მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა: 2006-2012 წლებში ასეთი ბევრი ფაქტი დაფიქსირდა. IDFI-ს კვლევებში წერია, რომ ზოგ შემთხვევაში საკუთრების გადაცემა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს პროცესის გამჭვირვალობისა და კომპანიის მფლობელებზე შესაძლო სახელმწიფო ზეწოლის კუთხით.
რამდენიმე საეჭვო შემთხვევა გამოავლინა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომაც".
"აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოსთვის ძვირად ღირებული ქონების ჩუქების ან სიმბოლურ თანხად 1 ლარად
გამოვლენილი შემთხვევები ბადებს მნიშვნელოვან ეჭვებს, რომ სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემა ყოველთვის ნებაყოფლობით ხასიათს არ ატარებდა და მესაკუთრის ნებას არ ასახავდა", - ნათქვამია ორგანიზაციის სტატიაში.
რა შუაშია სპორტი და "ლელო"? IDFI-ს წარმოდგენილ სიაში საფეხბურთო კლუბების გადაცემის ფაქტებსაც წავაწყდით და ისეთი ციფრები იყო მითითებული, შეუძლებელია, უყურადღებოდ დაგვეტოვებინა.
აღმოჩნდა, რომ 2010 წლის 6 ივლისს სახელმწიფოს გადაეცა საფეხბურთო კლუბი "სიონის" წილის 51 პროცენტი, რომლის ღირებულებაც სულ რაღაც 1 100 ლარი ყოფილა?!
საჯარო რეესტრის 2010 წლის 18 იანვრის ამონაწერის მიხედვით საფეხბურთო კლუბ "სიონის" 51 პროცენტი ნუგზარ ლომთაძეს ეკუთვნოდა (რომელიც დღესაც კლუბის დირექტორატშია), ხოლო 49% - ბოლნისის გამგეობას. 2010 წლის 6 ივლისის ხელშეკრულებით ლომთაძემ სახელმწიფოს თავისი წილი უსასყიდლოდ დაუთმო. ეკონომიკის მინისტრის 2012 წლის 1 თებერვლის ბრძანებით, შპს "საფეხბურთო კლუბ სიონის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% გადაეცა ბოლნისის მუნიციპალიტეტს, როგორც "დამატებითი ქონება".
ამ ოპერაციიდან ორიოდე დღეში, 2010 წლის 8 ივლისს სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა კიდევ ერთი საფეხბურთო კლუბი ფოთის "კოლხეთი", რომლის 50-პროცენტიანი წილის ღირებულება კიდევ უფრო შოკისმომგვრელია - არც მეტი, არც ნაკლები 100 ლარი!
საჯარო რეესტრის 2010 წლის 18 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, "კოლხეთის" 50-პროცენტიანი წილის მფლობელი თვითმმართველი ქალაქი ფოთი იყო, დანარჩენი 50 პროცენტისა კი - თეიმურაზ ბარქაია, რომელიც ამჟამადაც კლუბის მმართველი დირექტორია. თუმცა, ბარქაია, რომელმაც კლუბი გაკოტრებისა და დაშლისგან იხსნა, 2010 წელს კლუბს ჩამოაშორეს. თანაც ისე, რომ გვარიანი ვალი დარჩა და როგორც ვიცით, აწყობილ ბიზნესშიც სერიოზული პრობლემები შეექმნა.
მაგრამ კიდევ უფრო შოკისმომგვრელია შემდეგი ფაქტი: 2011 წლის 23 აგვისტოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით შპს "საფეხბურთო კლუბ კოლხეთის" წილის 100 პროცენტი გადაეცა ქალაქ ფოთის თვითმმართველ ერთეულს, "როგორც დამატებითი ქონება" - ხომ მაგარია?!
არანაკლებ საინტერესოა ამ საქმის გაგრძელება: შემდეგ ეს ორი კლუბი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე გადავიდა და მსურველთა მცდელობის მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში ასეთ გაყინულ მდგომარეობაში იმყოფებოდა - რეალურად, მას ვერც სახელმწიფო პატრონობდა და ახლოს არც კერძო პირს აკარებდნენ.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი მკითხველისთვის დიდი აღმოჩენა იქნება, რომ საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბის ყიდვა 1 000 და 100 ლარად იყო შესაძლებელი. თანაც ლაპარაკია ორ ისეთ სუბიექტზე, რომელთაგანაც ერთი საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა, მეორე კი უძველესი ქართული კლუბია.
ბრენდები თუ არ არიან, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, ასე იაფად თუ ფასობდნენ.
ამ დროს, ყველას კარგად ახსოვს, თავად სახელმწიფო რა ძვირად ცდილობდა კლუბების კერძო მესაკუთრეთათვის გადაცემას. მაგალითად, როდესაც "დილათი" ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი დაინტერესდა, გორის კლუბი ვალებში იხრჩობოდა და ქონებაც არ გააჩნდა - სტადიონი სახელმწიფოს ეკუთვნოდა. ამის მიუხედავად, მასში 330 ათასი დოლარი მოსთხოვეს.
ესეც შენი "დამატებითი ქონება", რომელიც უკუპროცესის დროს, თურმე, 1100 და 100 ლარი ღირდა. მერე იყო გაყიდვის მცდელობა და მოთხოვნა, რომ ასეთ კლუბებში ბიზნესს მინიმუმ 2 მილიონი ლარი ჩაედო.
კარგად გვახსოვს "სიონის" ყოფილი მმართველი დირექტორის, გიორგი არევაძის არაერთი ინტერვიუც, სადაც ის ამტკიცებდა, რომ კლუბის შეძენა და დაფინანსება კომპანია "მადნეულს" სურდა, მაგრამ სამინისტრო მის დათმობას არ ჩქარობდა.
ამ თხოვნა-უგულებელყოფაში მთელი ერთი წელიწადი გაილია, ბოლოს "მადნეულმა" კლუბის შესყიდვა გადაიფიქრა და ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული საფეხბურთო კლუბი კვლავ სახელმწიფოს იმედად დარჩა, მისი განსახელმწიფოებრიობისა და განვითარების შანსი კი დაიკარგა.
არადა, ეს განკულაკება ხდებოდა იმ დროს, როდესაც უეფა უკვე დაჟინებით იძლეოდა რეკომენდაციას, რომ კლუბები კერძო საკუთრებაში გადაეცათ და საამისოდ ცდა არ დაეკლოთ. იმ დროს, როდესაც ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა სხვაობაა კერძო და სახელმწიფო კლუბების მართვაში, მათი საქმიანობის ეფექტურობაში. ამაზე ელემენტარულად, სტატისტიკაც მეტყველებს - გადახედეთ, რამდენი მოთამაშეა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში კერძო კლუბებიდან და რამდენი - სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფებიდან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი არევაძე: იმედია, "მადნეულს" "სიონს" ახლა მაინც გადმოგვცემენ