დავით ქლიბაძე - მიზანი მეათე მუნდიალი და ფილმი ქართულ ფეხბურთზე

AutoSharing Option
"ლელოს" რუბრიკის სტუმარი ყველასთვის ცნობილი ქართველი ჟურნალისტი დავით ქლიბაძეა.

იგი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე და ქართველ ტელემაყურებელს იმ დროისთვის მიუწვდომელი საფეხბურთო და სპორტის სხვა სახეობათა ჩანაწერებით ანებივრებდა.

"სპორტული კალეიდოსკოპი", "45 წუთი", "დრიბლინგი" - ეს გადაცემები სტაჟიან ქომაგებს ძალიან კარგად ახსოვთ.

ქლიბაძე მსოფლიოს 9 და ევროპის ამდენივე ჩემპიონატზეა ნამყოფი.

"ჩემი მიზანი ამ მაჩვენებლების ათამდე გაზრდაა", - გვითხრა რესპონდენტმა, რომლის ნაამბობიცა და მოსაზრებებიც მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს.

დებიუტი
1957 წელს გაზეთ "ლელოს" პუბლიკაცია გავუგზავნე, რომელიც რედაქციამ შემოკლებულ
ვარიანტად გამოაქვეყნა რუბრიკით - "ეს სასარგებლო იქნება".

ჩემი იდეა იყო, თბილისის "დინამოს" ყველა მატჩი კინოფირზე გადაეღოთ, რათა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს მისი ნახვისა და გაანალიზების საშუალება მისცემოდათ. ეს ინიციატივა მოგვიანებით მაინც განხორციელდა.

გარკვეული ხანი რადიოში ვიმუშავე, რის შემდეგაც ტელევიზიაში გადავინაცვლე. მოსკოვსა და საბჭოთა კავშირის სხვა დიდ ქალაქებში არაერთი მეგობარი და კოლეგა მყავდა, რომლებიც უნიკალურ ჩანაწერებს მაწვდიდნენ.

ქართველ მაყურებელს ვუჩვენე საკალათბურთო თბილისის "დინამოს" მატჩი 1968 წელს, როცა ჩვენი გუნდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ჩემპიონთა თასის ფინალი, სადაც "მილანმა" "აიაქსი" 4:1 დაამარცხა, NBA-ს ფინალური მატჩი "ბოსტონ სელტიქსსა" და "ცინცინატი როიალსს" შორის. ამ უკანასკნელმა საქართველოში განსაკუთრებული ფურორი მოახდინა...

ფეხბურთის ორი ბურჯი
ასეთებად ბორის პაიჭაძე და ეროსი მანჯგალაძე მიმაჩნია. პირველმა მათგანმა ქართველებს ფეხბურთი შეაყვარა, მეორემ კი თავისი რეპორტაჟებით ფეხბურთი სახალხო თამაშად აქცია.

რასაკვირველია, არ ვაკნინებ სხვა ქართველი ფეხბურთელებისა და კომენტატორების დამსახურებას. კოტე მახარაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ 1976-81 წლების თბილისის "დინამო" მთელ საბჭოთა კავშირში პოპულარული გუნდი იყო.

სამწუხაროდ, ახლანდელი კომენტატორების შესახებ დადებითს ვერაფერს გეტყვით. მირჩევნია, ტელევიზორს ხმა გავუთიშო და ფეხბურთს ასე ვუყურო...

2002 წლის მუნდიალის მერვედფინალისას, როცა ბრაზილია ბელგიას ეთამაშებოდა, საქართველოს ტელევიზიას ტელეფონით ჩავერთე.

ამ დროს ბრაზილიამ ანგარიში გახსნა და ბრაზილიელმა კომენტატორებმა გოლი ჩვეული ემოციით აღნიშნეს. ეს ხმები ქართველ მაყურებელს მოვასმენინე და მას შემდეგ ხალხი ტელევიზიაში რეკავდა, ისევ ბრაზილიელი კომენტატორები მოგვასმენინეთო.

საზღვარგარეთ იშვიათია, როცა მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი ორ ჟურნალისტს მიჰყავს. საჭიროების მიხედვით, ორიდან ერთი კომენტატორი, როგორც წესი, ან მოქმედი ფეხბურთელია, ან ვეტერანი მოთამაშე, ანაც მსაჯი.

ცხრა მუნდიალი და ცხრა ევროპა
ჩემი პირველი საზღვარგარეთული ვოიაჟი 1967 წელს შედგა. ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატზე მიმავლინეს. 1974 წელს რომში ვიყავი, მძლეოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ვიქტორ სანეევმა ოქროს მედალი მოიპოვა.

1978 წლიდან მოყოლებული კი მსოფლიოსა და ევროპის არც ერთი საფეხბურთო ჩემპიონატი გამიცდენია. 1990 წლის მუნდიალამდე ტურნირს დაახლოებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვესწრებოდი ხოლმე, რის შემდეგაც მსოფლიოს ჩემპიონატს თავიდან ბოლომდე ვაშუქებდი. მხოლოდ სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე არ მინდოდა წასვლა და იქ ბოლო 12 დღით ჩავედი.

რეკორდსმენი კი ნამდვილად არ ვარ. 1994 წელს, აშშ-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიცანი ურუგვაელი ჟურნალისტი დიეგო ლუსერო, რომელსაც 1930 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს ჩემპიონატი არ ჰქონდა გაცდენილი. იგი ღრმად მოხუცებული, 1995 წელს გარდაიცვალა.

დიდი ტურნირებიდან გავიხსენებდი ცუდი მსაჯობის არაერთ შემთხვევას, რამაც მატჩის შედეგზე გავლენა იქონია. ხშირად ჩაგრავდნენ პატარა საფეხბურთო ქვეყნებს. ამის საფრთხე საქართველოს ნაკრებსაც ემუქრება, თუ ფინალურ ეტაპზე გავა.

ბედნიერი ვარ, რომ ამდენი დიდი მატჩი ვნახე ცოცხლად. სატელევიზიო რეპორტაჟებით გულშემატკივარი ბევრ რამეს ვერ აღიქვამს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ტელევიზია ყალბ წარმოდგენას ქმნის ფეხბურთზე. ბევრი ფეხბურთელის ღვაწლი ეკრანზე არ ჩანს, ბევრის დამსახურება კი პირიქით, გადამეტებულად წარმოჩინდება.

რაც შეეხება ორგანიზაციულ მხარეს, საუკეთესოდ ორგანიზებულად იტალიაში გამართულ ტურნირებს მივიჩნევ - ევროპის 1980 წლის ჩემპიონატსა და 1990 წლის მუნდიალს.

ქართული ბიბლია გუტენბერგის მუზეუმში
სასიამოვნო მოგონებად დამრჩა გერმანიაში გადახდენილი ამბავი. 1995 წელს ქალაქ მაინცში გახლდით, სადაც მასპინძლებმა ცნობილი მეცნიერის, სტამბის გამომგონებლის, იოჰან გუტენბერგის მუზეუმში მიმიყვანეს.

მაჩვენეს პირველი ნაბეჭდი ბიბლია და სხვადასხვა ენაზე გამოცემული ბიბლიები. ქართული ბიბლია იქ ვერ ვიპოვე და გამოვთქვი სურვილი, რომ იგი მუზეუმისთვის მეჩუქებინა.

რამდენიმე თვის შემდეგ გერმანიაში საგანგებოდ ამ მისიით ჩავედი და მუზეუმს ქართული ბიბლია გადავეცი ჩვენი პატრიარქის მინაწერით. ასე შევიტანე მცირედი წვლილი გუტენბერგის მუზეუმის გამრავალფეროვნებაში.

მწვრთნელების შესახებ
მიმაჩნია, რომ მწვრთნელებად აუცილებლად მხოლოდ ყოფილი ფეხბურთელები უნდა მუშაობდნენ, სხვაგვარად, მწვრთნელი ვერ შეძლებს ფეხბურთის სულის აღქმას.

ჟოზე მოურინიო, რა თქმა უნდა, მაღალი დონის სპეციალისტია, მაგრამ ყოფილი ფეხბურთელი არაფრისდიდებით არ დაჩაგრავდა იკერ კასილასს, რომელსაც მოურინიომ სათადარიგოთა სკამზე ყურყუტით ცხოვრების ხალისი დააკარგვინა.

კასილასის სხვა მიღწევებს თავი რომ დავანებოთ, მან უდიდესი წვლილი შეიტანა ევროპის ბოლო ჩემპიონატის მოგებაში. რომ არა ხორვატიასთან მოგერიებული ურთულესი დარტყმა, ესპანეთის ნაკრები ჯგუფში ჩარჩებოდა.

გერმანული ფინალის ფასი
გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ძალიან გამიხარდა, ჩემპიონთა ლიგაში გერმანული ფინალი რომ ვიხილეთ. შემიძლია ვთქვა, რომ ამან ფეხბურთი გადაარჩინა.

"ბარსელონას" "ტიკი-ტაკა" არის სრული კატასტროფა და ამ მიმართულების დამარცხებით ფეხბურთმა მხოლოდ მოიგო.

რჩეული სამეული
დი სტეფანო, პელე, მარადონა - ასეთია ჩემი ფავორიტი ფეხბურთელების სამეული, ოღონდ იერარქიის გარეშე.

დი სტეფანოს უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს ფეხბურთში უნივერსალიზმი ფასობს. მას არაერთ პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით შეეძლო თამაში.

პელეს თამაში საკუთარი თვალით მინახავს და სიტყვები არ მყოფნის ამ გრძნობის გადმოსაცემად. საჯარიმოში კაცის მომტყუებელი ასეთი სხვა ფეხბურთელი არ მეგულება.

მიმაჩნია, რომ ბრაზილიას პელეს შემდეგ რონალდოს სიდიდის სხვა ვარსკვკლავი არ ჰყოლია. ზიდანი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, მაგრამ მისი გადაწყვეტილებების წინასწარ ამოცნობა მაინც შეიძლებოდა.

რაც შეეხება მესის, მან ჯერ არგენტინის ნაკრებში უნდა დაამტკიცოს თავისი სიდიადე. "ბარსელონაში" მას თავდამსხმელის კონკრეტული ფუნქცია აქვს და პასის მიმწოდებლებიც არ აკლია, ნაკრებში კი ნამდვილი ლიდერის ტვირთი უნდა ზიდოს, რასაც ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად ვუყურებ.

რაც შეეხება ქართველებს, რა თქმა უნდა, მესხისტი ვარ, მაგრამ პაიჭაძე მაინც უდიდესია. იგი ქართული ფეხბურთის მედროშე იყო.

უახლოესი მიზანი
საკმაო ხანია, ვმუშაობ დოკუმენტურ ფილმზე - "ეპიზოდები ქართული ფეხბურთის ისტორიიდან". ფილმი ოთხნაწილიანი უნდა იყოს: პირველი ნაწილი მოიცავს 1936-54 წლებს, მეორე - 1955-64 წლებს, მესამე - 1967-76, ხოლო მეოთხე - 1977-81 წლებს.

მასში სრულად იქნება ასახული თბილისის "დინამოს" ისტორია და ვფიქრობ, გულშემატკივართა დიდ ინტერესს გამოიწვევს. უკვე დიდძალი სამუშაო გავწიე, არქივებში არაერთი დღე გავატარე.

ჩემი ოცნება ამ ფილმის დასრულებაა და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
murtalo შენთვის მეტი დაბოლება უკვე აღარ შეიძლება, საშიშია
giorgi2
19:00 23-07-2013
0
ბევრ რამეში კატეგორიულად არ ვეთანხმები. საერთოდაც, ყოველთვის ჩვეოდა უაპელაციოდ და კატეგორიულად არასწორი რამეების მტკიცება, თუმცა ეგ არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ კარგი კაცია და ქართულ ფეხბურთს უდიდესი სამსახური გაუწია მრავალწლიანი პატიოსანი შრომით. წარმატებები ბ-ნ დავითს!
dudu
18:06 21-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული