გახსოვთ უჩე? - ნიგერიელმა საქართველოში საფეხბურთო ბიზნესი დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
პირველად შარშან ვნახე ისეთი გუნდი, თერთმეტივე ფეხბურთელი შავკანიანი რომ იყო და იცით, სად?

რა თქმა უნდა, ჩვენთან, საქართველოში. მეორე ლიგაში არის ასეთი გუნდი: UC BEST (იხილეთ ვიდეო). საყველპურო ინგლისური ჩვენთან ბევრმა იცის და ალბათ ისიც გეცოდინებათ, რომ BEST ჩვენებურად საუკეთესოს ნიშნავს, მაგრამ UC რაღა უნდა იყოს?

და საერთოდ, როგორ გაჩნდა აფრიკელების საფეხბურთო კლუბი საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში?

90-იანი წლების მეორე ნახევარი იქნებოდა, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში პირველი აფრიკელი ლეგიონერი რომ გამოჩნდა. ნიგერიელი უჩე უვაკვე ბათუმის "დინამოში" ჩაირიცხა, სადაც დიდი ხნით არ
გაჩერებულა და უკრაინაში გადაბარგდა.

უვაკვემ ფეხბურთის თამაშით დიდად ვერ მოგვაწონა თავი, მისგან განსაკუთრებული არაფერი გვინახავს, მაგრამ უჩე საქართველოში დაბრუნდა და საფეხბურთო საქმიანობის გაგრძელება ჩვენთან ისურვა.

UC BEST სწორედ უჩე უვაკვეს კლუბია, რომელიც 2011/12 წლების სეზონისთვის შეიქმნა. უჩე კლუბის პრეზიდენტი გახლავთ. გუნდის მწვრთნელიც ნიგერიელი იყო. UC BEST-ში მუშაობდა მწვრთნელად მალხაზ მახარაძეც. რამდენიმე დღის წინ კი უჩემ UC BEST-ის გაწვრთნა ოთარ მგელაძეს ანდო.

ქართველი ფეხბურთელები სად აღარ მიდიან უკეთესი ჯამაგირისთვის, მაგრამ არიან ისეთებიც, ცხოვრების მოსაწყობად, კარიერის შესაქმნელად საქართველოში რომ ჩამოდიან. დღეს უკვე არავის უკვირს თბილისის ქუჩებში მოსიარული აფრიკელები, შავკანიანები აქ ფეხბურთის სათამაშოდაც ჩამოდიან.

"ამ გუნდის გაწვრთნა უჩე უვაკვემ შემომთავაზა. ჩვენი მიზანი ფეხბურთელების გადამზადება, მათი უკეთეს ლიგაში გადასას
ვლელად ჩამოყალიბება გახლავთ.

უვაკვესთვის ეს საქმიანობა ბიზნესია. თვითონაც თბილისში ცხოვრობს და საკუთარი კლუბიდან ფეხბურთელების გასხვისებას უცხოეთშიც აპირებს",
- გვითხრა ოთარ მგელაძემ.

ამ დროისათვის მწვრთნელის განკარგულებაში რვა აფრიკელი და ამდენივე ქართველია. UC BEST თებერვლიდან მუხრანში, "გაგრას" ბაზაზე ივარჯიშებს და ითამაშებს.

ფეხბურთელების რეექსპორტი ერთია, ოღონდაც უვაკვეს გუნდის მიზანი მხოლოდ ეს არ არის. მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში 14 გუნდი თამაშობს. პირველ ადგილზეა "ქართლი 2011", რომელსაც UC BEST რვა ქულით ჩამორჩება.

"კლუბის პრეზიდენტმა ის მიზანიც დაგვისახა, რომ ეს რვაქულიანი ჩამორჩენა უნდა აღმოვფხვრათ, რაც ადვილი ნამდვილად არ იქნება. "ქართლი 2011"-ში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელიცაა, ადრე გორის "დილას" შემადგენლობაში უმაღლეს ლიგაში რომ უთამაშია",
- განგვიმარტა მგელაძემ.

UC BEST-ის ახალი მწვრთნელის თქმით, მან საკმაოდ ნორმალური გუნდი ჩაიბარა.

Sportall.Ge

"მეორე ლიგაში UC BEST-ის ორი მატჩი ვნახე. აფრიკელი ფეხბურთელები, ქართველებთან შედარებით, ფიზიკურად უფრო ღონიერები არიან. მეორე ლიგის კვალობაზე კარგი გუნდი გვეთქმის. "ქართლი 2011"-ს სოლიდური ფორა აქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვეცდებით.

UC BEST-ის ლეგიონერებს მხოლოდ ნიგერიელები არ შეადგენენ. აქ არიან კოტდივუ
არელებიცა და განელებიც. UC BEST-ს სამი-ოთხი ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, ახლავე რომ შეუძლია საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაში".

მოკლედ, საინტერესო უნდა იყოს, როგორი გუნდი იქნება მწვრთნელშეცვლილი UC BEST და როგორ წარმოაჩენენ თავს აფრიკელი ლეგიონერები. სავიზო რეჟიმი უჩეს იმის საშუალებას აძლევს, რომ უპრობლემოდ ჩამოიყვანოს ჩვენთან შავკანიანები.

საერთოდ, ფეხბურთელების რეექსპორტი სარფიანი საქმე უნდა იყოს. საქართველოს უმაღლესი ლიგის არაერთმა კლუბმა იხეირა ამით, თუნდაც ექსდინამოელი დიდიე ოვონოს მაგალითი ავიღოთ, მაგრამ საქართველოს მეორე ლიგიდან თუ არის შესაძლებელი რეექსპორტით ფულის შოვნა, ამას დრო გვიჩვენებს.

"ყველანაირ ფინანსურ საკითხს კლუბში უჩე უვაკვე უძღვება. მეორე ლიგის კვალობაზე გუნდს ნორმალური პირობები აქვს, ფეხბურთელები ხელფასის გარდა, პრემიასაც კი იღებენ", - გვითხრა მგელაძემ.

ერთი-ორი კარგი უჩე, ალბათ, არ აწყენდა ქართულ საკლუბო ფეხბურთს, სადაც უმაღლესი ლიგის გუნდის ფეხბურთელს შეკრების დროს იატაკზე უწევს წოლა. არ ვიცი, რა ხელფას-პრემიას უხდის უვაკვე აფრიკელებს, მაგრამ მათი აქ ჩამოყვანა და შენახვა ხურდა რომ არ დაჯდება, თქმა არ უნდა.

რაც შეეხება აბრევიატურას UC - უჩე უვაკვეს სრული სახელი ლათინურად ასე იწერება: Uchechukwu Uwakwe. სახელის პირველ ნაწილში რაც დომინირებს, კლუბის აბრევიატურასაც ის წარმოადგენს.

ინტერნეტში ამ კაცზე ბევრს ვერაფერს მოიძიებთ, გარდა იმისა, რომ მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს - ნიგერიული და ქართული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"იუსი ბესტი" - აფრიკელების ქართული საფეხბურთო კლუბი
ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელს შეკრების დროს იატაკზე ეძინა...
მკითხველის კომენტარები / 8 /
მახსოვს უჩეს პირველი თამაში, ბათუმის დინამო თასზე ლოკომოტივს ხვდებოდა და დამატებით დროში და მეორე ტაიმის ბოლო წუთებზე შეცვლაზე ითამაშა. სამჯერ მოაწოდა აუტიდან ბურთი არასწორედ, და ასეთი უნიჭო კაცი თუ აწყობს ბიზნესს ჩვენთან, აბა ჩვენ რაღა გვჭირს?
tornike
23:10 11-01-2013
0
მიშაია ბლეყეს და მის "გენიოს" მომხრეებს წააკითხეთ ეს სტატია. ნახავთ როგორ გაუხარდებათ, თან კიდევ სიამაყისგან გაიბერებიან!
shoda
22:26 11-01-2013
0

სიახლეები პოპულარული