საჩხერის "ჩიხურა" - გამოცდილი დებიუტანტი

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" ის კლუბია, თუ მისი პატრონი მოისურვებს, სულ სხვა სიმაღლეზე აღმოჩნდება. "ჩიხურას" "ქართუ ჯგუფი" აფინანსებს, ეს ფინანსური ჯგუფი კი ბიძინა ივანიშვილს რომ უკავშირდება, ალბათ, ყველამ იცის.

ჯერჯერობით "ჩიხურა" საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ნორმალური გუნდია და აქვს შანსი, ევროსარბიელზე ითამაშოს.

"ჩიხურა" ამ სეზონისთვის აღზევდა უმაღლეს ლიგაში და დებიუტანტის კვალობაზე ჩინებული შედეგიც აქვს - პირველი ეტაპი მეოთხე ადგილზე ჩაამთავრა.

დებიუტანტიო, კი ვთქვით, მაგრამ "ჩიხურა" მეტწილად უმაღლეს ლიგაში წლობით ნათამაშები ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და მოწინავეთა შორის რომ აღმოჩნდა, მოულოდნელობა არ ყოფილა.

"ჩიხურას"
მწვრთნელიც გამოცდილი ჰყავს - სოსო ფრუიძის ხელში გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული.

საჩხერულ გუნდს ჯერ არ გააჩნია ისეთი სტადიონი, სადაც საშინაო მატჩებს ჩაატარებს და სტუმრებს საჩხერესთან ახლოს, ივანწმინდაში მასპინძლობს. ეს ალბათ დროის ამბავია. თუ "ჩიხურას" საქმე წინ წავა, "ქართუ ჯგუფს" საჩხერეში კოხტა სტადიონის აშენება ალბათ არ გაუჭირდება.

"ჩიხურას" ფან-კლუბიც ჰყავს. ათეულობით ქომაგი გუნდს საგარეო მატჩებზეც დაჰყვება.

ერთი სიტყვით, "ჩიხურა" ცდილობს, ისეთი კლუბი გახდეს, ყველანაირი ატრიბუტიკა რომ გააჩნია.

მიმდინარე სეზონში "ჩიხურა" ჯერჯერობით სტაბილურად თამაშობს, ჩავარდნა რასაც ჰქვია, ასეთი არ ჰქონია.

მეკარე
"ჩიხურას" პირველი მეკარე ამ დროისთვის გიორგი სომხიშვილი გახლავთ, თუმცა ის უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ გუნდის პირველი გოლკიპერი.

32 წლის სომხიშვილი "ჩიხურას" ერთ-ერთი ლიდერია. როცა ის დგას კარში, გუნდის დაცვა უფრო თავდაჯერებულად და მობილიზებულად გრძნობს თავს. დავესწარი "ზუგდიდის" და "ჩიხურას" შეხვედრას განმუხურში, სადაც საჩხერელებს სომხიშვილი დისკვალიფიკაციის გამო არ ჰყავდათ. აშკარად გამოჩნდა, რომ მისი არყოფნა სერიოზული დანაკლისი იყო.

26 წლის ზურაბ მწყერაშვილი ურიგო მეკარე როდია, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, სომხიშვილი დიდ კონკურენციას გრძნობსო.

დაცვა
გამოცდილი ედიკ საჯაია, შეუპოვარი ნიკა გუშარაშვილი, საიმედო ვაჟა ლომაშვილი...

ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ნომინალურად ნახევარმცველი 20 წლის გიორგი ქიმაძე საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელია. ფრუიძემ ის არაერთხელ ათამაშა მარცხენა მცველად, თუმცა მერე რატომღაც სათადარიგოთა სკამზე დასვა. სხვათა შორის, ქიმაძე ერთხელ ალექსანდრე ჩივაძემაც გამოიძახა შარშან ახალგაზრდულ ნაკრებში.

"ჩიხურას" დაცვას განსაკუთრებული პრობლემები არ ჰქონია პირველ ეტაპზე, თუმცა ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ გუნდმა ამ რგოლის გაძლიერებაზე არ უნდა იფიქროს.

ნახევარდაცვა
მარჯვენა ფლანგიდან ძალიან მწვავედ უტევს ფეხმალი და მოდრიბლინგე, 20 წლის დათო კირკიტაძე, ვისაც გოლის გატანაც ეხერხება. ჩივაძემ ისიც გამოიძახა ნაკრებში და დანიასთან ამხანაგურ შეხვედრაში ათამაშა კიდეც.

ფრუიძემ მანამდე ფლანგზე მოთამაშე 24 წლის ნიკა კვასხვაძე შუისკენ შესწია და გამთამაშებლობა დააკისრა. მწვრთნელის ექსპერიმენტმა გაამართლა, გამოჩნდა, რომ ნიკა კვასხვაძე არ არის მხოლოდ ფლანგზე სწორხაზოვნად მოთამაშე ფეხბურთელი.

ტექნიკით გამორჩეულია 20 წლის ბესიკ დეკანოიძე. ის უფრო აგრესიულად თუ ათამაშდება, მისი გაჩერება მცველებს კიდევ ძალიან გაუჭირდებათ. ნახევარდაცვა "ჩიხურაში" უძლიერესი რგოლია, მწვრთნელს აქ არცთუ მწირი არჩევანი აქვს.

33 წლის დავით დიღმელაშვილი გუნდს შეტევის ორგანიზებაში ეხმარება. "ჩიხურა" მის გამოცდილებას კარგად იყენებს.

თავდასხმა
აქ მართლაც გამოსასწორებელი აქვს საქმე ფრუიძის გუნდს. თავდამსხმელებმა პირველ ეტაპზე ჯამში მხოლოდ 7 გოლი გაიტანეს. 29 წლის გაგა ჩხეტიანი ადრე ძალიან პერსპექტიულ თავდამსხმელად ითვლებოდა, მისი კარიერა კი სხვანაირად წარიმართა...

როგორც უნდა იყოს, ჩხეტიანი ახლაც ფასეული მოთამაშეა საქართველოს ჩემპიონატში.

32 წლის რევაზ გოცირიძემ ბევრი გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ სხვანაირად დაეხმარა გუნდს - ბურთის მიღება-შენარჩუნება და გუნდის ამოყვანა პატარა საქმე არ არის.

საუკეთესო მატჩი
"ჩიხურამ" შინ "ვიტ ჯორჯია" 4:0 რომ დაამარცხა, საჩხერელთა საუკეთესო თამაში ალბათ ეგ იყო. გასაგებია, რომ "ვიტ ჯორჯია" მოწინავეთა შორის აღარაა, მაგრამ საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული; ქულები "დინამო თბილისსაც" აართვა, "ზესტაფონს" კი სტუმრად მოუგო.

მოკლედ, "ჩიხურასგან" ვიტჯორჯიელთა დიდი ანგარიშით დამარცხება გამორჩეულად მივიჩნიეთ.

ყველაზე ცუდი მატჩი
პირველ ეტაპზე "ჩიხურამ" ერთი მატჩი წააგო დიდი ანგარიშით - თბილისში "დინამოსთან" 2:5. ფრუიძის გუნდის ყველაზე უარეს შეხვედრად ეს ჩავთვალეთ.

ლიდერი
ვფიქრობთ, "ჩიხურაში" ასეთი 31 წლის დავით ოდიკაძეა. შეტევაში ჩინებულად ერთვება. პირველ ეტაპზე თავისი გუნდიდან ყველაზე მეტი, შვიდი გოლი მან გაიტანა.

ოდიკაძე კარგ მაგალითს აძლევს "ჩიხურას" ახალგაზრდა ფეხბურთელებს, თანაგუნდელებს მისი სჯერათ - ყოველივე ეს ლიდერობისთვის ალბათ საკმარისია.

მიზანი
თუ ამ სეზონში "ჩიხურა" ევროსაგზურს ვერ მოიპოვებს, ხელმოცარვაში არ უნდა ჩავუთვალოთ. პროგრამა-მინიმუმი ფრუიძის გუნდმა უკვე შეასრულა ზედა ექვსეულში მოხვედრით. მომდევნო სეზონში კი ვნახოთ, თუ "ქართუ ჯგუფმა" მეტი მოინდომა...

"ჩიხურა" 2012/2013
მეკარეები: გიორგი სომხიშვილი -16, ზურაბ მწყერაშვილი -7;

მცველები: ვაჟა ლომაშვილი - 20(1), ნიკა გუშარაშვილი - 13 (1), ედიკ საჯაია - 13(1), ლაშა ჭელიძე - 12, ჯაბა ბერიანიძე - 10(1), გიორგი ქიმაძე - 9, გიორგი მურველაშვილი - 3;

ნახევარმცველები: ბესიკ დეკანოიძე - 22(2), დავით კირკიტაძე - 21(6), დავით ოდიკაძე - 20(7), დავით დიღმელაშვილი - 20(1), ნიკა კვასხვაძე - 19(4), ლაშა ჩიკვაიძე - 16(1), ლევან ბაკურაძე - 14(1), ნიკა მაისურაძე - 11, ზურაბ ძამსაშვილი - 10, ირაკლი ზაბახიძე - 4;

თავდამსხმელები: გაგა ჩხეტიანი - 16(3), თემურ შარაშენიძე - 12(2), რევაზ გოცირიძე - 9(2), თორნიკე მუმლაძე - 7.

"ჩიხურას" ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ტური
კოლხეთი-ჩიხურა 0:2
II ტური
დილა-ჩიხურა 2:3
III ტური
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა 0:1
IV ტური
მერანი-ჩიხურა 1:0
V ტური
ჩიხურა-სიონი 2:1
VI ტური
ზუგდიდი-ჩიხურა 4:2
VII ტური
ჩიხურა-დინამო(თბ) 0:0
VIII ტური
ზესტაფონი-ჩიხურა 0:0
IX ტური
ჩიხურა-მეტალურგი 1:0
X ტური
ტორპედო-ჩიხურა 3:1
XI ტური
ჩიხურა-დინამო(ბთ) 3:0
XII ტური
ჩიხურა-კოლხეთი 2:1
XIII ტური
ჩიხურა-დილა 0:2
XIV ტური
ჩიხურა-ვიტ ჯორჯია 4:0
XV ტური
ჩიხურა-მერანი 1:0
XVI ტური
სიონი-ჩიხურა 0:3
XVII ტური
ჩიხურა-ზუგდიდი 2:0
XVIII ტური
დინამო(თბ)-ჩიხურა 5:2
XIX ტური
ჩიხურა-ზესტაფონი 3:1
XX ტური
მეტალურგი-ჩიხურა 1:1
XXI ტური
ჩიხურა-ტორპედო 0:0
XXII ტური
დინამო(ბთ)-ჩიხურა 0:2

სატურნირო ცხრილიSportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზუგდიდის "ზუგდიდი" - ავტორიტეტთა რისხვა
ბათუმის "დინამო" - შეხვედრა წარსულთან
რუსთავის "მეტალურგი" - მთავარი მოულოდნელობა
მარტვილის "მერანი" - უცვლელი ხელწერა და დამსახურებული სიმპათიები
ბოლნისის "სიონი" - შერჩენილი შარმი
თბილისის "დინამო" - ოთხწლიანი ლოდინის დასასრული...
"ვიტ ჯორჯია" - გუნდი, რომელიც სტუმრად უკეთესია
გორის "დილა" - დიდი ამბიციები და გაურკვევლობა
ფოთის "კოლხეთი" - საუკუნოვანი იუბილე არასაზეიმო განწყობით
ქუთაისის "ტორპედო" - კარგად ნაცნობი კურსი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული