მღელვარე კვირა გამოდგა, თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩები და კიდევ რამდენი რამ.
"დინამო თბილისის" პრეზიდენტის რომან ფიფიას ინტერვიუს, რომელიც "ლელოში" გამოქვეყნდა, გორის "დილას" სპორტული დირექტორის, ვანო ხორგუაშვილის პასუხი მოჰყვა.
ფიფიასგან ბოდიშის მოხდა "ზუგდიდმაც" მოითხოვა.
მანამდე "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ მოითხოვა, "დილას" ქმედებები პროკურატურას გადაეცეს გამოსაძიებლადო...
არ ვიცი, ამ ყველაფერს გაგრძელება ექნება თუ არა, მაგრამ ქართული კლუბები რომ ვერ ახერხებენ საერთო ენის გამოძებნას, ფაქტია.
სკანდალები არ უხდება ჩვენს ჩემპიონატს, რადგან ის ჯერაც სუსტია და აყალ-მაყალი ყურადღების მიქცევაზე უფრო რეპუტაციაზე
ქართული ფეხბურთი ყოველთვის ისეთი ციხე იყო, რომელიც შიგნიდან არ ტყდებოდა. დრომ რაღაც-რაღაცები შეცვალა, მაგრამ საქმე ამის იქით არ წასულა - არც ფეხბურთელი, არც მსაჯი, არც მწვრთნელი და არც მოხელე საინტერვიუდ არ იტყვის იმას, რასაც მართლა ფიქრობს და რასაც შინაურულ საუბარში გეტყვის.
ბევრჯერ თქმულა, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთს კალაპოტი სჭირდება, მაგრამ ამისთვის ჯერ ვერავინ მოიცალა. ჩვენი კლუბები სხვას შეჰყურებენ, დამოუკიდებლად ჯერ ვერ ქმნიან პროფესიულ ლიგას და იმ კონცეფციას, რაც საფუძველი გახდება მათი განვითარების და თანაცხოვრების.
ყირამალა
ფეხბურთი ხშირად დრამას ემსგავსება, ასე იყო "დინამო"-"გურიას" სათასო შეხვედრაში. გურულები ახლოს იყვნენ დიდ სენსაციასთან, მაგრამ მათმა მეკარე გიორგი ძაძამიამ ბურთი საკუთარ კარში შეაგდო.
Video
10.04.13. დინამო - გურია 3:2
10.04.13. დინამო - გურია 3:2
ძაძამიას არაერთხელ დამართნია ხიფათი მოედანზე, ოღონდაც ვერავინ იტყვის, რომ მას როდესმე განზრახ უღალატია საკუთარი გუნდისთვის. ავტოგოლი ვის არ მოსვლია, კახა კალაძემ სულაც ორი ბურთი გაიტანა საკუთარ კარში, ოღონდაც ძაძამიას შეცდომას სულ სხვა ფასი დაედო - "გურიას" ნახევარფინალში გასვლა ძალიან ბევრ რაღაცას ყირამალა დააყენებდა.
ყირამალა კი არ გამოვიდა.
ავტოგოლი, განურჩევლად მისი ფასეულობისა, ძალაუნებურად ყოველთვის გვახსენებს ანდრეს ესკობარს. კოლუმბიიდან ყველანაირად შორს ვართ და ჩვენთან არასდროს მოხდება ის, რაც იქ მოხდა, ჩვენთან სულ სხვანაირი ამბები ხდება - ფეხბურთში მოსაქმე ხალხი ისე დაიხვეწა, რომ პოლიტიკოსის ოსტატობით ამბობს ტყუილს, ადრე ნამოქმედარ სიბინძურეებს პოლიტიკოსივით აარიდებს თავს და იმავე რაღაცაზე სხვას შეუტევს.
ძაძამიას ავტოგოლი დრამა იყო და მეტი არაფერი - ასე მგონია და თუ ვცდები, ამბავი ადრე თუ გვიან აუცილებლად გასკდება. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი კი "გურიას" ჩაუქობა უნდა იყოს - აბა, ვინღა იტყვის, სტადიონზე იმიტომ აღარ დავდივარ, რომ ფეხბურთი ჩვენთან მკვდარიაო.
ახალი ფურცელი
ბოლოდროინდელ ამბებს მოჰყვა ის, რომ ლევან ფანიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი აღარ არის, ის აწი მსაჯების განვითარების პროგრამის მენეჯერი იქნება.
ამ განყოფილებაში საქმე ახალი ფურცლიდან არ დაწყებულა. არ ვიცი, რა ინფორმაციას აწვდიან ამასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭანავას, მაგრამ რახან მსაჯობის თემა ხელახლა გახდა აქტუალური, ეს ძალიან დამაფიქრებელია.
მე მაინც მგონია, რომ ზოგჯერ ახალი ფურცელი აუცილებელია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფედერაციის ამ განყოფილებაში ყველა კადრი შესაცვლელია.
არ უნდა მუშაობდეს ასეთ განყოფილებაში ისეთი ხალხი, ვისზეც ყველამ ყველაფერი იცის. ხშირად უსამართლოდაც გამოულანძღიათ ყოფილი თუ მოქმედი მსაჯები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მხრივ დღეს ყველაფერი რიგზეა.
ეტიკეტი
საფეხბურთო მილეთს სოლიდარობა მაშინღა გაახსენდა, როცა გიორგი ონიანი მძიმედ დაშავდა.
Video
გიორგი ონიანის უმძიმესი ტრავმა
გიორგი ონიანის უმძიმესი ტრავმა
12 აპრილს მან ექიმების დახმარებით სიარული შესძლო, თუმცა მდგომარეობა ისეთია, რომ ჯერ ვერავინ ამბობს, ფეხბურთელობისთვის საღ-სალამათი დარჩება თუ არა ქუთაისის "ტორპედოს" მცველი.
არნემის "ვიტესის" პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ სოციალური ქსელის საშუალებათ განცხადება გააკეთა, თანაგრძნობას ვუცხადებ ონიანს და მის ოჯახს, მზად ვარ დაგეხმაროთო.
ჟორდანიას ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა თანდაყოლილიც აქვს და გამოცდილებითაც მოსდგამს. ქართულ ფეხბურთს ახალი ჟორდანია ნამდვილად არ სჭირდება, თუმცა ჟორდანია ის მაგალითია, ბევრს რომ გამოადგებოდა მისი ცოდნა.
სხვა რა გითხრათ, 14 აპრილს ჩემპიონატის მორიგი ტურია და ახალი ამბებიც მანდ მოხდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვანო ხორგუაშვილი: კოკაიამ და ფიფიამ ბოდიში უნდა მოიხადონ
რომან ფიფია: პირდაპირ ვიტყვი - აქ დიდი სიბინძურე ტრიალებს!
სკანდალი: ქართული ფეხბურთით პროკურატურა "დაინტერესდება"
დინამო თბ-გურია 3:2 - თასზე იღბალიც საჭიროა... [VIDEO]
გიორგი ონიანმა ოპერაციის შემდეგ კიდურების ამოძრავება შეძლო