2013 წლისთვის ფოთის მუნიციპალიტეტმა "კოლხეთს" 300 ათასი ლარი გამოუყო. ასეთმა მწირმა დაფინანსებამ ჩვენი გაოცება გამოიწვია.
ცხადია, ეს თანხა მთელი წელი გუნდსაც არ ეყოფა. თანაც, წლეულს ფოთის "კოლხეთის" იუბილეა.
საერთოდაც, ქართული ფეხბურთის აკვანი სავალალო მდგომარეობაშია. "კოლხეთის" თავკაცები წლიდან წლამდე არასტაბილურ გარემოში მუშაობენ: სულ გაურკვევლობაში არიან, დააფინანსებენ თუ არა კლუბს და თანხმობის შემთხვევაში, მწირ თანხას
ამ ყველაფრის ფონზე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფილიამ დამაიმედებელი ამბები გვაცნობა:
- დიახ, "კოლხეთის" ბიუჯეტი 300 ათასი ლარი იქნება, მაგრამ ეს არის არა წლიური ბიუჯეტი, არამედ მაისამდე დასარიცხი თანხა. ჩვენ ძალიან დაგვაიმედა ფეხბურთით ქალაქის მმართველთა დაინტერესებამ.
შობის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელები და მწვრთნელი დაგვიბარეს ფოთის მერიისა და საკრებულოს ერთობლივ სხდომაზე, სადაც მხოლოდ "კოლხეთის" მომავალსა და ფოთში ფეხბურთის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ვილაპარაკეთ.
წინასწარ გეტყვით, რომ ლაპარაკი იყო არა მხოლოდ კლუბის წლევანდელ დაფინანსებაზე, არამედ - რა ვუშველოთ კლუბს, რომელსაც აშკარად დიდი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ დღემდე ამ რესურსს ვერ ვიყენებთ.
- დავაკონკრეტოთ, კლუბის დაფინანსებაზე რა გადაწყდა?
- 300 ათასი წლის ბოლომდე უნდა ვიმყოფინოთ, მაგრამ მერიასა და საკრებულოში უკვე ზრუნავენ, რომ მომავალი სეზონისთვის მინიმუმ 1,5-მილიონლარიანი ბიუჯეტი გვქონდეს.
- ამ თანხას ვინ გამოყოფს?
- აწარმოებენ მოლაპარაკებებს ინვესტორებთან. შესაძლოა, კლუბს პორტი დაეხმაროს. საკითხი ასე დგას: ჩვენ გვჭირდება არა ერთწლიანი ამოცანების შესრულება, არამედ, მინიმუმ, "კოლხეთის" განვითარების სამწლიანი პროგრამა და შესაბამისი დაფინანსება, ან დაფინანსების გარანტია.
საკადრო საკითხებზე მერე ვიტყვი, ახლა კი ჩანაფიქრს მოკლედ ავხსნი: საჭიროა ახალგაზრდული გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც წლეულს უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, მეორე წელს შეთამაშდება და მოღონიერდება, მესამე წელს კი სერიოზული ამოცანების გადასაჭრელად იბრძოლებს.
თუ მიზანმიმართული გეგმა არ გვექნება, ყოველწლიური ამოცანის გადაწყვეტით "კოლხეთი" გულშემატკივრის გულს ვერასოდეს მოიგებს.
მე ის მახარებს, რომ ეს ყველაფერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენზე არანაკლებ ესმით და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. სხვათა შორის, კიდევ შევხვდით და სხვა საკითხებზეც დავილაპარაკეთ.
- მაგალითად?
- ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. როგორც საწვავის გარეშე ვერ გაფრინდება თვითმფრინავი, ასევეა კლუბი, რომლის "საწვავიც" სავარჯიშო პირობებია: თუ ეს პირობები არ გააჩნია, ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს.
ჩვენ სავარჯიშოდ ურეკში დავდივართ, 30 კილომეტრი იქით-აქეთ ყოველდღე სასიამოვნო ნამდვილად არ არის, დისკომფორტს გვიქმნის. საქმე ისაა, რომ ფოთში კარგი სავარჯიშო მოედანი არ გვაქვს; აღარაფერს ვამბობ კლუბის ბაზაზე, რაც ჩვენთვის დღემდე ოცნებად რჩება.
- ბაზის მშენებლობას დიდძალი თანხა დასჭირდება და ამ ფულს საიდან მოიტანთ?
- მგონია, ახლა საკითხი მკვდარი წერტილიდან დაიძრა. ქალაქის მერიასა და საკრებულოში სურთ, რომ კლუბისთვის თანამედროვე ბაზა ააშენონ, სადაც იქნება 2 ბუნებრივი მოედანი, ერთიც - ხელოვნურსაფარიანი; შენობა 30 ოთახით, ტრენაჟორების დარბაზი, აღდგენითი და სამედიცინო ცენტრები, კვების ბლოკი, აუზი.
საამისოდ ფოთთან ახლოს ან თავად ქალაქში 5 ჰექტარ მიწას ეძებენ, ერთხელ და სამუდამოდ "კოლხეთს" ბაზის პრობლემა რომ მოუგვარონ. სხვაგვარად არც ჩემს და არც სხვა მწვრთნელის მუშაობას აზრი არ ექნება.
გარდა ამისა, ლაპარაკია საფეხბურთო სკოლის შემოერთებაზე, რომელიც კლუბისთვის იმუშავებს - მცირე სტადიონის მოწყობა ამისთვისაც იგეგმება.
- სტადიონის მშენებლობა განახლდება?
- სტადიონზე მშვენიერი საფარია, მაგრამ თითქმის ყველა სხვა საკითხი მოსაწესრიგებელია. ნორმალური გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები არ გვაქვს. ეს პრობლემები სწრაფად უნდა მოვაგვაროთ, ფოთში სტუმრები რომ მივიღოთ და ფედერაციამ თამაშის უფლება დაგვრთოს.
საერთოდ, ჩემი აზრით, თუ კეთდება, კარგი და მასშტაბური პროექტი უნდა შედგეს, თანამედროვე სტადიონი ფოთშიც რომ გვქონდეს, სადაც საერთაშორისო შეხვედრებსაც თამამად ვუმასპინძლებთ. სხვადასხვა ვარიანტი განვიხილეთ და ვფიქრობ, ფოთს 10 ათასზე ნაკლები ტევადობის სტადიონი არ შეეფერება.
- ეს საკითხები როდის გადაწყდება?
- ფოთის მერი დავით სარსანია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა ისეთი დაინტერესებულები არიან, მგონია, რომ მნიშვნელოვან საფეხბურთო პროექტებს ფოთში მალე განახორციელებენ. კონკრეტულ ამბავსაც გეტყვით: დავით ხომერიკი ფოთის ვიცე-მერია და სპორტისა და კულტურის საკითხებს კურირებს. სხვათა შორის, ჩემი ფეხბურთელი იყო და 18 წლამდე "კოლხეთში" თამაშობდა. ის საფეხბურთო ნიუანსებში კარგად ერკვევა და ვიცი, რომ უახლოეს პერიოდში თბილისში იმ კომპანიებს უნდა შეხვდეს, რომლებიც სტადიონების დაპროექტებაზე მუშაობენ.
- ეს ყველაფერი ფოთის "კოლხეთის" 100 წლის იუბილემ გამოიწვია?
- იუბილემაც და კლუბის საჭიროებამაც. ადრე თუ გვიან ხომ უნდა მოვიფიქროთ გამოსავალი?! ეს კი სწორედ ის მიდგომაა, რაც კლუბს სჭირდება. მერე "კოლხეთს" ფილია გაწვრთნის თუ სხვა ვინმე, წელში გამართულ და ძლიერი გუნდს ჩაიბარებს.
ფოთში თანამედროვე სტადიონის აშენება ჯერ კიდევ 17 წლის წინათ, პორტის ყოფილ ხელმძღვანელს, ვალერი გეგიძეს სურდა. პროექტიც შეუკვეთა, რომლის პრეზენტაციაც შედგა, მაგრამ ქვეყანა აირია და ფეხბურთისთვის აღარავის ეცალა.
მიმაჩნია, რომ ახლა ქვეყანა ამ პროექტის განხორციელებისთვის მზადაა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნებაც არსებობს.
- რაც შეეხება საკადრო საკითხებს?
- მეორე წრიდან გუნდში, სულ მცირე, 3/4 ადგილობრივი უნდა იყოს. ბოლო ტურებში, როდესაც "კოლხეთიდან" 11 მოთამაშე გავუშვით, "დილასთან" და "ვიტ ჯორჯიასთან", ძირითადად, ადგილობრივები ვათამაშეთ და მათ თავი ჩინებულად გამოავლინეს.
პირველი წრის შემადგენლობიდან კი მხოლოდ 6 მოთამაშე დავიტოვეთ - ბუბუტეიშვილი, ფარულავა, მოსიაშვილი, ხარშილაძე, კრასოვსკი და კვანტალიანი. ახლახან ზამირ ჯანაშიაც დაგვიბრუნდა. სხვა ყველა ადგილობრივია და მჯერა, მალე ისინი დიდ დონეზე ითამაშებენ.
- სეზონისთვის მზადება თუ დაიწყეთ?
- ვარჯიში 10 იანვარს განვაახლეთ. ჩვენს განკარგულებაში ამჯერად 32 ფეხბურთელია და ბევრს კიდევ ვაკვირდებით. მაგალითად, ახლახან ორი აფრიკელი ჩამოვიდა: ნიგერიელი შემტევი ნახევარმცველი ბობო და კოტდივუარელი თავდამსხმელი ბაჩუ.
შესაძლოა, კიდევ რამდენიმე მოთამაშე დავიმატოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რომელი გუნდია საქართველოში ყველაზე მდიდარი?
ფოთის "კოლხეთი" - საუკუნოვანი იუბილე არასაზეიმო განწყობით