"ტორპედო-ავაზა" გრანდების ტურნირზე მიიწვიეს

AutoSharing Option
თურქეთის ქალაქ ალანიაში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი "Evima Cup 2013" ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

1999 წელს დაბადებულთა შორის საქართველო თბილისის "ლოკომოტივისა" და "ტორპედო-ავაზას" საფეხბურთო სკოლებმა წარმოადგინეს. "ტორპედო-ავაზა" გამარჯვებული დაბრუნდა.

28 წელიწადია, რაც მისი მთავარი მწვრთნელი ანზორ ზუკაკიშვილი "ავაზაში" ქართულ ფეხბურთს ემსახურება და ბევრი ცნობილი მოთამაშე გაუზრდია. მაგალითად, ახლა "ტორპედოში" მისი ორი ფეხბურთელი თამაშობს - გრიგოლ დოლიძე და მერაბ გიგაური.

ტურნირი ჯგუფური ფორმატით ჩატარდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის 50 გუნდი მონაწილეობდა. ჯგუფში "ტორპედო-ავაზამ" ერთადერთი მატჩი მოსკოვის "სტროგინოს" აკადემიასთან დათმო (1:3). ფინალშიც სწორედ
მას შეხვდა, თორნიკე კოკაიას გოლით 1:0 დაამარცხა და თასს დაეუფლა.

ტორპედოელებმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვეს - საუკეთესო ფეხბურთელად ლევან კუპრაძე დაასახელეს, ბომბარდირი კი საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრების წევრი ალეკო შეყილაძე გახდა. ამ უკანასკნელს წილად ხვდა მაყურებლის სიმპათიის პრიზიც.

აღსანიშნავია, რომ "ტორპედო-ავაზა" ზაფხულში ბულგარეთში გასამართ სოლიდურ ტურნირზეც მიიწვიეს, სადაც ლონდონის "ჩელსისა" და ამსტერდამის "აიაქსის" ასაკობრივი გუნდებიც იასპარეზებენ.

ცნობისთვის: "ტორპედო-ავაზას" ეს გუნდი ელიტლიგის მოქმედი ჩემპიონია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული