მოსატყუებელი კიდევ ბევრია!

AutoSharing Option
ამა წლის იანვარი იყო, მეტისმეტად მომრავლებულმა ქართულმა სატრანსფერო ზღაპრებმა ახალი რუბრიკის შემოღება-"დაარსებისკენ" რომ გვიბიძგა; "სიცრუის დეტექტორი" - აი, ასე ვუწოდეთ ამ რუბრიკას და ვივარაუდეთ, რომ სულ მცირე, ყოველ ექვს თვეში ერთხელ (ანუ, "სატრანსფერო ფანჯრის" პერიოდში) მაინც მოგვიწევდა "მეზღაპრე" ქართველ ფეხბურთელებზე საუბარი...

ჰო, იმ "ზღაპრებზე" მოგახსენებთ, უცხოურ გუნდებში ვერმოხვედრილი ქართველი ფეხბურთელები სამშობლოში ჩამოსვლისთანავე უკვე წლებია, რომ გვიყვებიან და გვიყვებიან. ოღონდ, როგორც თანამედროვე ფეხბურთი ვითარდება და წლიდან-წლამდე ევოლუციას განიცდის, ასევე იცვლება და უფრო... "მრავალფეროვანი" ხდება უცხოურ გუნდებში დაწუნებული ქართველ ფეხბურთელთა სატრანსფერო ზღაპრებიც.

მაგალითად, ადრე, თითქმის ერთი და იგივე სიტყვებს ვისმენდით-ხოლმე: "ესა თუ ის ცნობილი უცხოური კლუბი მიწვევდა, მეც ყველაფერი ავწონ-დავწონე (ანუ, კარიერაში უკან გადადგმულ ნაბიჯად არავინ ჩამითვალოსო), ჩავედი ადგილზე და ვარჯიშებზე, ორმხრივ თამაშებსა თუ საკონტროლო მატჩებში ისეთი ჩინებული შთაბეჭდილება დავტოვე, მწვრთნელ-პრეზიდენტ-გულშემატკივრები სიხარულისგან ლამის "მეცხრე ცაზე" იყვნენ - უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელის დამატებით აწი ჩვენი შემჩერებელი ვერც ერთი გუნდი იქნებაო! მაგრამ, სამწუხაროდ, ტრანსფერი მაინც არ შედგა - პირობებმა არ დამაკმაყოფილა"...

აი, ასეთ ზღაპრებს ვისმენთ-ხოლმე თითქმის ყოველი სატრანსფერო პერიოდის დადგომის დროს; თუმცა, შესაძლოა, ვინმე შემოგვედავოს კიდეც: მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა ფეხბურთსაც გვარიანი დაღი დაასვა და "უნიჭიერესი" ქართველი მოთამაშეების შესაძენი თანხაც, ხომ შეიძლება, ამა თუ იმ... სოლიდურ უცხოურ კლუბს არც ჰქონდესო?

ვინ იცის - იქნებ, მართლაც ასეა სინამდვილეში და ჩვენ კი, ტყუილუბრალოდ ვაქილიქებთ სოლიდურ უცხოურ კლუბებში ვერმოხვედრილ "უნიჭიერეს" ქართველ ფეხბურთელბს; თანაც, ამ შემთხვევაში, ალბათ იღბალმაც უნდა გადმოგხედოს: ეს "ოხერი" მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი, სოლიდურ უცხოურ კლუბებს მაიცდამაინც... ქართველი ფეხბურთელების შეძენაში აბრკოლებს; თორემ აგერ, მშვენიერი მაგალითის მოყვანაც შეგვიძლია ჩვენი "კარის მეზობლებიდან": სომხეთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ჰენრიხ მხითარიანი უკრაინის საშუალო გუნდში (დონეცკის "მეტალურგში") ასპარეზობდა და როცა მისი შეძენა ამავე ქალაქის ბევრად უფრო სოლიდურმა და საერთოდ, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთმა უმდიდრესმა კლუბმა "შახტარმა" გადაწყვიტა, პრობლემაც არ შექმნილა.

თანაც, "შახტარის" ხელმძღვანელობამ თანამოქალაქეებს სოლიდურზე მეტი რომ ჰქვია, ისეთი თანხა გადაუხადა და ის მართლაც ნიჭიერი შემტევი მაშინათვე ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც შეიყვანა! აბა, "უნიჭიერესი" ქართველი ფეხბურთელებივით კი არ მოუვიდა მხითარიანს - ეტყობა, პირობებმაც დააკმაყოფილა და ევროპული სამწვრთნელო სკოლის ერთ-ერთ ვეტერანისგან, რუმინელი მირჩა ლუჩესკუსგანაც სრული ნდობა დაიმსახურა...

ჩემპიონთა ლიგაც შემთხვევით არ გვიხსენებია: ფეხბურთის ქართველი ქომაგი ამ უპრესტიჟულესი ტურნირის წლევანდელი გათამაშების დაწყებას დიდი ინტერესით ველოდით. ბოლოს და ბოლოს, ნამდვილად არ იყო პატარა ამბავია, რომ ჩემპიონთა ლიგის 2001-11 წლების სეზონში ერთდროულად ხუთ ქართველ ფეხბურთელს უნდა ეასპარეზა! სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ხუთის ნაცვლად, დღესდღეობით ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 2 ქართველის ასპარეზობას ვადევნებთ თვალს: ლაშა სალუქვაძის ("რუბინი") და ჯანო ანანიძის ("სპარტაკი").

კახა კალაძემ ზედ სეზონის დაწყების წინ დატოვა "მილანი" და "ჯენოაში" გადავიდა; დავით კვირკველია კვლავაც "რუბინის" წევრად ითვლება, მაგრამ კლუბს ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეუყვანია; ლევან ყენიას კი მართლაც უიღბლობა სდევს თან და ნიჭიერ ქართველ ნახევარმცველს ხანგრძლივი მკურნალობა რახან სჭირდება, "შალკემ" ამიტომაც არ შეიყვანა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში. თუმცა, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, ყენიას ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შანსი გაზაფხულზეც მიეცემა: მით უფრო, რომ "შალკეს", წესითა და რიგით, შემდეგ ეტაპზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეს (ამასთან, ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდებს ზამთარშიც შეუძლიათ ახალი ფეხბურთელების განაცხადში შეყვანა).

მოკლედ, ამ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგაში ორად ორი ქართველი ფეხბურთელია (სალუქვაძე, ანანიძე); უფრო ზუსტად, ჩვენ გვეგონა რომ ასე იყო და თურმე... ერთით მეტი ყოფილა! არ გვინდა იმ ახალგაზრდა ფეხბურთელის სახელ-გვარის დაკონკრეტება - ამ რამდენიმე ხნის წინ ჩვენ გაზეთთან ინტერვიუში სიამაყით რომ აღნიშნა: "ჩემთვის უდიდესი პატივია, ასეთ სახელოვან კლუბში რომ ვთამაშობ და მალე, ალბათ, ძირითად გუნდში გადამიყვანენ; აბა, ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ტყუილუბრალოდ ხომ არ შემიყვანდნენო?!." როგორი საქმეა: ჩვენებური ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ყოფილა და ქართველებს კი ამის თაობაზე არაფერი გვცოდნია! არა, ის პერსპექტიული ბიჭი მართლაც ასპარეზობს ევროპის ერთ-ერთ ცნობილ და იმ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში; უფრო ზუსტად, ამ კლუბის ახალგაზრდულ გუნდში და უნდა ვაღიაროთ, რომ არც ეს არის პატარა ამბავი; თუმცა, აი, ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მოხვედრისა კი, რა მოგახსენოთ - სამწუხაროდ, იმ გუნდის ფეხბურთელეთა ჩამონათვალში ქართული გვარ-სახელი არც ერთ ოფიციალურ წყაროში არსად ფიგურირებს.

იმედი დავტოვოთ, რომ ყოველივე ეს იმ მართლაც პერსპექტიული ქართველი ბიჭის... პირველი და უკანასკნელი სატრანსფერო ტყუილი იყოს; ვინ იცის, იქნებ კლუბის ხელმძღვანელობამ უთხრა: ჩემპიონთა ლიგის განაცხადში უნდა შეგიყვანოთ და აბა, შენ იცი, უფრო მეტად მოტივირებული იყავიო; ჰოდა, "მოსალოდნელი" ... უკვე მომხდარ ფაქტად შეაფასა და ამიტომაც განაცხადა საჯაროდ: ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შემიყვანესო!

...ზამთრის სატრასნფერო ბაზრის დაწყებამდე, ანუ, შესაბამისად, ახალ-ახალი "ქართული "სატრანსფერო ზღაპრების" მოსმენამდე ორ თვეზე ცოტა მეტი დარჩა; მთლად საახალწლო დღეებში ამისთვის ვერავინ მოიცლის, მაგრამ, დაახლოებით იანვრის შუა რიცხვებიდან რომ დაიწყება, აი, ის იქნება, რაც იქნება! ჰოდა, "წამოვა" ახალ-ახალი ზღაპრები ახალ-ახალი "პერსონაჟების" შესრულებით; ან, როგორ გგონიათ, მხოლოდ ახალ-ახალი "პერსონაჟები" იქნებიან?

ეგ კი არა, ერთი და იგივე ფეხბურთელი (მართლაც გვეუხერხულება იმის სახელ-გვარის დასახელება), ყოველ ექვს თვეში ერთხელ კი არა, უფრო ნაკლებ დროშიც კი ახერხებს ერთი-მეორეზე "შთამბეჭდავი" სატრანსფერო ზღაპრების მოყოლას. თანაც, ალბათ უფრო ადრეც უნდა გვემცნო ქართული სატრანსფერო ზღაპრების... "სიახლეზეც"! ჰო,. ადგილზე ზარ-ზეიმით ჩასვლა, და უფრო დიდი პატივით დახვედრის შემდეგ, როგორც წესი, სოლიდური უცხოური კლუბები და "უნიჭიერესი" ქართველი ფეხბურთელები... პირობებზე ვერ თანხმდებიან-ხოლმე. ახლა კი, უფრო ზუსტად, დაახლოებით 2-3 თვეა, გარკვეული "სიახლეც" შეინიშნება დაწუნებულ ჩვენებურებთან მიმართებაში; ამა თუ იმ კლუბის მიწვევით ქართველი ფეხბურთელი ადგილზე ჩავა, ერთი-ორი კვირის განმავლობაში გუნდთან ერთად ივარჯიშებს კიდეც, მაგრამ არშემდგარი ტრანსფერის მიზეზი თურმე მწვრთნელის... მოუცლელობა ყოფილა!

ანუ, ამა თუ იმ სოლიდური თუ ნაკლებად სოლიდური უცხოური კლუბის პრეზიდენტსა და მთავარ მწვრთნელს სულით და გულით უნდოდათ ესა თუ ის ქართველი ფეხბურთელი თავიანთ გუნდში ჩარიცხულიყო, მიიწვიეს კიდეც სინჯებზე, მაგრამ, იმ პრეზიდენტსა და მწვრთნელს (!), სხვა "ათასი საქმე" გამოუჩნდათ და ჩვენებურის საქმეში ნახვაც" ვერ მოახერხეს...

... ამ ბოლო წლებში მართლაც არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო უცხოურ კლუბებში სინჯების წარმატებით გავლა; ეგ კი არა, ბევრს... შეურაცხყოფადაც მიაჩნია იმის აღიარება, სინჯებზე რომ იწვევენ! ჰოდა, ამ ბოლო წლებში, უცხოური კლუბებიდან უკან მობრუნებული ჩვენებურებიდან ორად ორი ფეხბურთელი გვახსენდება, გულახდილად რომ აღწერეს კონკრეტულ გუნდში ვერდარჩენისა თუ ვერმოხვედრის რეალური მიზეზი. პირველი, სანდრო იაშვილი იყო "ანჟიდან" წამოსვლის მიზეზზე რომ თქვა: "მწვრთნელს ჩემი თამაში არ აკმაყოფილებდა და გამომიშვესო". მეორე კი, სულ ახლახან, დათო მუჯირი გახლდათ: "ჰერტაში" 7-8 თვის უთამაშებელი ჩავედი და არც გამკვირვებია, მთავარ მწვრთნელს მარკუს ბაბელს ჩემი ფორმა რომ არ დააკმაყოფილებდაო.

სხვათა შორის, 32 წლის მუჯირს, თავის დროზე ოთხი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატში ერთი-მეორეზე უკეთესი 12-13 სეზონი რომ აქვს გატარებული, არც იმის აღიარება "შერცხვა," რომ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდში... სინჯებზე იყოფებოდა. სამაგიეროდ, არცთუ მცირეა ისეთი კატეგორია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისა, სურვილსა და სინამდვილეს ერთმანეთისგან რომ ვერ ანსხვავებენ; სამწუხაროდ, ამას კიდევ "მოევლება", აი, სატრანსფერო მეზღაპრეების მომრავლება რომ შეინიშნება ქართულ ფეხბურთში, ეს არის ყველაზე ცუდი და შემაშფოთებელი. თუმცა, როგორც ჩანს, საქმე გვაქვს მართლაც შეუქცევად პროცესთან: იმიტომ, რომ... ქართულ ფეხბურთში მოსატყუებელი კიდევ ბევრია!..


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 3 /
FEXBUღთI AღAA შAKAღთVELOშHI
lika
01:14 05-11-2010
0
ყოველ 6 თვეში წასულ-წამოსული კი კლიმიაშვილი:))) არადა შეუძლია მაგ ბიჭს თამაში;)
dinamoeli
12:33 23-10-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული