"ქართლი 2011" გორიდან მიდის - რა შეემთხვა პაატა ფილიევს?

AutoSharing Option
საფეხბურთო აკადემია "ქართლი" გორში 2011 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა. კლუბის მეპატრონე გორელი ფეხბურთელი პაატა ფილიევი გახლავთ, რომელიც ამჟამად რუსეთში საქმიანობს.

მას დიდი გეგმები ჰქონდა, გორში და მის მიმდებარე სოფლებში იქირავა სტადიონები, ბავშვებისთვის კარგი სავარჯიშო პირობები რომ შეექმნა. ყველაზე ნიჭიერ ბავშვებს უცხოეთში გადასვლის პერსპექტივას სთავაზობდა, რაც მათთვის დიდი სტიმული იყო.

ვარჯიშები სოფელ ტინისხიდის საფეხბურთო მოედანზე ტარდებოდა. მოზარდებს "ც" კატეგორიის მწვრთნელები ავარჯიშებდნენ, მათ კი დეტალურად არჩევდნენ არა მხოლოდ კვალიფიკაციის, არამედ წესიერების მიხედვით. მოთამაშეებს ურიგდებოდათ სპორტული ეკიპირება.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: ჩვენი უმაღლესი
ლიგის გუნდების უმრავლესობა მოთამაშეებს არ აზღვევს. მეტიც, ტრავმირებული მოთამაშეები ხშირად საკუთარი სახსრებით მკურნალობენ. "ქართლი 2011"-ის თითოეული ბავშვი კი აკადემიის პარტნიორ კომპანიაში, "იმედი L"-ში 5 000 ლარად იყო დაზღვეული - მოთამაშეს მკურნალობის თანხა აუნაზღაურდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმე ტრავმა შეემთხვეოდა ვარჯიშის, თამაშის ან ტრანსპორტირების დროს, როდესაც იგი ვარჯიშზე ან თამაშზე მიდიოდა.

დამეთანხმებით, ასეთი რამ საფეხბურთო სკოლისთვის ძალიან დიდი ფუფუნებაა. რვა წლის წინათ მსგავსი რამ საფეხბურთო ჩემპიონატებში მონაწილე სკოლებისთვის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი რამიშვილმა განახორციელა, მაგრამ ქვეყანაში ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო ეს მშვენიერი პროექტი მალე დავიწყებას მიეცა.

სკოლა ცდილობს ფეხბურთის ფედერაციის დაწესებული ლიცენზირების პირობების შესრულებას: სათამაშო მინდვრების (იჯარით ჰქონდათ აღებული მოედნები გორსა და გორის რაიონის სოფლებში), მწვრთნელთა კვალიფიკაციისა და კეთილმოწყობის კუთხით და გარკვეულ კრიტერიუმებს უკვე აკმაყოფილებდა.

ბოლო მონაცემებით, "ქართლი 2011"-ში 6-დან 18 წლამდე 300-მდე ბავშვი ვარჯიშობდა. თანაც, ფილიევი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ასაკის გადაკეთების მანკიერ ტრადიციას. ის აპირებდა ესპანელი სპეციალისტების მოზიდვას და მათთვის სოლიდური გასამრჯელოს გადახდას, მომავალი თაობების აღზრდა სწორი კალაპოტით რომ წარმართულიყო.

აკადემიას თავისი წარმომადგენლობა ბარსელონაში ჰყავს, რომელსაც გორელი გია მიდელაშვილი ხელმძღვანელობს. იგივე იგეგმებოდა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტშიც.

გარდა ამისა, აკადემიაში ზაფხულიდან ჩამოყალიბდა გუნდი, რომელიც ამჟამად მეორე ლიგაში გამოდის, მიზნად კი 3-4 წელიწადში უმაღლეს ლიგაში გადასვლა დაუსახეს.

პაატა ფილიევს აკადემიის საქმიანობის განვრცობა და გაძლიერება სურდა, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ცენტრი რომ შეექმნა. ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ფეხბურთში სახელმწიფოს კლუბების საქმიანობას, რადგან თვლის, რომ ეს ჩვენი ფეხბურთის პროგრესს ხელს ვერ უწყობს.

საქართველო ძლიერი საფეხბურთო ცენტრებით განებივრებული არ არის, მით უფრო, რეგიონებში. მოკლედ, კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან არასასიამოვნო ამბავი შევიტყვეთ: "ქართლი" გორის სტადიონზე არც ივარჯიშებს და აღარც ითამაშებს, შიდა ქართლის რეგიონული ფედერაციიდან გასვლას და თბილისის ფედერაციაში გადასვლას აპირებს. აკადემია, სავარაუდოდ, სოფელ ხელთუბანში გადავა, გუნდი კი - "მცხეთა პარკზე".

ფაქტია, რომ ქართულ ფეხბურთს ბიზნესი არ ეტანება. საბედნიეროდ, ღვთისნიერი ადამიანი გამოჩნდა და მასაც, როგორც ამტკიცებენ, სერიოზული პრობლემები შეექმნა.

მაგრამ ასეთი რა შეემთხვა პაატა ფილიევს, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და რა გახდა ამ ყველაფრის მიზეზი, მშობლიური ქალაქიდან რომ გარბის?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ქართლი 2011" - ფანჯარა ევროპაში, ადგილი ტრიბუნაზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული