გიორგი დემეტრაძე
დაიბადა 1976 წლის 26 სექტემბერს
საკლუბო კარიერა:
თელავის "კახეთი" (1992-94)
თბილისის "დინამო" (1994-97)
როტერდამის "ფეიენოორდი" (1997-98)
ვლადიკავკაზის "ალანია" (1998-99, 2002, 2005)
კიევის "დინამო" (2000-01)
სან-სებასტიანის "რეალ-სოსიედადი" (2001)
მოსკოვის "ლოკომოტივი" (2002)
დონეცკის "მეტალურგი" (2003-05, 2006-07)
თელ-ავივის "მაქაბი" (2006)
კიევის "არსენალი" (2007-08)
"ბაქი" (2008-09)
ცხინვალის "სპარტაკი" (2010)
სანაკრებო კარიერა:
საქართველოს ეროვნული ნაკრები (1996-2007): 56 მატჩი, 12 გოლი
ტიტულები:
საქართველოს სამგზის ჩემპიონი და სამგზის თასის მფლობელი; უკრაინის ორგზის ჩემპიონი;
საქართველოს (1997), რუსეთისა (1999) და უკრაინის (2004) ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი.
რამდენიმე დღის წინ თბილისში ამხანაგური მატჩი ჩატარდა: თბილისის "დინამო" თავის ძველ მეტოქეს, მოსკოვის "დინამოს" დაუპირისპირდა. ამ შეხვედრის გასაშუქებლად მოსკოვიდან ოცზე მეტი ჟურნალისტი ჩამოვიდა საქართველოს დედაქალაქში და ერთ-ერთმა მათგანმა ინტერვიუ ჩამოართვა ახლო წარსულში ცნობილ ქართველ ფეხბურთელს გიორგი დემეტრაძეს.
ეს ინტერვიუ 9 ივლისს გამოქვეყნდა პოპულარულ და მრავალტირაჟიან რუსულ გაზეთ "სპორტ-ექსპრესში".
გთავაზობთ ამ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს.
- ძალიან გამხდარი მეჩვენებით. წონაში რამდენით დაიკელით?
- ათი კილოგრამი. რაც ციხიდან გამოვედი, ექვსი თვე გავიდა და ვცდილობ, ეს წონა შევინარჩუნო.
- ციხის ის საკანი, სადაც თქვენ იმყოფებოდით, რამდენ პატიმარზე იყო გათვლილი?
- თავდაპირველად ექვსკაციან საკანში ექვსნი ვიყავით; თუმცა ამის მერე განსაკუთრებულ ციხეში ("დახურულში") გადამიყვანეს, სადაც ჩემ გვერდით სასჯელს იხდიდნენ 25-35-წელიწადმისჯილი პატიმრები (იყვნენ სამუდამოპატიმრობამისჯილებიც). იქაც ექვსადგილიანი საკნები იყო, მაგრამ სამჯერ მეტნი ვცხოვრობდით. ბოლო ოთხი თვე კი "ზონაში" გავატარე, სადაც ბევრად უკეთესი პირობებია: ფეხბურთს ვთამაშობდი, ტელევიზორს ვუყურებდი...
- როდის და რატომ დაგაკავეს?
- 2010 წლის 7 ივლისს 30-მდე შეიარაღებულმა კაცმა სასტიკად მცემა, არადა, წინააღმდეგობის გაწევა არც მიცდია. წამიყვანეს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში და "შემოთავაზება" მივიღე: ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას თუ მივცემდი და საკუთარ დანაშაულს ვაღიარებდი, მაშინვე გამათავისუფლებდნენ.
- შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
- გადამიყვანეს ციხეში, სადაც იმავეს მთავაზობდნენ და მეუბნებოდნენ, ჩვენთან თუ ითანამშრომლებ, სასამართლოს დარბაზიდანვე გაგათავისუფლებთო. მე კატეგორიულ უარს ვაცხადებდი და ამისათვის 2011 წლის მარტში ექვსწლიანი პატიმრობა შემიფარდეს.
- რაში გადანაშაულებდნენ?
- ადამიანი თუ რაიმე კრიმინალს ჩაიდენს, ამაზე პასუხიც უნდა აგოს. მე კი იმის გამო დამსაჯეს, თითქოს "ქურდულ სამყაროსთან" მქონდა კავშირი. ყველა ინსტანციაში გავასაჩივრე, მაგრამ განაჩენი ძალაში დატოვეს. ეს მერე იყო, ჩვენი ქვეყნის გადარეულმა პრეზიდენტმა სამჯერ რომ დააპირა ჩემი შეწყალება, მაგრამ ამაზე მე ვამბობდი უარს! არ ვიყავი დამნაშავე და შესაწყალებელი რა მჭირდა? ბოლოს ჩემს სასჯელს 2 წელიწადი ჩამოაკლო. მსგავსი ფაქტი საქართველოში იშვიათად თუ მომხდარა.
- საქართველოში ადრე თუ ყოფილა შემთხვევა, როცა ცნობილი ფეხბურთელი დაუპატიმრებიათ?
- თუ არ ვცდები, პირველი ვარ. ამით ყველას დაანახვეს, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყავი, მსახიობი, ფეხბურთელი, მათ გვერდით თუ არ დადგებოდი, მტერი იყავი! იცით, რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს: ხალხს აწამებდნენ, ხოცავდნენ... გახსენებაც არ მინდა, რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა. ამიტომაც არ მივიჩნევ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტად, - თავისი ქვეყნისთვის იმდენი ცუდი გააკეთა, ისტორიის განმავლობაში არც ერთ გარეშე მტერს რომ არ უქნია! ქართველი ხალხი რა დღეში ჩააგდო...
- ციხეში ყოფნის დროს "გარე სამყაროს" როგორ ეკონტაქტებოდით?
- ყველაფერი ისმინებოდა, მათ შორის, ადვოკატთან შეხვედრისას საუბარიც; იმავეს ვიტყოდი იმ შემთხვევებზე, როცა საკუთარი მოძღვარი მაკითხავდა.
- პატიმრობისას ყველაზე რთული რა იყო?
- იმასთან შეგუება, რომ სულ ჩაკეტილ საკანში უნდა ვყოფილიყავი; თუმცა ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, როცა ჩემ გვერდით თუ ჩემ თვალწინ პატიმრებს აწამებდნენ და ისე სცემდნენ, ლამის სასიკვდილოდ იმეტებდნენ.
- თქვენ ხელს არ გახლებდნენ?
- ალბათ, ერიდებოდათ...
- კვება როგორი იყო?
- პატიმრებს სპეციალური ბარათები გვქონდა და ციხის მაღაზიიდან საკვების გამოტანა შეიძლებოდა. თუმცა, როცა "დახურული ტიპის" დაწესებულებაში გადამიყვანეს, ეს ბარათებიც დამიბლოკეს და ტელეფონით სარგებლობის საშუალებაც ამიკრძალეს, - ციხის უფროსთან კამათი მომივიდა და ასე დამსაჯეს. წარმოიდგინეთ: ოთხი კვირის განმავლობაში ყველანაირ ჰიგიენურ ნივთს (ტუალეტის ქაღალდი, კბილის ჯაგრისი...) ვიყავი მოკლებული...
- ნათესავებსა თუ მეგობრებს თქვენი მონახულების უფლება ჰქონდათ?
- თვეში - ორჯერ. რაც შეეხება სატელეფონო საუბარს, ორ კვირაში ერთხელ - 15 წუთით. მახსოვს, ერთხელ კახა კალაძეს ვურეკავდი და კავშირი მაშინვე გაწყდა! როგორც კი საკანში შევბრუნდი, 20 ადამიანი მაინც მომყვა უკან: "კალაძეს რატომ ურეკავდი? რა უნდა გეთქვა?.."
- კალაძე იმ დროს ოპოზიციაში იყო?
- ასეა და ღმერთის წყალობით, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა!
- მაინც რატომ დაისაჯეთ ასე სამაგალითოდ?
- იმიტომ, რომ ვერ ვიტანდი მაგ რეჟიმს, მუდამ სიმართლეს ვამბობდი და იმის გამოც, რომ კალაძესთან ვმეგობრობდი...
- როცა "ზონაში" გადამიყვანეს, ფეხბურთს ვთამაშობდიო, ზემოთ ახსენეთ...
- არ იყო ცუდი მოედანი - მოსწორებულ ასფალტზე ვთამაშობდით...
- ასფალტზე?
- ჰო, ოღონდ კარგი ხარისხის ასფალტიან მოედანზე! მოთამაშეებიც ურიგო არ გახლდნენ: აი, მაგალითად, ჩემთან ერთად იხდიდა სასჯელს თბილისის "დინამოს" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ რატიანი. თუმცა მთელი ქართული ელიტა ციხეში არ იჯდა?!.
- გათავისუფლების შემდეგ რა გრძნობა დაგეუფლათ?
- ორი-სამი თვე გონზე მოვდიოდი, - ციხის მერე არ არის ადვილი, ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს შეეგუო; უფრო სწორად, ქართული ციხის მერე! იცით, იქ, ჩემთან ერთად ისეთებიც იყვნენ, ევროპაში, რუსეთსა თუ უკრაინაში რომ მსხდარან ციხეში, მაგრამ ისეთი სისასტიკე, როგორიც ქართულ საპატიმროებშია, არსად უნახავთ...
- ციხეში, ალბათ, ბევრ მეგობარსაც შეიძენდით...
- რა თქმა უნდა. სხვათა შორის, იმდროინდელ მსჯავრდებულთა 70-80 პროცენტი სრულიად უკანონოდ იყო დაპატიმრებული: ზოგს ბიზნესი წაართვეს, ზოგი მიწას ფლობდა - ჩამოართვეს და ასე შემდეგ...
* * *
- კახა კალაძის გაცილების მატჩში გოლი გაიტანეთ. არადა, პენალტი შოთა არველაძემ მოიპოვა, თუმცა მერე ბურთი თქვენ გადმოგცათ...
- ჰოდა, ამისათვის მადლობა შოთას! ძალიან მინდოდა გოლის გატანა - ამდენი ხნის განმავლობაში არ მითამაშია. სამი წელიწადი ნამდვილი საფეხბურთო მოედანი არ მინახავს და აი, კალაძის გაცილების მატჩი მართლაც საფეხბურთო ზეიმად გადაიქცა. აღარც მახსოვს, როდის მოვიდა ამდენი გულშემატკივარი "დინამოს" სტადიონზე. არადა, ქართველ ქომაგს ნამდვილად მოენატრა დიდი ფეხბურთის ხილვა.
- კალაძე ბოლომდე თქვენ გვერდით იდგა...
- ჩემთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ცდილობდა, ყველა დაერწმუნებინა ჩემს უდანაშაულობაში; თუმცა ამ გადარეულ პრეზიდენტს ვერავინ ვერაფერში დაარწმუნებს. კიდევ კარგი, ახალი მთავრობა მოვიდა და ხალხმაც ამოისუნთქა, ერთმანეთს უღიმიან და ერთმანეთში რაზეც უნდათ, იმ თემებზე საუბრობენ. ადრე ეს შეუძლებელი იყო - თბილისშიც და, საერთოდ, საქართველოშიც.
- დღესდღეობით ფეხბურთთან რაიმე გაკავშირებთ? ან აპირებთ თუ არა ამ სფეროში საქმიანობას და რა ფორმით?
- ჯერჯერობით კვლავაც ვისვენებ; აი, ფეხბურთში რა სტატუსით დავბრუნდები, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. სამწუხაროდ, დღევანდელ ქართულ ფეხბურთში არასახარბიელო სიტუაციაა - თბილისის "დინამოს" გარდა, ფული არც ერთ კლუბს არა აქვს.
- თქვენი საფეხბურთო კარიერით კმაყოფილი ხართ?
- მთლიანობაში, რატომ არ უნდა ვიყო კმაყოფილი? ვითამაშე რუსეთსა და უკრაინაში. პირველი ქართველი ვარ, ვინც ესპანეთში ასპარეზობდა.
- კლუბებს ძალიან ხშირად იცვლიდით; ხომ არ სჯობდა, სადმე დიდხანს გაჩერებულიყავით, აი, თუნდაც "ალანიაში"?
- ახლა ადვილია ამაზე მსჯელობა. ისე კი, გეტყვით, რომ რუსეთში "ალანიას" ვქომაგობ, უკრაინაში - დონეცკის "მეტალურგს".
- თანამედროვე ფეხბურთი შეიცვალაო, - ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- ფეხბურთი ცოტა მოსაწყენი გახდა: ზოგიერთი ინდივიდუალისტის, აი, მაგალითად, მესის, კრიშტიანო რონალდოსა და კიდევ ერთეულების გარდა, თითქოს ყველა ერთმანეთს წააგავს. იშვიათობაა დრიბლინგისა და ფინტების ხილვა, აი, მაგალითად, მე არ მინახავს ფეხბურთელი, მიხეილ მესხის ფინტის გამეორება რომ შეეძლოს.
- კარიერის გაგრძელებას არ აპირებთ? აი, მაგალითად, ედუარდ სტრელცოვი ციხის მერე დიდ ფეხბურთს წარმატებით დაუბრუნდა...
- სამი წელიწადი გამიცდა და ასე რომ, ამ თემას სერიოზულად არც განვიხილავ. რაც შეეხება სტრელცოვს, ეგ ფაქტი მეც გამიგონია, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის სასჯელს ქართულ საპყრობილეში არ იხდიდა...
- ალბათ, გაიგებდით, რომ გაერთიანებულ ლიგაზე სერიოზული მსჯელობა მიდის. როგორ ფიქრობთ, ეს პროექტი გაამართლებს?
- რთული საკითხია, თუმცა ტურნირის მიმართ ინტერესი იქნება: რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსეთისა და უკრაინის რვა-რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თბილისის "დინამოს" იქ არ ეპატიჟებიან, არადა, შეიძლებოდა ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, ბელორუსული გუნდების მიწვევაც. რუსულ-უკრაინული ლიგა თუ შეიქმნება, ეს ჩემპიონატი ძალიან ძლიერი გახდება, მაგრამ იქ ვერმოხვედრილი გუნდების დონე დაეცემა, ისე, როგორც, საერთოდ, ფეხბურთის დონე ამ ორ ქვეყანაში.
- ქართული საკლუბო ფეხბურთის დონე როგორია?
- გულახდილად გეტყვით: ძალიან დაბალი! თბილისის "დინამოს" გარდა, ნორმალურ გუნდს ვერ ვხედავ. იყო "ზესტაფონი", მაგრამ ფაქტობრივად, დაიშალა, - ალბათ, ფინანსური კრიზისის გამო. ქართულ საკლუბო ფეხბურთში ფულის დაბანდებას ყველა ერიდება. თანაც, წლები გადის და უფრო და უფრო უარესი თაობა მოდის. ოღონდ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი, ნამდვილად არ ვიცი...
ალექსანდრ ბობროვი
09 ივლისი, 2013. Спорт-Экспресс
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მადლობა, კახა! [VIDEO]
გიორგი დემეტრაძე: "ბარსელონას" მერე სხვა მატჩები ცოტა ძნელი საყურებელია [VIDEO]
[ექსკლუზივი] გიორგი დემეტრაძე: უნამუსო არ ვარ, 36 წლისამ ვითამაშო
გიორგი დემეტრაძე გაათავისუფლეს [VIDEO]
გიორგი დემეტრაძე: სააკაშვილს ციხეში ადგილი გამზადებული აქვს - "საქათმეში"
ერთი კვირის ათასი წვრილმანი: შენახული ენერგია