკრას გუნდის მწვრთნელს, სპორტულ დირექტორს და პრეზიდენტსაც კი.

მოკლედ, ფეხბურთელისთვის კარგი ტრანსფერი ხშირად ბედის ამბავია.

ოთხი წლის წინ "ვიტ ჯორჯიას" ძირითადში გიორგი ჯანელიძე გამოჩნდა. მაშინ ამ გუნდს რამაზ მუმლაძე წვრთნიდა. იმავე 2009 წელს "ვიტ ჯორჯია" მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე სლოვენიურ "მარიბორს" გადაეყარა.

ვიტჯორჯიელები "მარიბორთან" სტუმრად 1:3 დამარცხდნენ, თუმცა თამაში ისეთი გამოდგა, რომ საქართველოს ჩემპიონი სლოვენიის საუკეთესო გუნდს ტოლ-სწორად ეპაექრა, 19 წლის ჯანელიძემ კი მართლაც ჩინებულად ითამაშა.

ამ მატჩის ჩანაწერს არაერთხელ ვუყურე. ჯანელიძე ისე ირჯება, რომ გათქმევინებს - ქართულ ფეხბურთში ძალიან საინტერესო ახალგაზრდა გამოჩნდაო.

ჯანელიძე მალე ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე გახდა. მერე "ვიტ ჯორჯიაში" მწვრთნელთა ცვლა დაიწყო, გუნდი ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმაც დატოვა, "ვიტ ჯორჯიამაც" თანდათან დათმო მოწინავე პოზიციები ქართულ საკლუბო ფეხბურთში.

ამასობაში ჯანელიძე "ვიტ ჯორჯიას" ლიდერად ჩამოყალიბდა. ერთხელ თემურ ქეცბაიამაც გამოიძახა ნაკრებში და შეცვლაზე ათამაშა კიდეც მოლდოვასთან ამხანაგურ მატჩში. ჯანელიძემ მაშინ 11-მეტრიანი მოინაგრა.

ამის შემდეგ ქეცბაიას ის აღარ გამოუძახებია, თუმცა ჯანელიძე უკვე იქცა სატრანსფეროდ საინტერესო ფეხბურთელად. ბურთის გაგორება, კომბინაციური სტილი, შემოქმედებითი ფეხბურთი - ის ასეთი გუნდისთვისაა ზედგამოჭრილი.

რამდენიმე წელი ვიმუშავე "ვიტ ჯორჯიაში", რითაც საშუალება მომეცა, უფრო კარგად გამეცნო ამ გუნდის მოწინავე ფეხბურთელების თვისებები. ჯანელიძე სხვა რამითაც აღმოჩნდა გამორჩეული - მოედანზე მან არ იცის, რა არის შიში.

ტრანსფერი კი გვარიანად რთული საქმე გამოდგა. აქ მხოლოდ კარგი ფეხბურთელობა ვერ არის საკმარისი, რამდენიმე ინტერესი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს.

"ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი გურამ რუხაძე ფეხბურთში გამოცდილი მენეჯერია და არა მგონია, რომ რეალურად ვერ აფასებდეს ჯანელიძის სატრანსფერო პირობებს, ანუ კლუბის მხრიდან ფეხბურთელს დაბრკოლება, წესითა და რიგით, არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ტრანსფერი მაინც არ ჩანს...

ჯანელიძე რამდენიმე თვის წინ რუსეთში წაიყვანა ერთმა აგენტმა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, ფეხბურთელი "ვიტ ჯორჯიაში" დაბრუნდა. არადა, ჯანელიძე უცხოეთში მოთამაშე ზოგ ქართველს არაფრით ჩამოუვარდება.

ჯანელიძე თითქოს დაინავსა, მაგრამ ეს ნავსიანი პერიოდიც ვერ იქნება უსასრულო. განგება ხშირად უსამართლოდ ექცევა ადამიანს, მაგრამ მერე უხვად აჯილდოებს მას.

ჯანელიძეს თამაშის წაყვანა შეუძლია, ლიდერის თვისებებიც აქვს, რთული სიტუაციიდან დასხლტომია რამდენიმე მეტოქეს და შეტევა გაუმწვავებია. ჯანელიძე ისეთი ფლეიმეიკერია, ბევრი გოლი რომ არ გააქვს, მაგრამ გამთამაშებელი მხოლოდ ამით რომ არ ფასდება, ესეც ნაღდია.

ჯანელიძე 23 წლის გახლავთ, უცხოეთში წასვლის ვადა მისთვის ჯერ არ გასულა. ფულის შოვნა, ყაზახეთში თუ უზბეკეთში წასვლა მერეც მოესწრება, მაგრამ ნაბიჯის წინ გადადგმა ხომ სულ სხვა რამეა...

ჯანელიძე ძალიან გულწრფელი ფეხბურთელია. ხშირად დავმდგარვარ ფაქტის წინაშე - ფეხბურთელი ინტერვიუს დროს თვალებში მიყურებს, კითხვებზე მპასუხობს და ვიცი, რომ ტყუილს მეუბნება. ჯანელიძე კი სულ სხვანაირია, მისგან ასეთი რამ წარმოუდგენელია. ადამიანს ხანდახან გულწრფელობასთან ერთად გულუბრყვილობაც ძალიან უხდება.

კარგი აგენტი - ჯანელიძეს ახლა ყველაზე უფრო ეს სჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ჯანელიძე: რუსეთში დრო დავკარგე, ისევ "ვიტ ჯორჯიაში" დავრჩები
გიორგი ჯანელიძე: იმედი მაქვს, "ვიტ ჯორჯია" ჩემში მილიონებს არ მოითხოვს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისიც ასწავლეთ ვინ არის კარგი აგენტი?!
guja_kakhadze
16:23 09-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული