საჩხერის "ჩიხურამ" რომ ბოლნისის "სიონი" 2:0 დაამარცხა, ამაში დიდად მოულოდნელი არაფერი ყოფილა, რუსთავის "მეტალურგის" ჩაუქობა "დინამოსთან" კი მჭექი ამბავი გამოდგა.
"დინამომ" ჩისკოს გარეშე ითამაშა, ულიდეროდ კი ძნელია, განსაკუთრებით სათასო ბრძოლაში. "მეტალურგის" გამარჯვება კი იმადაც არის დასაფასებელი, რომ გიორგი ყიფიანის გუნდი აგებდა და თამაშის შემოტრიალება მოახერხა ჩემპიონატის ლიდერთან.
ყიფიანმა შეცვლა გამოიცნო, რომან ახალკაცი ჩინებულად ჩაერთო თამაშში, ანგარიში გაათანაბრა და გადამწყვეტი გოლიც რუსთაველმა დავით საჯაიამ ახალკაცის პასით გაიტანა.
იმედია, რუსთაველები არ მიწყენენ
"მეტალურგი" რომც ვერ გავიდეს ფინალში, მაინც კარგ გზას ადგას, ყიფიანი ის მწვრთნელი გამოდგა, ფეარ პლეის პრონციპებს რომ იცავს და მისი გაწვრთნილი "მეტალურგიც" არ არის შემჩნეული მაიმუნობებში.
ყიფიანმა უკვე შეიქმნა კარგი რეპუტაცია, ეს კი ცოტას ნამდვილად არ ნიშნავს. ახალგაზრდა, საინტერესო მწვრთნელის გამოჩენა ყოველთვის და ყველგან კარგი ამბავია და ვნახოთ, როგორ გააგრძელებს კარგად დაწყებულ საქმეს ყიფიანი.
* * *
ბრიტანულ საიტებზე გაჩნდა ცნობა, ზურაბ ხიზანიშვილი ინგლისში სამ გუნდს მოუნდაო. ზურას ჯერჯერობით თემურ ქეცბაიაც ენდობა, ხიზანა ხომ თურქულ "ქაისერისფორში" მუდმივად თამაშობს.
ხიზანიშვილს კარგი საფეხბურთო ბიოგრაფია აქვს, "რეინჯერსში" ჩემპიონთა ლიგაზეც უთამაშია, შემდეგ ინგლისური პრემიერლიგაც დააგემოვნა, ნაკრებში კი 86 კეპი აქვს მონაგრებული და ვინ იცის, იქნებ ასამდეც ავიდეს.
როგორც უნდა იყოს, 31 წლის ხიზანიშვილმა თავისი უკვე ითამაშა. ტრივიალურად რომ ვთქვათ, მეტიც შეეძლო, მძიმე ტრავმამაც შეუშალა ხელი, როცა ჯერ კიდევ შოტლანდიური "დანდის" ფეხბურთელი იყო, მაგრამ მხოლოდ ამას ვერ დააბრალებს იმას, რომ მეტის გაკეთება ვერ მოახერხა.
ხიზანიშვილი მხოლოდ ფეხბურთის თამაშით არ არის სხვათაგან გამორჩეული, რადგან მას არ დაუდგამს არავის უღელი, გუნდიდან გუნდში ისე გადადიოდა, რომ არავის ვალი არ ჰქონია, ის ამითაც სამაგალითოა იმ ქართველი ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ოღონდ ფული აშოვნინე და მთელი კარიერის განმავლობაში ერთი აგენტის მორჩილი კლიენტი იქნებიან.
* * *
ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელს, 26 წლის სანდრო კობახიძეს თავისი კლუბის ძირითადში აღარ ათამაშებენ, რასაც ალბათ დადებითიც უნდა ჰქონდეს - სხვისი რა გითხრათ, მაგრამ მე მგონია, რომ დროა, კობახიძემ ევროპაში მოსინჯოს ძალა.
რუსეთი და უკრაინა ქართველი ფეხბურთელებისთვის იმ ჭაობს ჰგავს, საიდანაც ამოსვლა ძალიან ძნელია. ამ ჭაობში ქართველებს ფული და მეტწილად ერთი კაცი ითრევს.
რუსეთ-უკრაინაში ასეთნაირად გადასულ ქართველ ფეხბურთელებს არ აქვთ იმის შანსი, რომ ბობოლა მოსკოვურ კლუბებში მოხვდნენ - ფული და ერთი კაცი, რომლის დაუკითხავადაც სხვა გუნდში ვერ გადახვალ - ასეთია რუსულ-უკრაინული მაგნიტი.
კობახიძე ჯერაც მზარდი ფეხბურთელია და მისი მხრიდან გადაწყვეტილების მიღების სისწორე ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. ნაკრებში კარგად ჩატარებული მატჩები, გოლი საფრანგეთის კარში და ასაკი იმის საფუძველია, რომ სანდრომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს როგორმე თავი დააღწიოს.
* * *
პატარა გორში დიდი მატჩია. თუ "დილა" მოიგებს, ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაიძაბება და ჩაიხლართება, თუ არადა, "დინამოს" დამწევი ალბათ ვერავინ იქნება.
"დინამო" ისევ ჩისკოს გარეშე ითამაშებს. ესპანელი ამბობს, საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს არ ვიტყვიო, მაგრამ ქეცბაიასგან საპასუხო მესიჯი ჯერ არ ჩანს.
და რა მოხდება ევროსარბიელზე? ვისაც ნათელი გონება აქვს, მისთვის საზომი სწორედ ეს არის, ასე გეგმავს საქმეს და ამ მიმართულებით მუშაობს, თუ ფულიც არ შემოგაკლდა ამ გეზისთვის, მთლად უკეთესი.
ევროპა! პატივმოყვარე ქართველი სწორედ ამას უნდა უმიზნებდეს, პატივმოყვარეობა ხომ ქართველების საყვარელი თვისებაა.
"ძველ ბერძნებს ფილოსოფია ზრდიდათ, ებრაელებს - კანონი, ინდოელებს - ნირვანა, რუსებს - მათრახი, ხოდა ქართველებს - პატივმოყვარეობა", - ქართველი კლასიკოსის ამ სიტყვებს "ფეისბუქზეც" კი წავაწყდი და გამიხარდა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ყოჩაღ ბატონო დავით...
სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქართული ფეხბურთის ასეთ დღეში ჩავარდნისა...
სამწუხაროა რომ ასეთ აქტუალურ თემაზე არაფერი იწერება და რაღაც ვირტუალური ყაზახურ-აზერბაიჯანული საერთო ჩემპიონატების განხილვით არის გადატენილი სპორტული მედია...
მაგრამ ერთ-ორ ადგილას წავაწყდი უკვე საინტერესო სტატიებს თუ არა ციტატებს მაინც და იმედი მაქვს გაგრძელდება მომავალშიც ამის განხილვა...