რატომ დაინტერესდნენ ტოტალიზატორები საქართველოს პირველი ლიგით?

AutoSharing Option
უეფამ 2010 წელს ევროპული კლუბებისთვის უმკაცრესი ფინანსური სისტემა შეიმუშავა, რომელიც მალე ამოქმედდება.

დიდი ხანია, რაც ამის შესახებ ლაპარაკობენ, მაგრამ ფინანსური Fair Play-ს (რომლის ინიციატორი უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინია) შინაარსი ბევრისთვის უცნობია. ამიტომ ჯერ მოკლედ ამ სისტემაზე მოგახსენებთ, შემდეგ კი იმაზე, რა საფრთხე ელის ზოგიერთ ქართულ კლუბს.

ამ დოკუმენტზე უეფა ევროპის 55 ქვეყნის 660 კლუბის წარმომადგენელთან ერთად მუშაობდა. თითოეული პუნქტი ხანგრძლივი სხდომების, განხილვების და დასაბუთებული მსჯელობის შემდეგ დაამტკიცეს.

გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ მეტ კონტროლს დაექვემდებარება კლუბების დაფინანსება, შემოსავლებისა და გასავლების წყაროები.
საფეხბურთო კლუბები მეტ ყურადღებას დაუთმობენ ისეთ ასპექტებს, როგორებიც არის აუდიტი, შემოსავლის ბალანსი და ხარჯვა, რომელიც ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს.

სისტემის შემუშავების ინიციატორებს სურთ, რომ გრანდები და სხვა კლუბები შედარებით თანაბარ პირობებში ჩააყენონ, როდესაც საქმე ტრანსფერებს შეეხება; უეფა იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯით კლუბების ფინანსური რესურსების გამჭვირვალობაა შესაძლებელი.

ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ გრანდების ნაწილი საკუთარ სახელს შავ-ბნელი გარიგებებისთვის იყენებს: როდესაც ევროპული გრანდების სპონსორები მასობრივად გახდნენ ტოტალიზატორები, ძნელია, ეჭვები არ აღიძრას.

"2009 წელს ევროპულ ტოპ-ჩემპიონატებში გუნდების ზარალმა 1.2 მლრდ ევროს გადააჭარბა, მაგრამ ისინი კვლავ არსებობენ. საინტერესოა, როგორ?

სწორედ ამ სტატისტიკის გაცნობის შემდეგ დაიწყო უეფამ აღნიშნულ საყოველთაო შეზღუდვებზე მუშაობა.

ყველა ამბობს, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, თორემ კატასტროფა გარდაუვალია. ეს წესები ყოველგვარი ქვეპუნქტისა და დამატების გარეშე ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი რანგის კლუბზე გავრცელდება და შედეგს აუცილებლად გამოიღებს!

მატარებელი უკვე დაიძრა და ვინც მას ჩამორჩება, საფეხბურთო სამყაროდან მოიკვეთება. წესების დამრღვევი კლუბები ევროპული გათამაშებებიდან მოიკვეთებიან, სატრანსფერო საქმიანობა შეეზღუდებათ და ფინანსური სანქციები დაუწესდებათ.

საფეხბურთო ბიზნესმა უფრო რაციონალურად უნდა იმუშაოს. რესტორანში შესულ ადამიანს თუ ჯიბეში 100 ევრო აქვს, მეტს ვერ დახარჯავს. ზუსტად ასეთია ფინანსური Fair Play-ს ჯანსაღი ლოგიკა",
- ამბობს უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო.

ამ საკითხთან დაკავშირებით უეფას მიდგომა მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ამ ნაბიჯით უეფა ცდილობს, საკლუბო ფეხბურთი გამოიყვანოს იმ მდგომარეობიდან, რაც 2008 წლის მსოფლიოს კრიზისის შემდეგ შეიქმნა და რომლითაც ფეხბურთით დაინტერესებული საეჭვო რეპუტაციის პიროვნებები, ზოგიერთი კლუბი და ორგანიზაციები სარგებლობენ.

უეფას სურს, რომ ფეხბურთს ჩამოაშოროს ის ბიზნესჯგუფებიც, რომლებსაც მხოლოდ დიდი ფულით სურთ ყველაზე წარმატებული საფეხბურთო სუბიექტების გადასწრება, ან დაფინანსების წყაროები შემოსავლებს უნდა შეუსაბამონ.

წესების დამორჩილება ყველას მოუწევს და რაც მთავარია, პლატინი მართალს ბრძანებს, რომ ფინანსური Fair Play ისევ კლუბებს წაადგებათ. ვთქვათ, ერთ უჟმურ დილას ყატარელმა შეიხმა ცუდ ხასიათზე რომ გაიღვიძოს და პსჟ-ზე უარი თქვას, კლუბი რა დღეში აღმოჩნდება? ცხადია, ეს საფრთხე ბევრ სხვა კლუბსაც ემუქრება.

ცხადია, ფეხბურთს ინვესტორი სჭირდება, მაგრამ ფულის დაბანდებისას ბიზნესმენი მის ამოღებაზეც ზრუნავს. სხვაგვარად თანხას წყალში გადაყრის. ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროპაში ბევრი არაბი, ჩინელი, რუსი თუ პოსტსაბჭოელი მილიარდერი გამოჩნდა: შეიხ მანსური, რომან აბრამოვიჩი, არკადი გაიდამაკი, მუამარ კადაფის ვაჟი, ბულატ ჩაგაევი, "გაზპრომი" მთელ ევროპას გადასწვდა და ა.შ.

ბევრი თვლის, რომ მათ ფეხბურთში ყველაფერი არიეს. უპირველესად, იგულისხმება ის, რომ მათ შავი ფულის გათეთრებას ედავებიან.

ამიტომ უეფა ახლა ფეხბურთში საგადასახადო ინსპექციის როლსაც შეითავსებს, პერიოდულად კლუბების ფინანსურ საქმიანობას შეამოწმებს და მათ ხარჯებისა და შემოსავლების წარმომავლობის დასაბუთებას მოითხოვს; კლუბების ფინანსურ ანგარიშგებებს კი აუდიტორთა პალატა გააკონტროლებს.

ინფორმაციის გაყალბებაში ეჭვმიტანილი გუნდები დაისჯებიან და ლიცენზია ჩამოერთმევათ.

ვფიქრობთ, როგორც არასოდეს, უეფას ინიციატივა ქართულ ფეხბურთში მდგომარეობას თუ არ გაამჯობესებს, სულ მცირე, ამას ხელს მაინც შეუწყობს, იმიტომ, რომ ბოლო დროს ჩვენს სტადიონებზე საეჭვო ამბები ხდება და საფიქრალია, რომ კლუბების შემოსავლების წყაროებით დაინტერესების შემთხვევაში, ბევრი უცნაური ფაქტი აღმოჩნდება.

გვაქვს დაზუსტებული და სანდო ინფორმაცია, რომ სახელმწიფო სტრუქტურები აწარმოებენ გამოძიებას, თუ რა კავშირში არის ზოგიერთი ქართული კლუბი ტოტალიზატორებთან. მსგავსი სკანდალი 2011 წელს მოხდა და მას უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ხუთი ფეხბურთელი შეეწირა.

თუმცა ობობას საცეცები გაცილებით ღრმად არის გამჯდარი და სავარაუდოდ, ეს ზომები არასაკმარისია.

მაშინდელმა შოკმა ბევრი გამოაფხიზლა, მაგრამ დროებით - გავიდა მცირე ხანი და ბოლო პერიოდში ჩვენი დაბალი ლიგის თამაშებით ძალიან საეჭვოდ დაინტერესდნენ.

კითხვა თავისთავად დაგებადება, როდესაც იტალიის, ინგლისის, საფრანგეთის, რუსეთის, შოტლანდიისა და სხვა ცნობილი ლიგების მატჩების პარალელურად, აღმოაჩენ, რომ ტოტალიზატორში ფსონებს იღებენ საქართველოს პირველი ლიგის აბსოლუტურად უინტერესო მატჩებზე და მეტიც - ზოგიერთის პირდაპირი ვიდეორეპორტაჟიც მიმდინარეობს?!

მერე ეჭვი იმაზე დაიბადება, რომ მოთამაშეთა შორის პირველი ლიგის ფსონებში პოპულარობით "მეტი გოლი" სარგებლობს.

ეს იმდენად დასაფიქრებელი ამბავია, რომ ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს; ქართველმა გულშემატკივარმა კი უნდა იცოდეს, რა ხდება ქართულ ფეხბურთში! ამის წამალი სწორედ ფინანსური Fair Play-ა: როდესაც კლუბის ბიუჯეტი 100 ათასი ლარია და წლიურად 200 ათასს ხარჯავს, იქ ყველაფერი სუფთად არ უნდა იყოს.

და თუ ქართულ ფეხბურთს თავისი "რუის-ურბნისი" არ ჩაუტარდება, მას არაფერი ეშველება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩელსი ბარსელონა რეალი აკეთებენ მატჩებს და პირველი ლიგის გუნდმა თუ გააკეთა რა გასაკვირია???
მერაბი
22:11 26-03-2013
0
სტატიას ზღაპრისგან განასხვავებს ის რომ მასში ფაქტებითაა საუბარი, დასაბუთებული ფაქტი, დაკონკრეტეთ რომელი ევროპული ტოტალიზატორი იღებს პირველ ლიგაზე ფსონს და თან გადასცემს პირდაპირი ეთერით.
ოდესღაც უმაღლეს ლიგაზე რამდენიმე დებდა ფსონს ამჟამად არც ერთი
hunter
17:50 26-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული