კვირის 1000 წვრილმანი: რა დილა თენდება

AutoSharing Option
ესეც პასუხი კითხვაზე, რატომ იყო აუცილებელი "დილასთვის" ორი მილიონის გამოყოფა - სამი უპასუხო ბურთი დანიელებს!

"დილას" წარმატება "ოლბორგთან" პირველ შეხვედრაში, არ ყოფილა ერთი-ორი დღის მუშაობის შედეგი. ამ კლუბის აღორძინება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მოხდა, მილიონობით ლარი დაიხარჯა, რათა უცხოეთში გაბნეულ ქართველ ფეხბურთელებს "დილაში" მოეყარა თავი, მოწვეულნი იყვნენ ლეგიონერებიც.

მერე ვითარება შეიცვალა, ითქვა ის, რის თქმასაც ადრე ვერ ბედავდნენ: რატომ მხოლოდ "დილას"? თუ სახელმწიფო ფულს საკლუბო ფეხბურთზეც ჩამოდის, თანხა თანაბრად უნდა განაწილდეს!

ამ ეტაპზე თანაბრობა არ გამოვიდა და "დილას" მისცეს
ორი მილიონი. შედეგიც ვნახეთ - "დილამ" დაამტკიცა, რომ ევროპული გუნდის დამარცხება საქართველოს ჩემპიონატის მეორეადგილოსანს შეუძლია.

გიორგი დევდარიანი კი მწვრთნელია, რადგან იცის, თუ როგორ ააწყოს გუნდი. არავინ იცის, როგორ დაასრულებს "დილა" წლევანდელ ევროსარბიელზე გამოსვლას, მაგრამ დევდარიანს რომ აქვს მწვრთნელობის განსაკუთრებული მუღამი, ვგონებ, საკამათო არ უნდა იყოს.

მწვრთნელი თუ გუნდი ერთი თამაშით არ ფასობს და "ოლბორგთან" 3:0 არ უნდა იყოს ეიფორიის საბაბი. უბრალოდ, ასეთ რამეს რომ გააკეთებ, ეს უკვე საქმეა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



ისევე როგორც ყველა გუნდი, "დილაც" მეკარით იწყება: ნუკრი რევიშვილმა "ოლბორგთან" მატჩის პირველ ტაიმში ორჯერ იხსნა გუნდი, რომ არა მისი ჩაუქობა, ვინ იცის, რა მოხდებოდა.

მამუკა კობახიძე 20 წლის კი გახლავთ, მაგრამ საერთაშორისო გამოცდილება უკვე აქვს, ევროტურნირზე შარშანაც ითამაშა, როცა "ზესტაფონის" ფეხბურთელი იყო. "ოლბორგთან" კობახიძეს თამაშს წუნს ვერ დაუდებდით.

ოთარ ხიზანეიშვილი დაცვაში ლიდერივით გაისარჯა და ამით ყველაფერი ნათქვამია.

გულვერდ თომაშვილიც საიმედო იყო და დაცვის შედუღაბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

კახა ალადაშვილი მარჯვენა ფლანგზე და გიორგი გურული მარცხნივ - მეტი აგრესია სასურველი კი იყო, თუმცა საერთო ჯამში "დილამ" ამ სეგმენტშიც რიგიანად ითამაშა.

ლაშა გვალიას ასეთი ეფექტური თამაში პირველ რიგში ალბათ "ოლბორგისთვის" იყო სიურპრიზი.

დავით ბოლქვაძეს ნაკლები წუნი რომ ჰქონოდა გადაცემებში, უკეთესი იქნებოდა, თუმცა მთლიანობაში მისი გარჯაც დადებითად უნდა შეფასდეს.

პირველი გოლი "დილამ" გრიგოლ დოლიძის ჩაწოდებით გაიტანა. დოლიძეს უფრო ეფექტურადაც შეუძლია თამაში, თუ ფლანგზე სივრცეს შეუქმნიან.

გიორგი ილურიძე ჩინებულად მოქმედებდა, ერთხელაც დაამტკიცა, რომ ძალიან საინტერესო ფეხბურთელია.

ირაკლი მოდებაძეზე ქების მეტი არაფერი ითქმის.

მიხაილ გორელიშვილი - "ოლბორგთან" ისეთები ჩაატარა, მისგან ამაზე ნაკლებს აღარ ველით.

გიორგი აბურჯანია - კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ საქართველოს ნიჭიერი ფეხბურთელები სულ ეყოლება, მთავარია, ხელშეწყობა და სწორი განვითარება.

რატი ალექსიძე - ის კიდევ იტყვის თავის სიტყვას "დილაში".

აი, სწორედ ამ ყველაფრისთვის არის საჭირო ორი მილიონი და უფრო მეტიც.

* * *
თუ რამ სასწაული არ მოხდა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მოწინააღმდეგე ბუქარესტის "სტიაუა" იქნება. შეიძლება ითქვას, რომ "დინამოს" და "სტიაუას" ერთნაირი ისტორია აქვთ - ორივე სახალხო, ქვეყნის გუნდი იყო და ორივეს პოლიტიკური ელიტა მართავდა.

ფარერულ "სტრეიმურთან" დინამოელებმა გაილაღეს, ნამდვილი ძალა კი "სტიაუასთან" გამოჩნდება - ამ "დინამოს" აქვს ყველა წინაპირობა, რომ რუმინელებს ტოლ-სწორად ეთამაშოს.

ფარერებთან პირველი მატჩი ყველაზე უფრო ალბათ იმით იყო საინტერესო, თუ რამდენად ნაყოფიერი ტრანსფერები განახორციელა "დინამომ".

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



23 წლის ელგუჯა გრიგალაშვილი გამორჩეული იყო ქუთაისის "ტორპედოში" და ეს არც უმცროს დუშან უჰრინს გამოეპარებოდა. "სტრეიმურთან" შეხვედრაში გრიგალაშვილი ისე ეფექტურად ჩაერთო, რომ ყველა კითხვა მოხსნა - ის "დინამოს" გამოადგება.

ელგუჯა გრიგალაშვილს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში და შუა ხაზის ცენტრშიც, ტექნიკურია, დირიჟორის თვისებებიც აქვს და დაცვით ფაზაშიც ძლიერია, ორთაბრძოლებს თითქმის არასდროს აგებს.

კოტდიუვარელი პატრიკ ვოუც ჩინებულად გაისარჯა ფარერებთან, თუმცა ამ თავდამსხმელს თავისი ჯერაც დასამტკიცებელი აქვს საქართველოში.

როგორც უნდა იყოს, "დინამოსგან" ყველა მეტს მოელის. 2004 წელს ეს გუნდი უეფას თასის ჯგუფში გავიდა და იქნებ ცხრა წლის შემდეგ გაიმეოროს მსგავსი წარმატება.

ღმერთმანი, საინტერესო აგვისტო გველის!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]
დინამო-სტრეიმური 6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული