...მე ფეხბურთელი ვარ და ნაკლები უფლებები მაქვს - საქართველოში ასეა

AutoSharing Option
სურათზე: დავით დიღმელაშვილი [მარჯვნივ]

დავით დიღმელაშვილი
32 წლისაა და საჩხერის "ჩიხურას" ფეხბურთელი გახლავთ. ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და სახელიანი მოთამაშეა საქართველოს ჩემპიონატში.

დიღმელაშვილმა გზა "ვიტ ჯორჯიადან" დაიწყო, მერე თბილისის "დინამოში" გადავიდა, შემდეგ ისრაელში წავიდა, "ჩიხურაში" მისვლამდე კი ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა.

ცენტრალური ნახევარმცველია, ლიდერის თვისებები აქვს, თავის პოზიციაზე მყარად დგას, რითაც თანაგუნდელებსაც აგულიანებს - ყოველივე ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთში.

დიღმელაშვილს აქეთურ-იქითურზე ვესაუბრეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ საინტერესო რესპონდენტია...

- სეზონის წინ "ჩიხურას" მიზანი ზედა ექვსეულში მოხვედრა იყო, რაც შეასრულეთ კიდეც და
მეოთხე ადგილით ხვდებით მეორე ეტაპს - ალბათ, ბოლომდე კმაყოფილები ხართ...
- კმაყოფილები კი ვართ, მაგრამ მეტიც შეგვეძლო, მესამე ადგილზე გასვლა ჩვენთვის მიუღწეველი ნამდვილად არ იყო.

- "ჩიხურაში" ბევრი გამოცდილი ფეხბურთელია: სომხიშვილი, ოდიკაძე, გოცირიძე... გუნდის სიძლიერესაც, პირველ რიგში, ალბათ ეს განაპირობებს...
- მასე არ ვიტყოდი. მხოლოდ გამოცდილებით, ან მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებით მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა წარმოუდგენლად მიმაჩნია. "ჩიხურა" გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების კარგი სინთეზია, ბალანსი 50/50-ზეა.

- დიღმელაშვილი "ვიტ ჯორჯიაში" სულ სხვანაირი იყო, ახლა კი უფრო გამოცდილების და კლასის ხარჯზე თამაშობს, უწინდელივით ბევრს აღარ მოძრაობს - ეთანხმები ასეთ შეხედულებას?
- "ვიტ ჯორჯიაში" სხვა ფუნქცია მქონდა და შედარებით ცოტა მოძრაობა მიწევდა. მას აქეთ 7-8 წელი გავიდა. "დინამოში" რომ გადავედი, უფრო მეტი მოძრაობა მევალებოდა, ვიდრე "ვიტ ჯორჯიაში", "ტორპედოში" კი უფრო დაიხვეწა ჩემი ფუნქციები მას შემდეგ, რაც მწვრთნელად გია გეგუჩაძე მოვიდა.

ერთი სიტყვით, ყველაფერი ფუნქციაზეა დამოკიდებული. ახლა "ჩიხურაში" იგივე ფუნქცია მაქვს, რაც "ვიტ ჯორჯიაში" მქონდა - შეტევის ორგანიზება, გუნდის დალაგება.

- თბილისის "დინამოდან", ცოტა არ იყოს, უცნაურად გაგიშვეს...
- უცნაურად კი არა, ყველაფერი ცუდად მოხდა, ბატონმა ბუბა ტყავაძემ ჩირქი მომცხო. თუ რატომ მოხდა ყველაფერი ასე, ვერ გეტყვით, რადგან ამის მიზეზი არ ვიცი. მე ფეხბურთელი ვარ და ნაკლები უფლებები გამაჩნია - საქართველოში ასეთი ტენდენციაა...

- ამ დროისთვის ყველაზე უფრო რომელი ქართული გუნდის თამაში მოგწონს?
- ქუთაისის "ტორპედოსი". ამ გუნდს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს და როგორც ვიცი, ისევ ახალგაზრდების დამატებას აპირებს. "ტორპედოს" ძალიან ძლიერი მწვრთნელი ჰყავს და გუნდს სწორ ფეხბურთს ათამაშებს.

- ჩემპიონატს "დინამო თბილისი" ლიდერობს - როგორ ფიქრობ, პირველ რიგში, რის ხარჯზე მოახერხა ეს ამ გუნდმა?
- "დინამოს" თამაშში ისეთს ვერაფერს ვხედავ, რომ ვთქვა, რაღაც განსხვავებულია-მეთქი. "დინამოს" ჰყავს ჩისკო. ის გუნდის ლიდერია. რომ არა ეს ფეხბურთელი, ვფიქრობ, "დინამოს" ასეთი კარგი შედეგი არ ექნებოდა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ "დინამოს" ჩისკოს გარდა არ ჰყავს კარგი მოთამაშეები, მაგრამ მხოლოდ ფეხბურთელი საკმარისი არ არის - მწვრთნელი დიდ როლს ასრულებს. ჩემი აზრით, გუნდის შედეგის 70 პროცენტს სწორედ მწვრთნელი განაპირობებს.

"დინამოს", მაგალითად, გეგუჩაძე რომ ჰყავდეს მწვრთნელად, ბევრად უკეთესი გუნდი ეყოლებოდა. კარგი ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორ წაიყვან გუნდს, რა ხედვა გექნება - ეს ხომ უკვე მწვრთნელის გასაკეთებელია.

- გორის "დილაში" ჯერაც გაურკვევლობაა. გუნდი უკვე დატოვა რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა. როგორ ფიქრობ, ყოველივე ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ "დინამო" უპრობლემოდ შეინარჩუნებს პირველობას და ჩემპიონი გახდება?
- ზედა ექვსეულში ყველა თამაში დაძაბული იქნება და არა მგონია, რომ სეზონის მეორე ეტაპი "დინამოსთვის" უპრობლემო გამოდგეს.

იმედია, გორის "დილა" ერთი ხელის მოსმით არ დაიშლება, თუმცა, ფაქტია, რომ "დინამოს" უკვე ძალიან დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული ჩემპიონობისკენ.

- "ვიტ ჯორჯიაში" ჩამოყალიბდი ფეხბურთელად და ამ გუნდზეც გვითხარი ორიოდე სიტყვა...
- გულდასაწყვეტია, "ვიტ ჯორჯია" ასეთ სიტუაციაში რომ არის, ეს ამ გუნდს არ შეეფერება. "ვიტ ჯორჯიაში" არაერთი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. გიორგი ჯანელიძის გარდა, იქ კიდევ არიან ისეთები, საქართველოს წამყვან გუნდებში წარმატებით რომ ითამაშებდნენ.

დავით დიღმელაშვილი: 70 პროცენტი მწვრთნელია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული