არ ვიცი, გაიხსნება თუ არა ეს საქმე, მაგრამ სროლა რომ კარგს არაფერს ნიშნავს, ბნელი 90-იანი წლებიდანაც გვახსოვს. მაშინ სხვანაირად ისროდნენ, ფეხბურთშიც სხვანაირად ხდებოდა ამა თუ იმ ადგილის დაკავება.
ფეხბურთის ფედერაციის შენობა ადრე დიდუბეში იყო, იამანიძის ხუთ ნომერში - ძველი, გვარიანად შელახული შენობა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდებოდა. იქ მისვლა ბევრს არ უყვარდა, ზოგს შელანძღული კედლებისა და იატაკის, ზოგს კი იმის გამო, რომ მაშინ ფედერაცია რაღაცნაირ, დახურულ
ფედერაციას მაშინ ნოდარ ახალკაცი მართავდა, დიდი ავტორიტეტი. ახლა სხვა დროა, მართვის ძველი სტილი და მეთოდები აღარ ჭრის არც ბასრად და არც ბლაგვად. ოღონდაც სროლა მაინც შემორჩა.
საქართველოს ნაკრები "ლოკომოტივის" სტადიონზე ირლანდიას რომ ეთამაშებოდა, ტრიბუნიდან ვიღაცამ გახსნილი ჯაყვა ისროლა. სროლა თითქოს სისხლში გვაქვს.
ფედერაციას ახლა ძალიან კოხტა, გაწკრიალებული ოფისი აქვს, ამ ორგანიზაციის პრეზიდენტობისთვის კი კვლავ შლეგად იბრძვიან. ამ ბრძოლას ისეთი ისტორია აქვს, რომ ცოდვა-ბრალი ფედერაციის ახალ შენობაშიც იგრძნობა, რომელსაც ესროლეს.
ფედერაციასა და სპორტის სამინისტროს შორის ურთიერთობა მგონი დალაგდა. დაძაბული ფონი აღარ ჩანს და თანამშრომლობის შესაძლებლობებიც უკვე გამოკვეთილია. ეს იმის საწინდარი უნდა იყოს, რომ რაღაც უკეთესობა იქნება.
და რას მოიმოქმედებს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია? ვფიქრობ, ის აღარ გააკეთებს განცხადებებს სოციალური ქსელით და პირდაპირ გაამხელს საკუთარ სურვილს.
რადგან ჟორდანიამ უკვე გამოთქვა სურვილი, რომ დაბრუნდეს ქართულ ფეხბურთში, ეს იმას ნიშნავს, რომ არნემის "ვიტესში" მისი პოზიციები შესაძლოა, შეიცვალოს. სხვანაირად რატომ უნდა ჰქონდეს ჟორდანიას ქართულ ფეხბურთში საქმიანობის სურვილი?
როგორც უნდა იყოს, ჟორდანია ქართული ფეხბურთისთვის აქტუალური ფიგურაა. თუ ის მართლა გადაწყვეტს ფედერაციის პრეზიდენტობისთვის კანდიდატურის წამოყენებს, მას საამისო პლაცდარმიც დასჭირდება, რაც ჯერ არ ჩანს.
ამ ჩახლართული ამბის ბოლო კი ალბათ ის იქნება, რომ ფედერაციის პრეზიდენტობა აღარ იქნება ისეთი ამაფორიაქებელი თანამდებობა, როგორიც იყო და არის და ალბათ აღარავის მოუვა აზრად, რომ ფედერაციის შენობას ესროლოს.
ამასობაში ბაქოს "ინტერში" კიდევ ერთი გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი მივიდა - ლაშა სალუქვაძე. დიუსელდორფის "ფორტუნაში" ლევან ყენია გადავიდა. შოთა არველაძე კი ადასტურებს, რომ თანაშემწედ ქართველი მწვრთნელი სურს...
"ზესტაფონის" ამბავსაც ალბათ კეთილი ბოლო ექნება და ილია კოკაიას გუნდი კვლავ ერთ-ერთი მოწინავე გახდება საქართველოში.
თითქოს ყველაფერს ეშველება, გარდა ეროვნული ნაკრებისა, რომელიც ყველას უხერხულობას უქმნის: სახელმწიფოს, ფედერაციას, მწვრთნელს, ფეხბურთელებს...
სექტემბრამდე მოგვიწევს დაცდა, როცა ნაკრები მორიგ მატჩებს ითამაშებს შესარჩევში. მანამდე კი ევროტურნირებია. მოსამზადებელ ეტაპზე "დინამომ" ახმეტოვის "შახტარს" 1:0 მოუგო. თქმა რად უნდა იმას, რომ საკონტროლო შეხვედრებში გუნდის რეალური ძალა არ ჩანს, მაგრამ მაინც, "შახტარის" დამარცხებამ უიმედობის განცდას თითქოს წყალი შეუყენა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"