გიორგი შაშიაშვილი: ქვეყანა თბილისის "დინამოს" წარმატების მოლოდინშია

AutoSharing Option
გიორგი შაშიაშვილი "დინამოში" 17 წლის ასაკში გამოჩნდა. 10 წლის წინ შესრულებული დუბლის დროს იგი "დინამოს" კაპიტანი გახლდათ.

შემდეგ მცირე ხნით ისევ დაუბრუნდა მშობლიურ კლუბს, ახლა კი, ხანგრძლივი განშორების შემდეგ, ისევ დინამოელია.

- გიორგი, 3 წლის მანძილზე თამაშობდი და ცხოვრობდი ავსტრიაში. ეს გარემო შენთვის უცხო არ უნდა იყოს...
- ავსტრიის ულამაზეს მხარეში ვიმყოფებით. იდეალური ადგილია. ცნობილი კურორტი... ოცნებობს ხალხი აქ მოხვედრაზე. ამიტომაცაა, აქაურობას შეკრების ადგილად არა მხოლოდ კიევის "დინამო" და "შახტარი" ირჩევს, არამედ ბევრი სხვა ცნობილი კლუბიც.

- შეკრების ეკვატ
ორი გადალახულია, ორი სპარინგიც ვითამაშეთ. როგორ შეაფასებდი განვლილ შეხვედრებს?
- ორი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ უკრაინული ფეხბურთის ორ გრანდთან. ორივე შემთხვევაში, ვფიქრობ, გუნდის თამაში დადებითად უნდა შეფასდეს.

კიევის "დინამოსთან" ფრე თავისუფლად შეიძლებოდა. "შახტარი" კი საერთოდ, იშვიათად აგებს.

ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გახლდათ ოლეგ ბლოხინის შეფასება, რომელმაც ისევე, როგორც "შახტარის" ფეხბურთელებმა, ჩვენი გუნდის ათლეტიზმს და მაღალ ფიზიკურ მომზადებას გაუსვეს ხაზი.

ქართულ გუნდებს ყოველთვის უჭირდათ ამ კომპონენტში და ერთგვარი დამღაც გვქონდა, მუდმივად ფიზიკურად მოვიკოჭლებდით.

სხვადასხვა ქვეყანაში მითამაშია და ყველგან გვახასიათებდნენ, როგორც ტექნიკური და ჭკვიანი ფეხბურთის მიმდევრებად, მაგრამ ფიზიკურ მომზადებას გვიწუნებდნენ ხოლმე.

- ნაწილობრივ უპასუხე მომდევნო კითხვას. ბევრ სხვადასხვა სტილის მიმდევარ მწვრთნელთან გიმუშავია. დუშან უჰრინის მიდგომა რით განსხვავდება?
- დუშან უჰრინმა შეძლო გუნდის ფიზიკურად კარგად მომზადება და ფაქტობრივად, მთელი სეზონის მანძილზე სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ისევე, როგორც ყველა მწვრთნელს, მასაც განსხვავებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხედვა აქვს, რომელმაც მოგვიტანა უკვე შედეგი - ჩემპიონობა და თასი.

- 10 წლის წინ "დინამომ" ითამაშა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. შენ იმ გუნდის წევრი იყავი. რა პარალელებს გაავლებდი ?
- მაშინაც და ახლაც გუნდში გარკვეული სინთეზი იყო გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების. ახლაც ასეა, მაგრამ დღევანდელი გუნდი იმით გახლავთ უკეთესი, რომ ჩვენი გუნდის ღირსებას ლეგიონერებიც იცავენ, რომლებიც თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.

- რა არის დღევანდელი "დინამოს" მთავარი პლუსი?
- ალბათ, ის, რომ გუნდში, ფაქტობრივად, იდეალური სიტუაციაა, მეგობრული და ამავდროულად, საქმიანი ატმოსფეროა.

ყველამ იცის, რა და როგორ უნდა აკეთოს. ხელმძღვანელები, ფეხბურთელები - ყველანი "დინამოს" სამსახურში ვართ. გუნდში სამაგალითო დისციპლინაა.

საყოფაცხოვრებო საკითხებში წესრიგი მოედანზეც გადადის. ძალიან მეგობრული გუნდი შეიკრა, სადაც ფაქტობრივად, ყველა რგოლში მაღალი კონკურენციაა, რაც გუნდის ზრდაში დიდ როლს თამაშობს.

მთავარი კი ის გახლავთ, რომ გუნდში ყველა პირობაა წარმატებისთვის. ბევრ უცხოურ გუნდში მითამაშია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასეთი თანამედროვე ბაზა არსად მინახავს. ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა კლუბი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევდეს და პროგრესირებდეს.

ჯერ ინფრასტრუქტურა, შემდეგ წარმატება საქართველოში. ვნახოთ, რა იქნება მომდევნო ნაბიჯი.

- წილისყრის შედეგებმა ყველანი ოპტიმისტურად განგვაწყო...
- შეიძლება, შედარებით სუსტი გუნდი შეგვხვდა და ვალდებულნი ვართ, ეს ეტაპი გავიაროთ, მაგრამ დიდი ხანია ვთამაშობ და ვიცი, რომ მეტოქის შეუფასებლობა არ შეიძლება.

ჩვენ ვიცით, რა კატეგორიის მოწინააღმდეგე გვეყოლება, მაგრამ ფეხბურთელები და ყველანი საუბრებში სულ იმას ვამბობთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან სრული მობილიზაცია და კონცენტრაციაა საჭირო.

მოწინააღმდეგე თავის ქვეყანაში საუკეთესოა. უნდა გამოვიდეთ და ჩვენი თამაში ვითამაშოთ. ვინც იქნება მოედანზე, ბოლომდე დაიხარჯება და თავის საქმეს გააკეთებს. ჩვენ ასეთი განწყობა გვაქვს.

- რას ეტყვი "დინამოს" გულშემატკივარს?
- "დინამოს" ისტორია, ტრადიცია, უბრალოდ, "დინამოს" ფორმა გვავალდებულებს გამარჯვებას.

ქართველი ხალხი "დინამოს" წარმატების მოლოდინშია. სხვა ქართულ გუნდებსაც ჰქონდათ ლოკალური წარმატებები, მაგრამ ჩვენი თანამემამულეებისთვის "დინამო" ქართული ფეხბურთის სახეა.

ჩვენგან გულშემატკივრები წარმატებებს ელიან და ვეცდებით, ისინი არ გავაწბილოთ. ბევრი ძლიერი მეტოქე გვეყოლება, მაგრამ "დინამო" დღეს ის გუნდია, რომელსაც შესწევს ძალა, საკუთარი თავი ღირსეულად წარმოაჩინოს.

fcdinamo.ge

ასევე იხილეთ:
წილისყრა. თბილისის "დინამო": ხანდახან ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული