პრეს-არქეოლოგია: დიუსელდორფში

AutoSharing Option
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 1981 წელს თბილისის "დინამომ" ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით დიუსელდორფის "რაინშტადიონზე" "კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა და თასების მფლობელთა თასი აღმართა.

"ლელოს" 1981 წლის მაისის ნომრებში მატჩის მიმოხილვაც გადავიკითხეთ, გუნდის თბილისში ჩამოსვლის ამბებიც, მაგრამ ყველაზე ღირებულად მაინც მოვლენების თვითმხილველის, "დინამოს" ექიმის ზაქრო თელიას მიერ დაწერილი სტატია მოგვეჩვენა.

თავად განსაჯეთ...

"3 საათი ვიფრინეთ და 11 საათზე გამოსულნი შუა ევროპის დროით 12 საათზე ვიყავით ფრანკფურტში. მერე 5 საათი დაგვჭირდა ლოდინი, რომ დიუსელდორფამდე სულ რაღაც 30-წუთიანი საფრენი გზა გვევლო.

...ქალაქიდან
მოშორებით სიმწვანეში ჩაფლულ ძველებურ ფიცრულთან გავჩერდით. გვითხრეს - თქვენი სასტუმროაო. გაკვირვებულნი, უკმაყოფილონი ჩამოვედით მანქანიდან და ვიწრო სოფლური ბილიკით შევედით პატარა სახლში, აქ კი სულ სხვა სურათი წარმოგვიდგა წინ, გაოცებულნი ვუყურებდით ერთმანეთს, გამოუთქმელ, აუწერელ სიმშვენიერეში აღმოვჩნდით: ძველებური სტილის ეგზოტიკური სარდაფები, დერეფნები, ოთახები, ყოველი კუნჭული დეკორატიულადაა გაფორმებული და გამოყენებული. ჩადიხარ ქვემოთ სარდაფში, გგონია - უფსკრულში მიდიხარო და უცებ ამოყოფ თავს შესანიშნავ აუზში, აქვეა დასასვენებელი ბაქნები.

დაბინავებისთანავე გავმართეთ 40-წუთიანი ვარჯიში სასტუმროს ახლოს მინდორზე.

ბარაქალა დიუსელდორფელ მასპინძლებს, ასეთი სასიამოვნო სიურპრიზისთვის.

ვისადილეთ. ვახშმადაც ჩაითვლებოდა, სხვაგვარად დრო არ გვეყო. ვცდილობთ შევეჩვიოთ ადგილობრივ დროს, რათა ზეგისთვის თბილისური დროით 23 საათისთვის მზადყოფნაში ვიყოლიოთ სპორტსმენები.

თამაშის წინა დღე, 12 მაისი, ვარჯიშისა და დასვენების მონაცვლეობით გავატარეთ. საღამოს წვრთნა მოეწყო დიუსელდორფის ცენტრალურ სტადიონზე, რომელიც სასტუმროდან 70-წუთიანი სავალი მანძილით იყო დაცილებული.

დელეგაციის ხელმძღვანელმა შოთა გორგოძემ გზად მიმავალთ კარგი სიურპიზი გაგვიკეთა: მაგნიტოფონში ჩართო თან წამოღებული ქართული სიმღერების ფირი, რომელიც დაიწყო "დინამოს" ფეხბურთელთა ჰიმნით.

ქართულმა სიმღერებმა ძალა შემატა ბიჭებს. შეუმჩნევლად მივედით სტადიონზე. შესანიშნავი ნაგებობაა, რაღაცით ჰგავს თბილისის "დინამოს" სტადიონს.

ჯერ "კარლ ცაისმა" ივარჯიშა, ყურადღებით ვუყურეთ, შემდეგ მინდორზე ჩვენ გავედით. ახლა ისინი იყვნენ მაყურებელთა როლში.

გადავათვალიერეთ გაზეთები. წერდნენ: "დიუსელდორფში თამაში მოუხდება ევროპის 2 საუკეთესო გუნდს, მაგრამ უეფა-მ დიდი შეცდომა დაუშვა, ეს მატჩი რომ ევროპის აღმოსავლეთის ქვეყნებში არ გადაიტანა, სადაც უამრავი მაყურებელი მოვიდოდა. აქაურ სტადიონზე, ალბათ დაესწრება მხოლოდ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის 1000 და საქართველოდან ჩამოსული 60 ტურისტი".

საღამოს, ვახშმობისას, ჩივაძემ გამიხმო და მითხრა - მაციებს, ცუდად ვარ, მიშველე რამეო.

საშაზე უარეს დღეში მე ჩავვარდი, კანკალი დამაწყებინა. როგორ მოვიქცე? საქმე ისაა, რომ ხვალ ანტიდოპინგური კონტროლია, ამიტომ წამლების მიცემა არ შეიძლება!

გამოვნახე გაციების უწამლო მკურნალობის ძველი, მამაპაპური მეთოდი: ცხელი ჩაი ლიმონით და თაფლით, ტანის დაზელვა სპირტით, გვეშველა!.

ძალიან გრძელი გამოდგა 13 მაისის დღე, მაგრამ მშვიდი და ხალისიანი იყო, რაც კარგად მენიშნა.

...გრძელი გზა სტადიონამდე ქართული სიმღერების ჰანგებით განვლეთ, "რაინშტადიონი" საზეიმოდ იყო მორთულ-მოკაზმული.
გასახდელში შესვლისთანავე გვეახლა ჩეხოსლოვაკიელი პროფესორი, ჩემი კოლეგა. ანტიდოპინგური კონტროლის კომისიის თავმჯდომარე, რომელიც გამეცნო და შესავსებად გადმომცა დოპინგკონტროლის ოპერაციებისათვის საჭირო საბუთები, თან გამაფრთხილა თამაშის დამთავრებისას უზრუნველმეყო მათ მიერ შერჩეული ფეხბურთელების კონტროლზე გატარება.

თამაშზე გასვლის წინ, ჩაკეტილ გასახდელში, ქართული სიმღერის "ქართველო, ხელი ხმალს იკარ", ჰანგებში ბიჭებმა ფიცი მისცეს ერთმანეთს და გავიდნენ მოედანზე.

სწორი არ გამოდგა ადგილობრივი გაზეთების წინასწარხედვა: მაყურებელი მეტი იყო.

ქართველ ტურისტთა ჯგუფი შეძახილებით, სიმღერებით, დოლის დაკვრით ყოველთვის სძლევდა გერმანელთა პაექრობას და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ სტადიონზე მოსული დიუსელდორფელი მაყურებლებიც ქართველების ქომაგობას უერთდებოდნენ, ხოლო სიმღერების, შეძახილებისა და დოლის დაკვრის დამთავრებისას თითქოს კონცერტიაო - ტაშს უკრავდნენ.

თამაშის მსვლელობაზე არაფერს ვიტყვი, ვინაიდან იგი ყველამ ნახა ტელევიზიით, მაგრამ აღვნიშნავ ერთს: მატჩის პროცესში და დამთავრების შემდეგაც აქაური მაყურებელი ჩვენს ბიჭებს უკრავდა ტაშს, მწვანეტანსაცმლიანი პოლიციელებიც კი გვქომაგობდნენ და ჩვენს ზეიმს უერთდებოდნენ.

თამაშის დამთავრებისას მხიარულებასთან ერთად სიხარულის ცრემლიც ბევრი დაიღვარა. ვტიროდით, დავრბოდით, უაზროდ ვიქნევდით ხელებს, ასეთნაირი სიხარული იშვიათად თუ მოხდება ცხოვრებაში.

გვიან ღამით დავბრუნდით სასტუმროში. ჩვენთან ერთად ორ ათეულამდე თბილისელიც წამოვიდა, სასტუმროს ეგზოტიკურ დარბაზში დაიწყო ლხენა. პირველად შეისვა ქართველი ხალხის სადღეგრძელო, თასი ხელიდან ხელში გადადიოდა.

ზეიმს დიდი სილამაზე მისცა ქართულმა სიმღერებმა, რომლის შემსრულებლებმა დაიმსახურეს უმაღლესი შეფასება. თურმე, ბევრი კარგი მომღერალი ყოფილა ტურისტთა ჯგუფში. ბარაქალა მათ!

მეორე საღამოს ადგილობრივმა ტელევიზიამ საკმაოდ დიდი კომენტარი გაუკეთა თამაშს, მაგრამ მეტი დრო მოანდომა ქართველ მცირერიცხოვან მაყურებელთა ქომაგობას.

აჩვენეს გერმანელთა ვეებერთელა ჯგუფი, მათი სიმღერები, შეძახილები და მათ გვერდით, შედარებისთვის აჩვენეს სექტორს გამოშვებით მსხდომი ქართველები. მათი ხმამაღალი სიმღერა, ქართული დოლის ცეცხლოვან ხმაზე გამართული ცეკვები და ამ ჰანგებზე აყოლილი დიუსელდორფელი მაყურებლები.

კომენტატორი ამბობდა: ასეთი ფანტასტიკური და ლამაზი მხარდაჭერა არსად არ უნდა იყოსო!

ასეა. ყველამ გავიმარჯვეთ - ფეხბურთელებმაც და მაყურებლებმაც.

ზაქრო თელია
თბილისის "დინამოს" ექიმი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული