ნიჭიერი ბავშვები? რამდენიც გინდა!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ბავშვთა აკადემიის მოედნებზე 2 ივნისს დასრულდა ნოდარ ახალკაცის სახელობის საერთაშორისო ბავშვთა ფესტივალი, სადაც მისვლა და თამაშების ხილვა ნამდვილად ღირდა.

გასულ წელთან შედარებით, ამჯერად მონაწილეთა არეალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველოს სხვადახვა რეგიონის (თბილისი, აჭარა, აფხაზეთი, იმერეთი, რაჭა, სამეგრელო, მესხეთ-ჯავახეთი, ლეჩხუმი, შიდა და ქვემო ქართლი, მთიანეთი, კახეთი) გუნდების გარდა, მთავარი პრიზისთვის სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის 2002, 2003 და 2004 წელს დაბადებულები იბრძოდნენ.

თამაშები "დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემიის, საბურთალოს, "ოლიმპიკის", შრომითი რეზერვების, ჩემპიონისა და საქართველოს უნივერსიტეტის საფეხბურთო მოედნებზე იმართებოდა.

2003 წელს
დაბადებულთა ფინალში "საბურთალო" თბილისის "დინამოს" აკადემიასთან მეორე ტაიმის დასაწყისში 2:0 დაწინაურდა. "ბენდელას" სტადიონზე შეკრებილი 2000 მაყურებელი უკვე შეგუებული იყო შეხვედრის ბედს, მაგრამ დინამოელებმა თამაში შემოაბრუნეს, ანგარიში გაათანაბრეს და ძირითადი დროც 2:2 დასრულდა. პენალტების სერიაში დავით ბერაძისა და მამუკა მინაშვილის გაწვრთნილმა "საბურთალომ" 4:2 მაინც გაიმარჯვა.

შედარებით ნაკლებად დაძაბული გამოდგა 2004 წელს დაბადებულთა ფინალი, სადაც ერთმანეთს "დინამოს" აკადემია და ომც-დიღომი დაუპირისპირდნენ. დავით ჭიჭვეიშვილის, ირაკლი ჩიტაურისა და ზურაბ ქვაჩახიას დარიგებულმა დინამოელებმა ასაკისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპით მეტოქეს გასაქანი არ მისცეს, 3:1 გაიმარჯვეს და თასი დამსახურებულად ასწიეს.

ფესტივალის ყველაზე უფროსი ასაკის (2002) ფინალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გამარჯვებულის ტიტულს ერთმანეთს "საბურთალო" და თენგიზ სულაქველიძის სახელობის საფეხბურთო აკადემია ეცილებოდნენ.

მატჩი "საბურთალოს" უპირატესობით დაიწყო, მაგრამ სულაქველიძის აკადემიამ (მწვრთნელები: ზაზა ცინარიძე, ავთანდილ ნებიერიძე) სწრაფი და შედეგიანი კონტრშეტევებით 4:2 მოიგო და მთავარ პრიზს დაეუფლა.

ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თბილისის ფედერაციამ, სპორტის სამინისტრომ და კომპანია "სალერმა" გამორჩეულ ბავშვებზე პრიზები უხვად დაარიგეს და ბევრმა კარიერაში პირველი ჯილდო მიიღო.

დაბოლოს: კარგი იქნება, თუ ასაკობრივი გუნდების მსგავსი ტიპის ტურნირები ხშირად გაიმართება. ბავშვები და მათი მწვრთნელები ხომ საერთაშორისო შეჯიბრებებზე გასვლის ბედნიერებას მოკლებულნი არიან და ჩვენს წვენში ვიხარშებით. უცხო ქვეყნის გუნდებთან თამაშებში მიღებული გამოცდილება მოზარდ ფეხბურთელებს ჩამოყალიბებაში ეხმარება და სამომავლოდ დიდად წაადგებათ, მწვრთნელები კი გუნდისა და საკუთარ პლუს-მინუსებს ხედავენ.

საინტერესო იყო ქართულ-უცხოური დაპირისპირებები, რომლებიც არსებული რეალობის საუკეთესო შეფასებად გამოდგება: თბილისის "დინამოს" აკადემიამ (2002-წლიანები) ბაქოს "ნეფთჩის" 7:0 სძლია, სულაქველიძის აკადემიამ კი - 3:0. 2003-წლიანებშიც დინამოელებმა "ნეფთჩის" 4:3 აჯობეს. "საბურთალომ" კი ერევნის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო აკადემიას 3:0 მოუგო - მოკლედ, ამ ასაკში ჩვენი ბავშვების უპირატესობა აშკარა იყო.

ცხადია, ტურნირზე ბევრი უნიჭიერესი ბავშვი გამოჩნდა. მერწმუნეთ, მათი შეხვედრების ცქერა უმაღლესი ლიგის ბევრ შეხვედრას სჯობდა - ემოციურ, აზარტულ და ლამაზ თამაშებს გულგრილი არავინ დაუტოვებია.

იმედია, ეს თაობები გაიზრდებიან და ქართულ ფეხბურთს ასახელებენ - მათ ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგ ასაკებში კი არიან. აი მერე ტაქტიკა, ფიზიკა, ჭკუა და შრომა როა საჭირო, მერე იკარგებიან.
ramo
14:23 03-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული