ბიზნესმენი პაატა ფილიევი: "ქართლი 2011"-ში 10-15 მილიონს ჩავდებ

AutoSharing Option
გორის საფეხბურთო აკადემიის - "ქართლი 2011"-ის პრობლემებზე "ლელო" მარტში წერდა. საქართველო ძლიერი საფეხბურთო ცენტრებით განებივრებული არ არის, მით უფრო, რეგიონებში. ამიტომაც დიდი მოვლენა იყო 2011 წლის 30 დეკემბერს, გორში საფეხბურთო აკადემიის გახსნა.

პროექტის ინიციატორი და დამფინანსებელი ბიზნესმენი პაატა ფილიევი გახლდათ, რომელიც წლების წინ გორის "ქართლის" მეკარე იყო. შემდეგ კიევში ბიზნესი წამოიწყო, ახლა კი რუსეთსა და უნგრეთში საქმიანობს.

მას საუკეთესო საფეხბურთო ცენტრის დაფუძნება სურდა, რადგან ფეხბურთში სახელმწიფო კლუბების საქმიანობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მიიჩნევდა, რომ ქართული ფეხბურთის პროგრესს სწორედ ეს აბრკოლებდა.

ფილიევი
გორში გამოყოფილ 5 ჰექტარზე ბალახისსაფარიანი მოედნების გაკეთებას და რამდენიმე კორპუსის აშენებას გეგმავდა, სადაც 300-მდე ბავშვი საჯარო სკოლების პროგრამით ისწავლიდნენ, იცხოვრებდნენ და საუკეთესო პირობებში ივარჯიშებდნენ. მანამდე კი გორსა და მიმდებარე სოფლებში მინდვრები იჯარით აიღეს.

"ქართლი 2011"-ში 300-მდე ბავშვი ვარჯიშობდა და იქ ასაკის გადაკეთების მანკიერი ტრადიციაც კატეგორიულად აკრძალეს. საინტერესოა, რომ თითოეული ბავშვი აკადემიის პარტნიორ კომპანიაში - "იმედი L"-ში დააზღვიეს, რაც უმაღლესი ლიგის ბევრი გუნდისთვისაც ფუფუნებაა. აკადემიის მესვეურები ცდილობდნენ, ლიცენზირების პირობები მაქსიმალურად შეესრულებინათ.

გარდა ამისა, 2012 წლის ზაფხულში ჩამოყალიბდა "ქართლი 2011"-ის გუნდი, რომელიც ამჟამად მეორე ლიგაში გამოდის. გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში აღზევებაა, ხოლო არც ისე შორეულ მომავალში - ევროსარბიელზე გასვლა.

ქართულ ფეხბურთს ბიზნესის სამყარო მაინცდამაინც არ სწყალობს. ამ ფონზე პაატა ფილიევის გეგმების გაჟღერება სასიამოვნო სიურპრიზი იყო. არადა, მან გეგმები შეცვალა და გადაწყვიტა, "ქართლი 2011" გორიდან სოფელ ხელთუბანში გადაეყვანა, შიდა ქართლის რეგიონული ფედერაციიდან გასულიყო და თბილისის ფედერაციას შეერთებოდა, გუნდს კი "მცხეთა პარკზე" ეთამაშა.

Sportall.Geროგორც ჩანს, მარტში ატეხილმა განგაშმა შედეგი გამოიღო. "ქართლი 2011" გორში კი დარჩა, მაგრამ პაატა ფილიევმა თავდაპირველ გეგმებში კორექტივები კვლავ შეიტანა და კიდევ რამდენიმე საინტერესო ამბავი გაგვიმხილა:

- მალე ხელთუბანში დავიწყებთ ბაზის მშენებლობას, სადაც ორი სტანდარტული მოედანი და 50 კაცზე გათვლილი სასტუმრო და ცენტრალური სტადიონი იქნება.

ამ უკანასკნელის გარდა, ყველაფერი მომავალი წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს, "ქართლი 2011" კი პირველ ლიგაში ითამაშებს. ამავე დროს, გუნდს მეორე ლიგაშიც შევინარჩუნებთ.

- გორიდან წასვლა რატომ გადაიფიქრეთ?
- დავრჩით, რადგან "ლელოში" გამოქვეყნებულმა წერილმა ბევრი რამ შეცვალა.

- საერთოდ, "ქართლი 2011"-ს რა მიზნები აქვს?
- უმაღლეს ლიგაში დამკვიდრება, ჩემპიონობა და ევროსარბიელზე გასვლა.

- ამას საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება...
- მოთამაშეებს 10 და 20-ათასიან ხელფასებს არ გადავუხდით, მაგრამ 5 წლის განმავლობაში გუნდში 10-15 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას დავაბანდებ.

- სტადიონი სად უნდა ააშენოთ?
- ამ პროექტზე დროებით უარი სწორედ ამ საკითხის დასაზუსტებლად ვთქვით და ახლა გორში შესაბამის ადგილს ვეძებთ. სხვათა შორის, ლევან ყიფიანმა დახმარების სურვილი თავად გამოთქვა, რადგან შეიტყო, რომ დიდ პროექტზე იყო ლაპარაკი.

თუ მასშტაბურ პროექტზე არ ვიფიქრებთ, ისე სკოლისა და გუნდის ჩამოყალიბებას აზრი არ აქვს.

ჩვენ უნდა შევქმნათ "აიაქსის" დარი, მოთამაშეთა აღზრდაზე ორიენტირებული აკადემია, რომელიც ფეხბურთელების წინსვლითა და მათი უცხოეთში გადასვლით იქნება დაინტერესებული.

- საინტერესო გეგმებს შეეჭიდეთ, მაგრამ ახლა გორის "დილას" მომავალი გაურკვეველია და მისი აყვანის სურვილი არ გაგჩენიათ?
- აჯობებს, გუნდს რეალური საფუძველი ჩავუყაროთ, რათა შემდეგ უმაღლეს ლიგაში არა მხოლოდ ჩამოყვანილი მოთამაშეებით, არამედ საკუთარი აღზრდილებითაც გავიდეს ფონს. გვინდა თუ არა, გულშემატკივარს სურს, რომ თავის გუნდში მეტი თანაქალაქელი იხილოს. კლუბში კი კომერციული მხარე მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული. ამ კუთხით, გორის "დილაში" ყველაფერი შესაცვლელი მგონია და სანამ იქ საქმე დალაგდება, მანამდე "ქართლი 2011" უფრო განვითარდება.

- კი მაგრამ, გორში კომერციულად მომგებიანი გუნდის შექმნა რეალური გგონიათ?
- მგონია კი არა, დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს შესაძლებელია. გორში სპორტული ნაწარმის ფაბრიკის აშენება მსურდა. თუ ხელს არ შემიშლიან, ამ პროექტს მაინც განვახორციელებ.

ჩრდილოეთ კავკასიაში ბევრ გუნდს შევუთანხმდი, რომ ეკიპირებას ჩვენთან შეიძენენ და გულშემატკივრისთვისაც იაფ ფორმებს შევკერავთ. არა მგონია, სტადიონზე მოსულებმა გუნდის 5-ლარიანი მაისურები ვერ შეიძინონ. ცხადია, ევროპელების დარი შემოსავლების იმედი არ გვაქვს, მაგრამ ამ და სხვა ნაბიჯებით გუნდის კომერციულ რელსებზე გადაყვანა შესაძლებელია.

12 წელია, საქართველოში არ ვყოფილვარ, მაგრამ ყველას ვაჩვენებ, როგორ მიყვარს გორი და საქართველო. ნახავთ, რამდენად ეფექტურია კერძო კლუბი და აკადემია. მომავალი მათ ეკუთვნით და არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კლუბებს.

და კიდევ: დიდი სურვილი მაქვს, პენსიაზე გასულმა საკუთარ აშენებულ სტადიონზე ვიხილო "ქართლი 2011"-ის შეხვედრა რომელიმე დიდ ტურნირზე. იმედია, ეს ოცნება ამიხდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ქართლი 2011" გორიდან მიდის - რა შეემთხვა პაატა ფილიევს?
"ქართლი 2011" - ფანჯარა ევროპაში, ადგილი ტრიბუნაზე
მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგი წამოწყებაა.პარალელურად "დილასაც" გაუწიოს მფარველობა,რომ არ დაიშალოს.ისევ ოსური წარმომავლობის ადამიანი,თორემ ქართველები/ფულიანები/ გორში სპორტის განვირარებაზე არ ფიქრობენ.წარმატებებს ვუსურვებ პაატა ფილიევს მთელი გულით და სულით.ჯერი ადგილობრივ ხელმძღვანელობაზეა,რომ ხელი შეუწყონ საქმის კეთებაში–ხელი არ შეუშალონ მაინც წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით,რომლებიც წილებში უჯდებოდნენ საქმის მკეთებელ ხალხს.
მერაბი
16:05 03-05-2013
0
ღმერთმა მეტი მიცეს ამ ადამიანს და ხელი მოუმართოს ყველა კაი საქმეში, ძალიან გამიხარდა
nodari
18:10 03-05-2013
0

სიახლეები პოპულარული