ახლა კი ახალაია ბოლნისის "სიონშია" და ხელახლა ცდილობს, რომ ფეხბურთელი გახდეს.
ახალაია მოლდოვური "ზიმბრუს" ფეხბურთელი იყო, საქართველოში დაბრუნება და "დინამოში" თამაში რომ შესთავაზეს. ლადო მაშინ 18 წლის გახლდათ. "დინამოს" სელექციონერები არ შემცდარან, ნიჭიერი ფეხბურთელი აიყვანეს გუნდში.
თავდასხმა, ნახევარდაცვის ცენტრი, მარჯვენა მცველი - ახალაია კარში არ ჩაუყენებიათ, თორემ თითქმის სხვა ყველა პოზიციაზე ათამაშეს.
ლადო ყველგან კარგად აკეთებდა თავის საქმეს. რა
ახალაიას ნიჭში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ იყო კი ის რეჟიმისტი? ამაზე ბევრს საუბრობდნენ შინაურულ წრეში და როგორც ჩანს, ამ საუბრებს საფუძველიც ჰქონდა.
ახალაია "ციურიხში" გადავიდა, მაგრამ იქ ვერ მოიკიდა ფეხი, შვეიცარიაში თავისი სიტყვა ვერ თქვა; მერე იყო რუმინული და მოლდოვური გუნდები; პაუზა, საქართველოში დაბრუნება, ახალციხის "მესხეთი", რუსთავის "ოლიმპი", "ბაია", "კოლხეთი", ისევ "დინამო"... მაგრამ ვერა, ახალაია ხელახლა ვეღარ გახდა ფეხბურთელი.
შანსი კიდევ გაჩნდა - ბოლნისის "სიონში" რეორგანიზაცია მოხდა, გენერალურ დირექტორად ახალაიას დინამოელი თანაგუნდელი ლადო ბურდული დაინიშნა, "სიონმა" რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა და მათ შორის, ახალაიაც.
ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში "სიონმა" ფოთის "კოლხეთს" 6:2 მოუგო, ახალაიამ გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. ეპიზოდებში ისე ითამაშა, ის ძველი, შუშაკის დროინდელი ახალაია გაგვახსენა.
"საკუთარი თავით კმაყოფილი ჯერ ვერ ვიქნები, ისეთ ფორმაში ჯერ არ ვარ, როგორშიც უნდა ვიყო. კიდევ ერთი სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპი დამჭირდება, რომ ნორმალურ კონდიციამდე მივიდე.
ჯერ ზედმეტი წონის პრობლემა მქონდა მოსაგვარებელი და თექვსმეტი კილოგრამის დაგდება მოვახერხე. ახლა უკვე მაქვს იმის საშუალება, რომ მოედანზე გავიდე და ვითამაშო. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება", - გვითხრა ახალაიამ.
რატომ მოხდა ისე, რომ ასეთი ნიჭის პატრონს ყველაფრის თავიდან დაწყება უწევს? ამ კითხვას ვერ გავექცეოდით და პასუხიც მივიღეთ.
"ისეთი პრობლემები შემექმნა, რომ ფეხბურთი გვერდზე გადავდე, ჩემი სპორტული კარიერისთვის ვერ მოვიცალე, რაღაც უაზრობებს გადავყევი და ამის გამო ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებ".
ახალაია 30 წლის არის და ამ ასაკში უკვე ძალიან ძნელია ყველაფრის თავიდან დაწყება. მიუხედავად ამისა, ლადო დანებებას არ აპირებს.
"ყველა გვერდში მიდგას: "სიონის" ხელმძღვანელობა, ლადო ბურდული, გუნდის მწვრთნელი არმაზ ჯელაძე... დიდი მხარდაჭერა მაქვს და ამ ხალხს არასდროს ვუღალატებ", - ამბობს ახალაია.
"სიონი" უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, მომდევნო ტურში მეტად პრინციპული, შესაძლოა, გადამწყვეტი მატჩიც კი ელის სტუმრად ბათუმის "დინამოსთან".
ბოლნისელებს საქმე იმანაც გაურთულა, რომ 19 აპრილს მოულოდნელი ანგარიშით, 0:3 დამარცხდნენ შინ "ვიტ ჯორჯიასთან".
"ყველაფერი ჩვენი ბრალია. არ გვეგონა, თუ ასეთი წინააღმდეგობა შეგვხვდებოდა, გვეგონა, თავისუფლად მოვუგებდით მეტოქეს და ამის გამო დავისაჯეთ.
"ვიტ ჯორჯია" მებრძოლი გუნდია, კარგად ითამაშა და დაგვამარცხა. "ბათუმთან" 4 მაისს ძალიან რთული თამაში გველის, თუმცა გამარჯვების იმედი გვაქვს", - მოგვახსენა ახალაიამ.
"სიონს" არგავარდნისთვის კი უწევს გარჯა, თუმცა თასის ნახევარფინალშია გასული და ვინ იცის, იქნებ ფინალშიც გააღწიოს.
ბოლნისელებმა პირველ შეხვედრაში "ჩიხურასთან" სტუმრად 0:2 წააგეს, საპასუხო მატჩი კი 8 მაისს გაიმართება.
"პირველი მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე, "ჩიხურას" ფინალში გასვლის უკეთესი შანსი აქვს, თუმცა ბურთი მრგვალია, "სიონს" არანაკლები ფეხბურთელები ჰყავს და ვნახოთ, რა მოხდება.
ეს "სიონი" ახალი გუნდია. ერთ-ორ თვეში ძალიან ძნელია ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება, მაგრამ თქმა რად უნდა, რომ თასზეც ბოლომდე ვიბრძოლებთ".
პორტრეტი: ახალაიას ხელახლა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სიონი-კოლხეთი 6:2 - გახსოვთ ძველი ახალაია?