კატასტროფული სტატისტიკა: საქართველოში გუნდების რაოდენობა მცირდება

AutoSharing Option
"ლელოს" მკითხველი უკვე ინფორმირებულია, გორში გულშემატკივრებმა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე აქცია რომ გამართეს სლოგანით - "გადავარჩინოთ გორის "დილა" (იხილეთ ვრცლად).

იმედია, ყველაფერი კლუბის და მთლიანად ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ გადაწყდება. ამისთვის კი მედიის, გულშემატკივრებისა და საფეხბურთო სამყაროს მხარდაჭერა და პრინციპული პოზიციაა საჭირო - ჩვენთვის გორის "დილა" ისევე ძვირფასია, როგორც ნებისმიერი ქართული კლუბი.

ახლა ეს მხარდაჭერა მართლაც ბევრს ნიშნავს. საქართველოს ჩემპიონატში სულ სამი ლიგაა და მხოლოდ 62 გუნდი თამაშობს: უმაღლესში 12 მონაწილეა, პირველში - 23 ("ა" ჯგუფში - 12, "ბ" ჯგუფში -
11), მეორე ლიგაში - 27 (აღმოსავლეთ ზონაში - 14, დასავლეთში - 13).

დუბლშემადგენლობების პირველობაზე 12 გუნდი გამოდის, მაგრამ ისინი დამოუკიდებელი გუნდები არ არიან და საერთო ციფრს ვერ მივათვლით.

აქვე ვიტყვით, რომ პირველ ლიგაში გამოდის "დინამო 2", მეორე ლიგაში კი პირველლიგელთა სარეზერვო გუნდები - ცხინვალის "სპარტაკი 2", "გაგრა 2", "ლიახვი 2", "გურია 2", "შუქურა 2", ხობის "კოლხეთი 2".

სამწუხაროდ, სეზონის მსვლელობისას დაიშალა მეორე ლიგის "დუშეთი". არადა, ამ ქალაქში ყოველთვის იყო ფეხბურთის კერა.

ანუ რეალურად საქართველოში გუნდების რაოდენობა გაცილებით მცირეა - 55. ეს რომ კატასტროფული ციფრია, სადავოც არ არის.

ცნობისთვის, 1990 წელს, როდესაც ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, 160 გუნდი გვყავდა. შედარებისათვის კი ვიტყვით, რომ ამჟამად უკრაინის ყველა ლიგაში 6500 გუნდია, რუსეთში - 18 000.

წლების წინათ გუნდი საქართველოს ყველა რეგიონში, რაიონში და ბევრ სოფელშიც კი არსებობდა. ახლა უგუნდოდ კი მთელი რეგიონები დარჩა.

შედარებით კარგი მდგომარეობაა თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში; გუნდები არიან შიდა და ქვემო ქართლში, აჭარაში, გურიაში; ხოლო კახეთში, ჰერეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამცხე-ჯავახეთში დიდი პრობლემებია.

არადა, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა და ფეხბურთი მასობრივი არ გახდა, ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული ნაკრების წინსვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია: მცირე რაოდენობის გუნდები თავისთავად მოთამაშეთა სიმწირესა და მცირე არჩევანსაც გულისხმობს.

ასეთ დროს საქართველოს არც ერთი გუნდის დაკნინებისა და დასუსტების უფლება არ აქვს, მით უფრო, ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის. როგორ და რანაირად, ამაზე მათ იფიქრონ, ვინც ამაზე პასუხისმგებლობა აიღო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ერთი გუნდი რაც არ უნდა დააფინანსო, ვერ განვითარდება, კონკურენციის გარეშე.
0
სახელმწიფომ გარკვეული საგადასახადო შეგავათი უნდა დაუწესოს მეწარმეს ვინც სპორტის ნებისმიერ სახეობაში ჩაერთობა სპონსორის სახით, თუნდაც 3-4% საშემოსავლოზე რო ნაკლები დაუწესოს
azri
20:04 09-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული