TimeLine: "ბარსელონა", თბილისის "დინამოს" სტილში...

AutoSharing Option
ფოტოზე: "ბარსელონა" 2011 - თბილისის "დინამო" 1981

ქართული გუნდები ევროტურნირებში ჩაერთვნენ. "ჩიხურამ" და "ტორპედომ" ვერ გაგვახარეს...

სამი წერტილის ნაცვლად ვაპირებდი კიდევ რამდენიმე სიტყვის მიმატებას, როცა გამახსენდა, რომ საკალათბურთო მიმომხილველი ვარ და ქართულ საკლუბო კალათბურთში კიდევ უფრო შავადაა საქმე - წლეულს ევროსარბიელზე ერთი გუნდიც არ გასულა. რაგბშიც ასეა.

არადა, სპორტის ამ სამ სახეობაში თითო გუნდში რომ შეგვეკრიბა საქართველოში გამორჩეული სპორტსმენები და ევროტურნირებზე გაგვეყვანა, იცით რაოდენ დიდ გამოცდილებას მიიღებდნენ?

ევროპის ძლიერ კლუბებთან "ჭიდაობაში" გამოწვრთნილი მოთამაშეები კი ნაკრებსაც გაცილებით მომზადებულები შეუერთდებოდნენ და საქმეც
დაიძვრებოდა...

მაგრამ ისევდაისევ უფულობის გამო, დიდი ხანია, ჩვენი საფეხბურთო გუნდები სექტემბრამდე ამთავრებენ ევროეპოპეას.

ამის შემდეგ რა გასაკვირია, 1981 წელს ტკბილად რომ ვიხსენებთ. ჩვენ კი არა, რუსებიც სიამოვნებით იგონებენ 30 წლის წინანდელ თბილისის "დინამოს". რატომღაც ახლა აღმოვაჩინე 2011 წლის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც კომენტატორი ვასილი უტკინი თბილისელებს "ბარსელონას" ადარებს.

2011-ში კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერი" დაამარცხეს და როცა თასის ასაღებად ტრიბუნაზე ავიდნენ, უტკინმა გაიხსენა: "ოდესღაც... 30 წლის წინათ, ასევე უხაროდა თბილისის "დინამოს", რომელიც სხვათა შორის, სწორედ ისე თამაშობდა, როგორც "ბარსელონა".

იმავე ფასეულობებით, როგორითაც დღეს "ბარსა"... როცა დინამოელებმა თასების თასი აღმართეს, დიდმა კომენტატორმა კოტე მახარაძემ თქვა: წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისშიო. ამ სიტყვების შემდეგ მას კედლის მიღმა არაერთი წინააღმდეგობა შეხვდა... ხოლო, რაც ახლა ხდება ქალაქ ბარსელონაში, იოლი წარმოსადგენია..."

თუ მოგონებაა, მოგონება იყოს. აი, რა დაწერა საიტ "სოვეტსკაია კლადოვკაში" ერთმა რიგითმა რუსმა ჟურნალისტმა:

"გამოგიტყდებით, თბილისის "დინამოსადმი" გულგრილი ბავშვობიდან არ ვყოფილვარ. 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისში, როცა "დინამო" საბჭოეთსა და ევროპაში ბრწყინავდა, ჩემს ოჯახში, რატომღაც, ყველა ამ გუნდს ქომაგობდა.

პაპა, მამა, ბიძა თბილისელებს განსაკუთრებით მოსკოველთა წინააღმდეგ გულშემატკივრობდნენ. რატომ? - არ ვიცი.

არც ქართული ფესვები გვაქვს და არც საქართველოში ვიცნობ ვინმეს. იქნებ, "დინამოს" თამაში ატყვევებდა იმათაც კი, ვინც თბილისში ერთხელაც არ ყოფილა?"

იქნებ, ისევ "დინამომ" მოახერხოს რუბიკონის გადალახვა?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ტორპედოს ფანი ვარ, მაგრამ შენ მაინც რაღაცა შეუდე ამ ევროპას, დინამო
Georgi
00:34 07-07-2013
0
ვაჰ დრონი, დრონი, ფედერაციამ მკვდარი გუნდების ქაჩვას კი არა, ბავშვთა ფეხბურთს მიხედოს სჯობია.
dalesi
17:36 06-07-2013
0

სიახლეები პოპულარული