ნოდარ ხიზანიშვილი მცველი იყო და მისი ვაჟი ზურაც მამის კვალს გაჰყვა. შეიძლება ითქვას, რომ შვილს მამამისზე უკეთესი კარიერა ჰქონდა, თუმცა კატეგორიულები აქ ვერ ვიქნებით - ნოდარ ხიზანიშვილს ხომ თასების მფლობელთა თასი აქვს მოგებული...
ნოდარ ხიზანიშვილს გუშინ შევხვდი და არაერთი საფეხბურთო საკითხი მიმოვიხილეთ...
- ბატონო ნოდარ, ფეხბურთში აღარ ჩანხართ, რა არის ამის მიზეზი?
- ფეხბურთში მართლა აღარ ვსაქმიანობ, საამისოდ ასაკიც არ მიწყობს
- ზურა ხიზანიშვილმა ისეთი რიხით დაიწყო ფეხბურთელის კარიერა, რომ მისგან ალბათ თქვენც გაცილებით იმაზე მეტს ელოდით, ვიდრე მან მიაღწია. როგორ ფიქრობთ, რამ შეუშალა ზურას ხელი?
- მუხლის მძიმე ტრავმის გამო იტალიაში რომ გაიკეთა ოპერაცია, ამან ზურა უკან დახია. მართალია, ამ ოპერაციის შემდეგ ჩემმა შვილმა ჯერ "რეინჯერსში" ითამაშა, შემდეგ პრემიერლიგის "ბლექბერნში", მაგრამ მუხლი ქრონიკულად მაინც აწუხებდა, უხეშ გრუნტზე უსივდებოდა. საერთო ჯამში, ზურას ცუდი კარიერა ნამდვილად არ გამოუვიდა.
- მახსოვს, ადრე მითხარით, ზურას, როგორც მცველის მთავარი კოზირი ის არის, რომ მეტოქის სვლების წაკითხვა შეუძლიაო. ამ სიტყვების შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ახლაც იმავე აზრის ხართ?
- კი, ზურას მთავარი უპირატესობა ახლაც ეს არის. ამ ცოტა ხნის წინ თურქეთში ჩავაკითხე ჩემს შვილს. "ქაისერისფორს" ახლა რობერტ პროსინეჩკი წვრთნის და მანაც შეამჩნია ზურას ეს თვისება, ასე უთხრა, თუ არ გეწყინება, იეროს დაგიძახებ, ესპანელივით კარგად კითხულობ მეტოქის სვლებსო, ზურამაც უპასუხა, არ მეწყინებაო.
მცველისთვის ეს მართლაც დიდი პლუსია, მურთაზ ხურცილავას ჰქონდა ეს გამორჩეული თვისება...
- თქვენ თუ დარჩით კმაყოფილი საკუთარი კარიერით?
- ზოგადად, ადამიანი ბოლომდე კმაყოფილი არასდროს არ არის, ვფიქრობ, მეტის გაკეთებაც შემეძლო. 1982 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებს ვახლდი არგენტინულ ტურნეზე, არგენტინის ნაკრებს რომ ვეთამაშებოდით, მწვრთნელებმა მეორე ტაიმში შეცვლაზე შემიშვეს, 1:1 იყო და ანგარიშის შენარჩუნება გვინდოდა. რა ნაკრები ჰყავდა მაშინ არგენტინას, ყველამ იცის, დიეგო მარადონამაც ითამაშა იმ შეხვედრაში.
მეორე დღეს ერთ-ერთ იქაურ კლუბთან გვქონდა შეხვედრა, ვისაც წინა დღეს არ მოუწია მოედანზე გასვლა ან შეცვლაზე შევიდა, მათ უნდა ეთამაშათ. სამწუხაროდ, მე ვერ მოვახერხე მეორე დღეს თამაში, რადგან არგენტინის ნაკრებთან მატჩში დანიელ პასარელამ იდაყვი ნეკნებში ჩამარტყა და ტრავმა მივიღე. ვგრძნობდი, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელები, ბესკოვი, ლობანოვსკი და ახალკაცი კარგი თვალით მიყურებდნენ, მაგრამ ტრავმამ შემიშალა ხელი.
- დიუსელდორფიდან გამოგზავნილი კოცნა კი ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებიდან ალბათ არასდროს არ წაიშლება...
- კარგი კოცნა გამომივიდა, სხვანაირად როგორ უნდა მიმელოცა ქართველი გულშემატკივრებისთვის ამხელა გამარჯვება? ეს კოცნა მილოცვის ერთადერთი შანსი იყო და მეც გამოვიყენე.
- საქართველოს ნაკრების თემას გვერდს ვერ ავუვლით, მნიშვნელოვანი წარმატება არა და არ ჩანს - რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
- ყველა გუნდს აქვს პატარა წინსვლა, ჩვენი კი...გუნდთან ახლოს უნდა იყო, ანალიზი რომ გააკეთო. გარედან ვითარება ასეთი ჩანს - რასაც ჩვენები თამაშობენ, ამაზე მეტი არ შეუძლიათ. ვფიქრობ, რეალურად სხვაგვარად უნდა იყოს საქმე, შიგნით ღრმა კრიზისთან უნდა გვქონდეს საქმე.
- რას გულისხმობთ?
- თუ ნაკრების ფეხბურთელი ხალისით არ თამაშობს, გუნდს მნიშვნელოვანი წარმატება არ ექნება. გუნდში ასეთი ატმოსფეროს შექმნას ხელი მწვრთნელმა და ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შეუწყოს. ფინანსურ მხარესაც აქვს მნიშვნელობა, დღეს ხომ ფეხბურთი კიდევ უფრო კომერციულია. გასაგებია, რომ გიყვარს ფეხბურთი, მაგრამ ფინანსური მხარეც მნიშვნელოვანია. სანამ ქართულ ფეხბურთში დიდი ფული არ გამოჩნდება, წინსვლა არ იქნება. ფეხბურთში ფინანსების თავმოყრით აზერბაიჯანმაც გვაჯობა და სომხეთმაც...
- ახლანდელ თბილისის "დინამოზე" რას გვეტყოდით?
- "დინამო" ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ძალიან კარგია, "დინამოში" ბევრი სასიკეთო რაღაც რომ კეთდება. "დინამოში" ჩამოჰყავთ კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელები და არ ვიცი, რატომ ხდება ისე, რომ გუნდს მნიშვნელოვანი წარმატებები ჯერ არ აქვს, არადა, როგორც ვიცი, კლუბში ფინანსურად ყველაფერი გამართულადაა...
- ახალი თაობის ქართველი ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევდით?
- დიდი იმედი მქონდა ჯანო ანანიძის, მაგრამ თუ კლუბი არ გამოიცვალა, წინსვლა გაუჭირდება. დანამდვილებით ვიცი, რომ ანანიძით "მაჩესტერ სისტი" და ლონდონის "არსენალი" იყვნენ დაინტერესებულნი, სხვა ქვეყნის კლუბებიც იწვევდნენ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"