თბილისის "დინამოს" ლეგენდარული ფეხბურთელები სპორტის რაინდები გახდებიან

AutoSharing Option
25 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში ორი მთავარი საკითხი იყო შეტანილი.

აღმასკომმა ფედერაციის სადისციპლინო და სააპელაციო კომიტეტების ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ცნობილი გახდა, რომ სადისციპლინო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს ჯიმშერ ტყებუჩავა დაიკავებს, რომელიც აქამდე ფეხბურთის ფედერაციის არბიტრაჟს ხელმძღვანელობდა.

სადისციპლინო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი კი ცნობილი ქართველი მწვრთნელი სერგო კუტივაძე იქნება.

კომიტეტის წევრად დარჩა ზვიად დარასელი. კომიტეტში ასევე იმუშავებენ: ვაჟა ჟვანია და რეზო ტალიაშვილი.

სადისციპლინო კომიტეტის ყოფილ შემადგენლობას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, ახალი კომიტეტი კი ოთხი წლის ვადით აირჩიეს.

სფფ-ის
აღმასკომმა ფედერაციის სააპელაციო კომიტეტიც დააკომპლექტა. ხუთი წევრიდან ოთხი იურისტია, ერთი კი სპორტული ჟურნალისტი. კომიტეტის თავმჯდომარე თამარ წერეთელი იქნება, რომელთან ერთადაც მონიკა რუხაძე, დავით ქარსელაძე, გიორგი ციხისთავი და ლაშა დვალიშვილი იმუშავებენ.

ამასთან, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელზე სპეციალური წერილი მოამზადა. აღმასკომის წევრები მინისტრ ლევან ყიფიანს თხოვნით მიმართავენ, სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

ესენი არიან: მანუჩარ მაჩაიძე, დავით ყიფიანი, ალექსანდრე ჩივაძე, ვიტალი დარასელია, შოთა ხინჩაგაშვილი, რამაზ შენგელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით გოგია, ვახტანგ ქორიძე, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, თამაზ კოსტავა, რევაზ ჩელებაძე, დავით მუჯირი, ოთარ გაბელია და თენგიზ სულაქველიძე.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრობა მისივე მოთხოვნის საფუძველზე შეუჩერდა ცნობილ ძალოსანს, ოლიმპიურ ჩემპიონსა და ყოფილ პარლამენტარ გიორგი ასანიძეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გარდაცვლილ კაცს რაინდის წოდებას ანიჭებენ... ის ხალხი რაინდები იყვნენ, მინიჭება არ სჭირდებათ
hunter
18:14 26-03-2013
0

სიახლეები პოპულარული