პირველად მაშინ გამოჩნდა ჟორდანიას განცხადება სოციალურ ქსელში, როცა თბილისის "დინამოს" წინა ხელმძღვანელობამ უწინდელი პოზიციების დაბრუნება სცადა. ახლა კი ჟორდანიამ საკუთარი სურვილი გააჟღერა:
"მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში მე აუცილებლად ვიფიქრებ იმაზე, თუ რა ფორმით და პროგრამით დავბრუნდე ქართულ ფეხბურთში".
"მოვლენათა ასეთ განვითარებაში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები უნდა ვიგულისხმოთ, ასე ჩანს ჟორდანიას მიმართვიდან.
რა უნდა აინტერესებდეს ჟორდანიას საქართველოში? ის უკვე იყო თბილისის "დინამოს" და საქართველოს
ჟორდანია არნემის "ვიტესის" პრეზიდენტია, კარგ ქვეყანაში ცხოვრობს და კარგადაც უძღვება კლუბის საქმეებს, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა ამბიციაც გაუჩნდა.
ჟორდანიამ შესაფერისი დრო შეარჩია ასეთი განცხადებისთვის, რადგან ქართულ კლუბებს ახლა ცუდი დროება უდგათ, თან ფული შემოაკლდათ, თან კი ის არ ასვენებთ, რომ სახელმწიფომ გორის "დილას" ორი მილიონი ლარი მისცა, სხვა გუნდებს კი ჯერ არაფერი. ანუ უკვე არსებობს გარკვეული პლაცდარმი - უკმაყოფილო კლუბები, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტები არიან და შესაბამისად, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის უფლება აქვთ.
და რა უნდა შესთავაზოს ჟორდანიამ კლუბებს? ალბათ, ისეთი პროექტი, რომელიც კლუბების მოფულიანებას და განვითარებას ითვალისწინებს. ასეთ პროექტზე სპორტის სამინისტრო, ანუ სახელმწიფო უკვე მუშაობს, თუმცა ამ პროექტის შინაარსი ჯერ უცნობია.
და ვინ იქნება ჟორდანიას მოკავშირე საქართველოში? ესეც უცნობია.
იცის კი ჟორდანიამ ის ვითარება, რაც ახლა არის ქართულ ფეხბურთში? ჟორდანია ამ ყველაფერს გარედან უყურებს, არ არის ჩართული პროცესებში და წარმოუდგენელია, რომ მას ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს ქართული ფეხბურთის ახლანდელ ავან-ჩავანზე.
ჟორდანია ბოლო წლებში ერიდება ურთიერთობას ქართულ მედიასთან და შესაძლოა, მოსწონს კიდეც თავისებური ფანტომის როლი, რადგან ეს ამძაფრებს ურთიერთობის სურვილს.
ერთი სიტყვით, ჟორდანიას განცხადებამ კითხვები გააჩინა, ოღონდაც რამდენად აქტუალურია ჟორდანია დღეს ქართული ფეხბურთისთვის?
მე მაინც მგონია, რომ ჟორდანიამ თავისი გასაკეთებელი საქართველოში უკვე გააკეთა, ქართული ფეხბურთის დახმარება კი ჰოლანდიიდანაც შეუძლია - "ვიტესში" სამი ქართველი ფეხბურთელი რომ მივიდა, ეს არ უნდა იყოს პატარა საქმე, ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერი კარგ ევროპულ ქვეყნებში ადვილი გასაკეთებელი ნამდვილად არ არის.
ჟორდანიას საქართველოში ამბიცია დარჩა. სხვანაირად ის არ გამოაქვეყნებდა ასეთ მიმართვას. მან პოლიტიკურ ფაქტორზეც გააკეთა მინიშნება, ქართველი საზოგადოება შიშისა და ძალადობისგან გათავისუფლებულიაო.
ქართველ საზოგადოებას მართლაც არ უნდა ჰქონდეს მოკლე მეხსიერება და ისიც კარგად ემახსოვრება, რა ხდებოდა 90-იან წლებში ქართულ ფეხბურთში. რა თქმა უნდა, მაშინ სხვა დრო იყო, თუმცა მხოლოდ ეს ვერ იქნება იმის გამართლება, რაც ხდებოდა.
ჟორდანიას არაერთი კარგი თვისება აქვს. რომ არა ეს თვისებები და ძლიერი ნებისყოფა, ვერ დასძლევდა სიძნელეებს და ვერ გახდებოდა "ვიტესის" პრეზიდენტი.
წარსულის უგულებელყოფა, უბრალოდ, არ გამოდის, ის თავისებური ტვირთია ადამიანისთვის. ჟორდანიამ განსაცდელიც ნახა და წარმატებაც, ის არ არის უბრალო ადამიანი, მას შეუძლია მართვა და რაღაც ახლის გაკეთება.
და რა იქნება ჟორდანიას მომდევნო ნაბიჯი?
ალბათ, ის, რომ ვირტუალური სამყაროდან სხვაგან გადაინაცვლებს და რომან აბრამოვიჩის მეგობარი ასეთნაირად წარმოგვიდგენს საკუთარ, კონკრეტულ გეგმებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მერაბ ჟორდანიას მიმართვა საქართველოს საფეხბურთო საზოგადოებისადმი
მერაბ ჟორდანიას შეხვედრა აბრამოვიჩთან და პირველი მილიონები "ვიტესში"
მერაბ ჟორდანიას ამბიციური გეგმები
მერაბ ჟორდანია, ნოდარ ახალკაცი, გიორგი ნემსაძე - სფფ-ის საპატიო პრეზიდენტები?
მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით